ერთი წელი - თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი არჩევანის, ქუჩაში თავისუფლად გადაადგილების, ტელეფონზე ხმამაღლა და თამამად საუბრის - საპარლამენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა! შარშან, 1 ოქტომბერს, კოალიცია „ქართული ოცნება" სრული უმრავლესობით ქვეყნის მმართველ ძალად იქცა და პოლიტიკურ მარათონში ჩაება. შარშანვე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.
მალევე ქვეყანაში გაიჟღერა მანამდე უცნობმა სიტყვამ - კოაბიტაციამ. ტერმინი ფრანგულია და გვხვდება ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში. როგორიცაა, საფრანგეთის სისტემა, სადაც პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. ამგვარად, კოაბიტაცია ხდება ორმაგხელისუფლებიანობის გამო: არჩეული პრეზიდენტი და პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უნდა იყოს მისაღები, როგორც საკანონმდებლო ორგანოსთვის, ასევე პრეზიდენტისთვის.
ქართველმა საზოგადოებამ სიტყვა კოაბიტაციის მნიშვნელობა გაიგო, თუმცა, ვერ მიიღო. ხალხის აზრით, სამართლიანობა ვერ აღდგება, თუკი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებსაც არაერთი ბრალეულობა მიუძღვით საზოგადოების წინაშე, არ გასამართლდებიან.
ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ ქვეყნის აღმშენებლობა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის შემდეგ დაიწყება.
„ჯერჯერობით სამართალი კვლავ მიუღწეველია, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ არჩევნების მერე იქნებ სიტუაცია შეიცვალოს და დაიწყოს ის, რისთვისაც ხალხი 9 წელიწადი იბრძოდა. ჩვენ არ გვქონდა იმის იმედი, რომ ერთ წელიწადში ქვეყანა ისე დადგებოდა ფეხზე, გაჭირვებული ადამიანი აღარ იქნებოდა, მაგრამ პირველ რიგში ქვეყანაში უსამართლობა უნდა მოისპოს!" - განაცხადა ია მეტრეველმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირინა იმერლიშვილი „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ" კოაბიტაციით თავიდან აირიდა სამოქალაქო დაპირისპირება და მშვიდობით გააცილა წინა ხელისუფლება. არც პრეზიდენტს გამოუცხადეს იმპიჩმენტი და არც სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზები გამხდარან. ირინა იმერლიშვილი განვლილ ერთ წელიწადს მოკლე შეფასებას უკეთებს.
„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად, ამ რეგიონში პირველად - უსისხლოდ, ყოველგვარი რევოლუციის გარეშე მოხდა ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ინსტიტუტებისთვის, რომლებმაც ბოლომდე უნდა ამოწურონ თავიანთი ვადა. მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ვინმეს, მათ შორის ახალ ხელისუფლებასაც საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არის არჩეული, ბოლომდე ამოწურავს თავის ვადას ისევე, როგორც არჩეული პარლამენტისა და სხვა უწყებების ვადის ამოწურვამდე ყოფნაა მნიშვნელოვანი.
ამ ერთი წლის განმავლობაში პრობლემა იყო კოაბიტაციის პერიოდი. თუმცა, იმისთვის, რომ არ მივსულიყავით სამოქალაქო დაპირისპირებამდე, საჭიროდ ჩავთვალეთ გვეთანამშრომლა იმ ძალასთან, რომელიც არსებობდა. ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის, როცა არის ორხელისუფლებიანობა. სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ის გადავიდა ოპოზიციაში. წარმოუდგენელია პრეზიდენტი გადადიოდეს ოპოზიციაში თავის ხალხთან, იმიტომ, რომ ის თავისავე ხალხმა აირჩია. როგორც ჩანს, ის საკუთარ თავს თვლიდა მხოლოდ ერთი ძალის პრეზიდენტად და არა საქართველოს პრეზიდენტად. ამიტომაც გადავიდა ოპოზიციაში.
თვალშისაცემია, როდესაც ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული გახდა. აღარ იხარჯება მილიონობით ლარი გართობებსა და ზეიმებში. სწორედ დღეს, თვალსაჩინო იყო, როდესაც ჩვენ გამარჯვების ერთი წლისთავი ძალიან მოკრძალებულად და სიმბოლურად აღვნიშნეთ. ახალგაზრდებმა მთავარ გამზირზე ჩაიარეს. პრემიერი და საპრეზიდენტო კანდიდატი ერთად მიესალმნენ მათ. ეს დღე არ გვიქცევია სახალხო ზეიმად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნამდვილად გათავისუფლდა ბევრი წნეხისგან, ეს დღე სამუშაო დღე იყო ჩვენთვის.
ჩვენ შემოვიღეთ დაუბეგრავი მინიმუმი ადამიანებისთვის, შემოვიღეთ უფასო საბავშვო ბაღები, უფასო სახელმძღვანელოები, უფასო ფაკულტეტები, უფასო მშობიარობა, უფასო დაზღვევა. ადამიანები ვერც წარმოიდგენდნენ, ისეთ ოპერაციებს იკეთებენ.
ამის გაკეთება შევძელით ერთი წლის განმავლობაში. ფაქტია, რომ ქვეყანა უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაშია, კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, რომ უფრო მეტ ადამიანს შეეხოს ცვლილებები. ამას აუცილებლად შევძლებთ. თუკი ერთი წლის განმავლობაში შევძელით ამდენი, ოთხი წლის განმავლობაში ხალხი დაინახავს, რომ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში ცხოვრობენ", - აღნიშნავს ირინა იმერლიშვილი.
ეკონომიკურ სფეროში, რაზეც ქვეყნის სტაბილურობა დგას, მთელი წლის განმავლობაში არასტაბილური მდგომარეობა შეიმჩნეოდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრები წლის განმავლობაში ეკონომიკურ ვარდნაზე საუბრობდნენ. უმრავლესობის წევრები კი აცხადებდნენ, რომ ეს პრობლემა არსებობს, თუმცა, ქვეყანაში გარდამავალი პერიოდია და აუცილებლად გამოსწორდება. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, აკაკი ბობოხიძე არჩევნების შემდგომ ერთ წელს უარყოფითად აფასებს. მან „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკური ძალა სრულიად გათიშულია.
„ჩემი პირადი განცდა ასეთია და ღმერთმა ქნას, ვცდებოდე - პირველ ოქტომბრამდე საქართველოს ეკონომიკაში ამუშავებული „მოტორის" ხმა ისმოდა. პირველ ოქტომბერს ჯადოსნურმა ხელმა გადააბრუნა გასაღები და ეს „მოტორი" გამორთო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის ეკონომიკური ძალა არის გათიშული და სამწუხაროდ, ნელ-ნელა მიექანება უფსკრულისკენ. ნესბისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკა განსაზღვრავს ბევრ რამეს. ის სოციალური საკითხები, რომელიც თითქოსდა დადებითია და განახორციელა „ქართულმა ოცნებამ", გარწმუნებთ, ძალიან მალე დავიწყებას მიეცემა, როგორც კი მას არ ექნება შესაბამისი უზრუნველყოფა ეკონომიკის მხრიდან. ეკონომიკურად დაბეჩავებული ქვეყანა ხვალ და ზეგ ნებისმიერი მოძალადის ლუკმა იქნება." - საუბრობს აკაკი ბობოხიძე.
იგივე დამოკიდებულება აქვს დავით დარჩიაშვილსაც. საპარლამენტო უმცირესობის წევრი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში თვალშისაცემია შენელებული ტემპი, რაც ეტყობა ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს და გაჩერებულ პროექტებს. დავით დარჩიაშვილის აზრით, ახალმა ხელისუფლებამ ვერც სამართლიანობა აღადგინა, ვინაიდან მისთვის გაუგებარია, რატომ არიან დამნაშავეები ის ადამიანები, ვინც „ჩვენი სახელმწიფოს ფეხზე დადგომისთვის იბრძოდა და გარეშე მტერს უმკლავდებოდა, მათ შორის რუსეთის მიერ აბსოლუტურად გადაჭედილ სადაზვერვო სტრუქტურებს".
„ძალიან სწრაფი ტემპებით საზოგადოება, ინსტიტუტები უბრუნდება შევარდნაძისეულ ჩვევებს. რა თქმა უნდა, ასე თუ გაგრძელდა, ვიქნებით ქვეყანა, სადაც საბოლოო ჯამში შუქიც, ხელფასებიც და პენსიებიც გაქრება. აშკარად შეიმჩნევა მთელი რიგი ინსტიტუტების მოშვება, შენელებული ტემპები, ეს ეტყობა ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს, გაჩერებულ პროექტებს. საგარეო პოლიტიკა ცალკე თავსატკივარი გახდა. ბოლომდე ვერ გაუგიათ ჩვენს პარტნიორებს, რა საგარეო პრიორიტეტებს აყენებს პრემიერ-მინისტრი. პარლამენტში რომ დეკლარაცია მივიღეთ, დეკლარაციით ქვეყნები არ იმართება. იმედია, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ვისაც მართლა სურთ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რაიმე დასკვნებს გამოიტანენ. რითაც ტრაბახობენ - სამართლიანობა აღვადგინეთო, ეს სამართლიანობა კი არა, სამართლიანობის ფარსია. ვინც ამ სახელმწიფოს ფეხზე დადგომისთვის იბრძოდა და გარეშე მტერს უმკლავდებოდა, მათ შორის რუსეთის მიერ აბსოლუტურად გადაჭედილ სადაზვერვო სტრუქტურებს ებრძოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ისინი დამნაშავეები არიან და თუ ეს არის სამართლიანობის აღდგენა, არ ვიცი..." - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი, „ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია აფასებს ივანიშვილის ძალისხმევას და აღნიშნავს, რომ პრემიერმა ქვეყანას დიდი სამსახური გაუწია, როცა „ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა. ბაღათურია დასძენს, რომ ქვეყანაში, სხვა ყველა სფეროში სრული სტაგნაციაა. „ქართული დასის" ლიდერი „რეპორტიორთან" საუბრობს, რომ ქართველი ხალხი აფასებს ივანიშვილისა და კოალიციის შრომას, თუმცა, მათაც უნდა ისწავლონ ხალხისა და ოპოზიციური პარტიების ღვაწლის დაფასება.
„ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება, ერთმნიშვნელოვნად ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება იყო. როგორი უკმაყოფილოც არ უნდა იყოს საზოგადოება მმართველი ძალისა, მითუმეტეს, იცით, რომ მეც მწვავედ და კრიტიკულად ვარ განწყობილი მათ მიმართ, მაინც აღვნიშნავ, რომ ეს იყო ხალხის ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება. ამ დღის შემდეგ, ცალკეული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, პრაქტიკულად, გვაქვს სრული სტაგნაცია. სტაგნაცია გვაქვს ქვეყნის ეკონომიკაში, ეს სფერო არ ვითარდება, შეფერხებულია. სტაგნაცია გვაქვს სოციალურ სფეროში, ძალიან მძიმე სოციალური გარემო კიდევ უფრო დამძიმდა, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილები. საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ ვიტყვით, რომ წარმატებული ქვეყანა ვართ. ზედიზედ მარცხს განიცდის ქართული დიპლომატია. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ მმართველ პარტიას საგარეო სფეროში საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. შემიძლია გამოვყო ორი სფერო - პატიმართა უფლებები პენიტენციალურ სისტემაში. აქ აშკარად პროგრესია. შესაძლოა, იმდენად კატასტროფული სიტუაცია იყო, რომ ახლა დიდია კონტრასტი. თუმცა, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ იმას, რომ სუბარმა თავი აშკარად გაართვა ამ საქმეს. ასევე პროგრესია შინაგან საქმეთა სამინისტროში. ცალკეული შემთხვევების გარდა, ქუჩაში არ ხოცავენ ახალგაზრდებს. იყო თუმცა, ვისურვებდი რომ ქართულ პოლიციაში რეფორმები გაგრძელებულიყო.
ჯანდაცვის რეფორმაზე არ ვიტყვი რომ ჩავარდა, თუმცა, შესაძლებელია უფრო ეფექტურად წარმართულიყო. მართლმსაჯულებაში - სასამართლოში, პროკურატურაში უპრინციპოდ დიდი სტაგნაციაა. ამაში დამნაშავე არ არის კბილაშვილი, არამედ, საპარლამენტო უმრავლესობა. ჩავარდა სოციალური რეფორმები. ეკონომიკაში გვაქვს სრული სტაგნაცია, არ განახევრდა ტარიფები, როგორც შეგვპირდნენ და როგორც შესაძლებელი იყო. ინვესტიციები შეფერხებულია, იმიტომ, რომ პრემიერი ზედიზედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს. ისეთს, როგორიც ბავშვსაც არ ეპატიება. სტაგნაციას გამოსწორება უნდა და ეს შესაძლებელია პოლიტიკური წნეხითა და აქტიურობით. ივანიშვილს მეტი არ შეუძლია, რაც შეძლო ვაფასებთ. ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ მის და ამ კოალიციაში შემავალი თითოეული ადამიანის ღვაწლს, მაგრამ, თავადვე უნდა ისწავლონ ხალხის შრომის, ღვაწლის და სხვა პოლიტიკური პარტიების შრომის დაფასება. ის, რომ პირველ ოქტომბერს გაიმარჯვე, არ ნიშნავს იმას, მუდმივად ეს აყვედრო ხალხს, რამდენ საყვედურს გეტყვიან, იმდენი იძახო, ჩვენს პირველ ოქტომბერს გავიმარჯვეთო, გავიგე რომ გაიმარჯვეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ხალხმა მოგცათ", - ამბობს, ჯონდი ბაღათურია.
„ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის წევრის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი მიღწევა ძალოვანების დეპოლიტიზირებაა, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა 2004 წელს არ გამოიყენა ძალოვანები, ვინაიდან მაშინ არ დასჭირვებია. ლევან ვეფხვაძე საუბრობს, რომ ქართველ ხალხს არ აქვს გარანტია, სისტემას ვინმე თავისი პოლიტიკური მიზნით არ გამოიყენებს. ლევან ვეფხვაძე მიმდინარე ერთ წელს არც დადებითად, მაგრამ არც რადიკალურად უარყოფითად აფასებს.
„დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მიღწევა, ე.წ. ძალოვანების დეპოლიტიზირებაა. მაგრამ, ამ კუთხით პრობლემა არის ის, რომ სისტემა არ შეცვლილა! შეიძლება დღეს პოლიციას არავინ ავალებს, რომ რომელიმე პარტიის აქტივისტზე ზეწოლა მოახდინონ, მაგრამ მე გაგახსენებთ, რომ 2004 წელს, როცა სააკაშვილი ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში, პოლიცია არ ჩარეულა არჩევნებში. პოლიცია ჩაერთო მაშინ, როცა სააკაშვილს გაუჭირდა. მთავარი ის კი არ არის, პოლიცია ერთვება თუ არა, რადგან, შესაძლოა ახლა ფიქრობენ, რომ მარგველაშვილს არ უჭირს, მთავარი არის ის, რომ სისტემის ცვლილება არ მოხდა. იმის თქმა, რომ სისტემას ვინმე თავისი პოლიტიკური მიზნით არ გამოიყენებს, ამის თქმა რთულია.
ყველაზე ფუნდამენტური თემა, რომელიც სააკაშვილისა და შევარდნაძის დროს არსებობდა, ეს იყო არასწორად დათვლილი საარსებო მინიმუმი და ტყუილზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა. თუ სააკაშვილის დროს საარსებო მინიმუმი 157 ლარი იყო, ახლა გამოგვიცხადეს, რომ 142 ლარია. როგორ, ცხოვრება გაიაფდა?! სიტუაცია ხვალ და ზეგ უფრო გართულდება. ფუნდამენტურად უნდა მოხდეს საარსებო მინიმუმის გადათვლა. პრობლემა სოციალური პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ტყუილზე უარი არ ითქვა. ეკონომიკაში პრობლემა არსებობს, არჩევნების შემდეგ მოსალოდნელიც იყო ეკონომიკური პრობლემები. რამდენიმე დღის წინ შეიქმნა ფონდი, მაგრამ ეს ფონდი ორიენტირებულია მსხვილი ბიზნესის დაფინანსებაზე.
პრობლემაა მსხვილი და დიდი ჰესების მშენებლობა. ქართველებმა ერთხელ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ჰესების აშენებისა. 500 მეგავატიანი ჰესები ნიშნავს იმას, რომ ლეჩხუმი აღარ იარსებებს, სვანეთი აღარ იარსებებს და ა.შ.
იგივე სოფლის მეურნეობაში, მიიღეს კოოპერატივის კანონი, მაგრამ რისთვის მიიღეს არ ვიცი, იმიტომ, რომ არაფერი გაკეთებულა. ჩვენი პრობლემა სოფლად რა არის? მცირემიწიანი გლეხები ვაქციოთ ფერმერებად, დასაქმებულ, ხელფასიან ადამიანებად", - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე, „რეპორტიორთან" საუბარში.
საზოგადოების ამოსუნთქვა და თავისუფლების განცდა - ეს ის საკითხებია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია. გიორგი ვოლსკის შეფასებით, ერთი წლის მანძილზე რამდენიმე სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და
„ამ ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებამ ამოისუნთქა. თავისუფლების დიდი დოზაა საქართველოში. შეზღუდვა და შიში იმისა, რომ უსამართლოდ მოგექცევიან, შენზე იძალადებენ, თითქმის არ არსებობს. იქნება გარკვეული გადაცდომები, მაგრამ ადამიანი სახელმწიფოს წინაშე დაუცველი არ იქნება, ეს ფაქტია.
დღეს, პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებზე ვმსჯელობდით - რამდენად თვალსაჩინოა უამრავი საკითხი, რომელიც ხელოვნურად, პიარისთვის იყო წინ წამოწეული, კეთდებოდა არასწორი ანალიზი, უამრავი არასწორი ციფრი არსებობდა, შეუსაბამო იყო რეალობასთან, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა საუბრობს". მათი ხელისუფლების პერიოდში იყო გარკვეული პოზიტივები, წინსვლები, მაგრამ რის ხარჯზე? ძალიან დიდი დანაკლისი ჰქონდა სოციალურ სფეროს!
იგივე ჯანდაცვის საკითხები. სახელმწიფოს უმთავრესი და უპირველესი საზრუნავი ადამიანის ჯანმრთელობაა და ეს უკვე წარმოჩნდა, რამდენად მთავარი საკითხია ადამიანებზე ზრუნვა.
სოციალური თემები გახდა აქტუალური. მე არ ვარ პოლიტიკური ორიენტაციით სოციალისტი, მაგრამ ვხედავ, რამდენი ადამიანი გადარჩა სიკვდილს, ვინაიდან ჯანდაცვაზე ხელწვდომა გაცილებით მეტი აქვს. იმედი მაქვს, ხალხი კარგად დაინახავს სერიოზულ პლატფორმას, რომელმაც უნდა განაპირობოს ბიზნესისა და ეკონომიკის წინსვლა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შიდა არასტაბილურობა, საზოგადოებაში გაურკვევლობა, განაპირობებს იმას, რომ ინვესტიციებმა მოიკლო, თუმცა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს ახასიათებს. უშველებელი წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები და მრავალი ბიზნესი იქნება ქვეყანაში.
განათლების სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლაა. უამრავი ადამიანისათვის გახდა ხელმისაწვდომი განათლება, წიგნები. არის წინაპირობები უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. თითქოს დაამძიმა სიტუაცია ე.წ. მავთულხლართების გავლებამ, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების თემები უფრო ხელშესახებად და თვალსაჩინოდ რეალური გახდა. ეს საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. გაიხსნა ახალი ბაზარი რუსეთთან. ძალიან დავუახლოვდით და რეალური გახდა ევროპულ ოჯახში ჩვენი წევრობა. სერიოზული პერსპექტივა გვაქვს რუსეთთან პრობლემების მოგვარებისა", - საუბრობს „რეპორტიორთან" გიორგი ვოლსკი.
განვლილ ერთ წელიწადს, „რეპორტიორთან" საუბარში ექსპერტი, რამაზ საყვარელიძეც აფასებს. საყვარელიძე ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მავთულხლართების გავლების პროცესი შესაძლოა დადებითი კუთხითაც დაინახო. რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ამ ეტაპზე რუსეთი დიალოგისთვის მზად არის. მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი შესაძლოა საკმაოდ რთული იყოს, მთავარია, ბოიკოტის რეჟიმიდან ამ აზრზე დადგა. რამაზ საყვარელიძე გასულ ერთ წელიწადს დადებითად აფასებს.
„საკითხს ასე უნდა შევხედოთ - შეიცვალა თუ არა ის, რისი შეცვლაც ერთ წელიწადში იყო შესაძლებელი. მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილებები, პრაქტიკულად, ეს პრობლემა არ ყოფილა. დღეს, ძალიან ხშირად საუბრობენ სამართლიანობის აღდგენის პრობლემაზე და იმიზეზებენ კოაბიტაციის ევროპულ წნეხს. წვრილმანი ჩინოვნიკების დონეზეა პრობლემები.
საუბრობენ, რომ ეკონომიკა ცუდ დღეშია. ეკონომიკა ცუდ დღეში დიდხანს იქნება, ვინაიდან მას გარკვეული ციკლი სჭირდება. ჯერ პირველი მძიმე წელი, მეორე შედარებით უკეთესი და ა.შ.
საგარეო პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ნორმალურად მიდის საქმე. ევროპული კურსი იყო და დარჩა. საგარეო პოლიტიკაში ვერ ვხედავ ისეთ პრობლემებს, როგორც სამართლიანობის აღდგენაში. სხვა შიდა პრობლემებიც მოგვარდება.
ამ ეტაპზე გვყავს მთავრობა, რომელსაც რეაქციის უნარი არ აქვს. მძინარე მთავრობაა და არა მკვდარი. შენელებული რეაქციები აქვს. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, რომლის გადაწყვეტისთვის ერთი წელი არ არის საკმარისი. ამ მთავრობამ ბევრი პრობლემა მოგვაშორა. უცოცხო ხელისუფლება გვყავს და ეს უდავო პოზიტივია, რომელზეც არავის ენა არ მოუტრიალდება, მაგრამ მთავრობა ჯერ-ჯერობით იმ სპორტულ ფორმაში არ არის, რომ კმაყოფილი იყოს ადამიანი. ის ჯერ „ნეტარ ოცნებაშია", რაც ხშირად რეაქციის უნარს აკარგვინებს.
პრობლემური თემა იყო რუსეთთან ურთიერთობის შერბილება. რუსეთისგან პრობლემები ყოველთვის არსებობს, ეს რუსული ფენომენია. ამბობენ, ურთიერთობა შეარბილეს და ამიტომ გადმოწიეს საზღვარიო. როცა არ შეარბილეს, გადმოწიეს კი არა, მთელი ოცი პროცენტი წაიღეს და ზედ იურიდიული გაფორმებაც დააყოლეს. რუსეთთან, როგორც პარტნიორთან როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს, ამაზე თავად რუსეთს არ აქვს პასუხი. თუმცა, ის რომ დადებითი ელემენტების ამოკითხვა შეიძლება მიმდინარე პროცესებში, მგონი უდავოა. უბედურებაში ყოველთვის არის რაღაც ხელმოსაჭიდი. საზღვრის გადმოწევის ფაქტშიც არის ხელმოსაჭიდი. ხშირად ისმის კითხვა - რად უნდოდა საზღვრის გადმოწევა და ა.შ. როგორ გგონიათ, ტერიტორია აკლდა? ის, რომ მაინცდამაინც აფხაზეთი და ოსეთი უნდა, ღიმილის მომგვრელია. რუსულ კაპიტალს, დღეს, დასვენებისთვის აფახაზეთი არ სჭირდება, მითუმეტეს, რომ აფხაზეთში კომფორტის ის ხარისხი არ არის, რასაც რუსეთის ელიტა შეეჩვია. ასეთი ყოფითი მოტივებით პოლიტიკის ახსნა არც ქვეყანას და არც პოლიტიკურ წრეებს გამოადგება.
სამაგიეროდ, რუსეთს ახასიათებს ერთი რამ - ისეთი რაღაცების წართმევა პარტნიორისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის, რომელიც იქამდე წართმეული არ ჰქონდა. იმიტომ, რომ შემდეგ მისგან დაიწყო თხოვნა.
რუსეთი ხშირად იღებს იმას, რაც არ სჭირდება, თუ შეუძლია რომ აიღოს და ჩვენთან ეს შეუძლია. შემდეგ სადავოს ხდის იმას, რაც ადრე სადავო არ იყო. საზღვის გადმოწევამ გამიჩინა პოზიტიური მოლოდინი - ანუ, რუსეთი საქართველოსთან დიალოგს ელოდება. ამ საუბარში და დიალოგში რა თქმა უნდა ბრძოლა იქნება, არა მხოლოდ ყავის დალევა, მაგრამ პროგრესია, როცა რუსეთი ბოიკოტის რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმზე გადადის". - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
გასული ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა თუ რეფორმების შეფასებები უმრავლესობასა და უმცირესობაში, ექსპერტებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციისა, მრავალგვარია.
ფაქტია, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წინასაარჩევნო სლოგანში იყო - „გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია"!