შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პირადი დაცვით სარგებლობა შესთავაზა. ელისაშვილმა განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას, პროკურატურაში შესვლამდე გააკეთა.
ინფორმაციას ადასტურებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც, თუმცა შეთავაზების მიზეზს არ აკონკრეტებენ.
არსებული ინფორმაციით, შეთავაზება პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით ელისაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
„გამოძიება ჯერჯერობით ნორმალურად მიდის. დღეს ტელეფონი მოვიტანე, სადაც ისტერიულ მესიჯებს მწერდნენ ხოლმე. დამირეკეს, დაზუსტებითი კითხვები გვინდაო, რაც ძალიან კარგია. მოვედი იმისთვის, რომ რაც დამატებით აინტერესებთ, მივაწოდო ის ინფორმაცია", - განაცხადა ელისაშვილმა.