ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი მირიან ნიკოლაძე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილისა და შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებებს სიცრუედ აფასებს. როგორც ნიკოლაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ელისაშვილი და ქორიძე ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებს ცრუ ბრალდებებს უყენებენ. ნიკოლაძე მსჯავრდებულების მხრიდან შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების მისამართით ქრთამის შეთავაზებას გამორიცხავს და განმარტავს, რომ არანაირი 2 მილიონის ოდენობის თანხა მსჯავრდებულების სახელს არ უკავშირდება.
ადვოკატის განცხადებით, ჯერ კიდევ 2011 წელს, მსჯავრდებულების დაკავებიდან 1 წლის შემდეგ, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის სოსო თოფურიძის დავალებით, ნარკოტრეფიკში მონაწილეობისთვის დაუსწრებლად უვადო პატიმრობამისჯილ ბოჭორიშვილს კუდ-ის ოპერთანამშრომელი დაუკავშირდა და თოფურიძის დანაბარები გადასცა.
„კუდ-ის თანამშრომელმა ბოჭორიშვილს უთხრა, რომ თუკი გადაიხდიდა 2 მილიონს, მოუგვარებდა საქმეებს. ბოჭორიშვილმა ეს საუბარი ჩაიწერა. იგი გადაეცა საგამოძიებო უწყებას, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე ამ საქმეზე ბრალდებული ანასტასია ბოჭორიშვილისა და სხვა მსჯავრდებულთა მიმართ სასტიკ წამებაზე დაწყებულია გამოძიება, რომელზეც ამ დრომდე არ არის შედეგი. გარდა ამისა, მსჯავრდებულებს პროკურატურაში კიდევ 3 განცხადება აქვთ დაწერილი, რაზეც ასევე არ ხდება რეაგირება", - განაცხადა ნიკოლაძემ.
ადვოკატი შეწყალების კომისიის ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებს „უზნეობაში" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მსჯავრდებულებს, რომელთა საქმე ქორიძემ და ელისაშვილმა კიდევ ერთხელ წამოწიეს, დაუკარგეს სამომავლოდ თავისუფლების პერსპექტივა შეწყალების სახით.
როგორც ნიკოლაძე აცხადებს, ანასტასია ზაუტაშვილი და ე.წ. კოკაინის საქმეზე სხვა მსჯავრდებულები ალეკო ელისაშვილის ინფორმაციაზე გამოძიების შედეგებს ახალ წლამდე ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითდაზიანებებით და პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან.