პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პატივი უნდა ვცეთ ორ რამეს ერთდროულად, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია და საზოგადოების ინტერესი - იცოდეს სიმართლე.
„ზოგადად, როცა ესა თუ ის თემა პროკურატურის გამოძიების საგანი ხდება, ასეთ დროს უმჯობესია, დაველოდოთ სწორედ ამ უმაღლესი რანგის შესაძლო გარკვევას საკითხებში. არსებობს საკითხის გარკვევა ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო დონეზე, ჟურნალისტური გამოძიების დონეზე, თუმცა ყველაზე მაღალი რანგი საკითხის გამორკვევაში, ეს არის პროკურატურისა და გამოძიების მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელება. აღნიშნული მოქმედებები დაიწყო, მიდის დაკითხვები, შესწავლა, ამიტომ ყველას ვურჩევ, პროკურატურას მივცეთ საშუალება, გამოკვეთოს ყველა ეს საკითხი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ყველაფრის გამორკვევამდე შეფასებებისა და ვარაუდების გამოთქმა ყველას უფლებაა, თუმცა გამოძიებას პატივი უნდა ვცეთ.
„მე პირადად მზად ვარ, ყველა შესაძლებლობით შევუწყო ხელი ჭეშმარიტების დადგენას, მათ შორის იმ თემაზეც, რაზეც ბოლო დღეებში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, საუბარი მაქვს ბატონი ნუგზარ ბოჭორიშვილის რესპუბლიკური პარტიის წევრობაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე უმაღლესი თანამდებობის პირები ზეწოლას ახდენდნენ.