„თუ პროკურატურა სწორად გამოიძიებს და დაადგენს იმ ფაქტებს, რაზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობს, მაშინ ჩვენ ვნახავთ ხმაურიან დაჭერებს", - ამის შესახებ იურისტი ვალერი გელბახიანი „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებმა მანანა კობახიძემ და ეკა ბესელიამ უნდა აუხსნან საზოგადოებას, რატომ მოხდა 200 პატიმრის განსაზღვრა პოლიტიკური სტატუსით. „ბესელიამ და კობახიძემ კეთილი უნდა ინებონ და თავი იმართლონ; სახელობითად გაიარონ ყველა ადამიანი და აგვიხსნან, რატომ გამოუშვეს ციხიდან და რა ნიშნით იყვო ის 200 ადამიანი პოლიტიკურ პატიმარი", - აღნიშნა გელბახიანმა.
მისი თქმით, ბესელიას და კობახიძეს აუცილებლად დაჰკითხავენ; შესაძლოა, მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგეს, რადგან ისინი დეპუტატები არიან, მაგრამ როგორც გელბახიანი ამბობს, მათ პროკურატურა აუცილებლად დაიბარებს დაკითხვაზე.
„კანონი ამბობს, რომ შეჩერდება სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ განახლდება მაშინ, როცა ისინი აღარ იქნებიან დეპუტატები. ასევე, დაიკითხება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი, ვინაიდან მათ მოწმეებად ასახელებს ელისაშვილი. ვინც ამ საქმეს არ გამოიძიებს, მის კისერზე იქნება მახვილი ჩამოკიდებული", - განაცხადა გელბახიანმა.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)