„2012 წელს, როდესაც მივიღეთ ამნისტიის შესახებ კანონი და პოლიტპატიმრებად აღიარების შესახებ დადგენილება, ეს პარლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე გადაგვერჩინა. ადამიანები არჩადენილი დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს. ეს იყო დადასტურებული უამრავი გარემოებით. ამაზე მუშაობდა ძალიან დიდი კომისია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროცესი ძალიან გამჭვირვალე იყო. პარლამენტის შენობაში და კომიტეტში ხდებოდა თითოეული საქმის განხილვა-მოსმენა. ძალიან ბევრი არგუმენტის მოსმენის შემდეგ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ სხვა გადაწყვეტილება ამ ადამიანების მიმართ სამართლიანი მისაგებლის მიღებისა, უბრალოდ არ არსებობდა იმ ეტაპზე", - „აიპრესთან" საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე ალეკო ელისაშვილის მიერ შეწყალების კომისიაზე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებზე საუბრობს:
-ამ გადაწყვეტილებით ჩვენ გარკვეული პოლიტიკური განაჩენი გამოვუტანეთ „ნაციონალურ მოძრაობას". როდესაც საუბარია იმაზე, რომ 200-მდე ადამიანი ჰყავდა ყოფილ ხელისუფლებას პოლიტიკური საფუძვლით დაპატიმრებული, ეს არის წინა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოტანილი პოლიტიკური განაჩენი. იმ წუთიდანვე ცხადი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა. სამწუხაროა, რომ ამ შეფასებებს მიუერთდა ბატონი ალეკო ელისაშვილი და ქალბატონი ელისო კილაძე. განსახვავებას ვერ ვხედავ. რასაც ირმა ნადირაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და სხვები საუბრობენ, ზუსტად ის ტექსტებია.
-ალეკო ელისაშვილი კონკრეტულ ადამიანებს ასახელებს, ვისთან მივიდა და ვის მოუყვა ამის შესახებ. მათ შორისაა პრეზიდენტი, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, გიორგი ბადაშვილი...
-ძალიან კარგია, რომ გამოძიება დაიწყო პროკურატურამ. ელისაშვილი არჩეული დეპუტატია და როცა ის ასეთ რამეს აცხადებს, მყისიერად უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიება რაღაც შედეგს დადებს. თუ დადგინდა რომ ვინმეს ჩვენი გუნდიდან სხვა რაღაცა ინტერესები გააჩნია, რა თქმა უნდა, ეს დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანმა, ვინც შემხებლობაშია იმასთან, რაზეც საუბრობს ელისაშვილი. ამას სჭირდება გამოძიება. მაგრამ, თუ ელისაშვილი ცრუობს და ეს არის ბინძური ცილისწამება, რომელიც არ ვიცი, რაღაც პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, ან ვიღაცის დავალებით სრულდება, ან შეცდომაშია შეყვანილი ეს ადამიანი. ესეც გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაშინ მან უნდა აგოს პასუხი. მეტი სიმართლე არ არსებობს. ელისაშვილი ან არის მართალი, ან არ არის მართალი. თუ არ არის მართალი, ეს ცილისწამება არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს!
ის წელიწადნახევარია, რაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე აღარაა, თან იყო ჟურნალისტი. თუ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა, არ ვიცი, ამას საჯარო განცხადებები რატომ არ უნდა მოჰყოლოდა? რა გაუჭირდა, იგივე კომისიის წევრებთან ერთად, საჯაროდ მიემართა საზოგადოებისთვის და მაშინვე გაეხადა პროკურატურის მსჯელობის საგანი. წელიწადნახევარი ვისთან საუბრობდა, ეგ საერთოდ გაუმართლებელია.
-ამბობს, ვისთანაც საუბრობდა, პრეზიდენტთან და პროკურორთან.
- თუ მასზე ვიღაცა ძალადობდა, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვიღაცებმა ქრთამი აიღეს, ანუ მძიმე დანაშაულს ფარავდა? მე რა ვიცი, ვის რა უთხრა. მაშინ თინა ხიდაშელიც მალავდა, დათო უსუფაშვილიც ამ ყველაფერს?! ამას ახსნა არ აქვს. წელიწადნახევარი რატომ იყო ეს ადამიანი ასე ჩუმად და ახლა რატომ გახადა საჯარო ეს ყველაფერი, როცა შეიძლებოდა გასაჯაროება ამ ყველაფრის ძალიან სწრაფად და მყისიერად, როცა ეს ხდებოდა. მე მაქვს ეჭვი, პოლიტიკური მიზნებისთვის კეთდება ეს, ძალიან ცუდი მეთოდია ეს ყველაფერი.
შეწყალებასთან დაკავშირებით გეტყვით, დღე არ გავა, ამ თემაზე ჩვენ მსჯავრდებულებმა არ მოგვართონ. ნებისმიერ ჟურანალისტს შეუძლია მოვიდეს და ამოიღოს ის განცხადებები, რასაც პატიმრები ითხოვენ. რამდენ შუამდგომლობას ვაგზავნით, რამდენზე ვითხოვთ რეაგირებას, ნამდვილად არ დაგვიტოვებია არცერთი განცხადება რეაგირების გარეშე. ძალიან ბევრი ითხოვს სამართალს. არაერთ საქმეზე ბადაშვილისთვის, მანამდე კბილაშვილისთვის მიმიმართავს, შეიძლება მეილიც მიმიწერია, ამის ამოღებაც შეიძლება და ნახვაც. ადამიანების საქმეში გაყალბებული მტკიცებულებები როდესაცაა, დეპუტატის მოვალეობაა, პატიმრების უფლებების დაცვაზე ზრუნვა. ამას ხვალაც გავაკეთებ, ზეგაც და მანამდე, ვიდრე დეპუტატი ვარ.
წყარო: ipress.ge