იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებაში, რომ სულხან მოლაშვილი თანხების მითვისება-გაფლანგვაში იყო დამნაშავე.
„დღემდე ვინმემ იცის, მოლაშვილი ვინ აწამა? დღემდე გამოძიება ჩატარებულა და ვინმემ იცის, ვინ აწამა? ჩემთან სისხლის სამართლის საქმე შემოსული იყო კონკრეტული ბრალდებით, მე ვიხილავდი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელშიც წამების თემა საერთოდ არ ფიგურირებდა. ახლაც დარწმუნებული ვარ გადაწყვეტილებაში, რომ იმ მუხლებში, რაც წარდგენილი ჰქონდა მოლაშვილს, იყო დამნაშავე", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ლევან მურუსიძე უზენაეს სასამართლოში სულხან მოლაშვილის საქმეს იხილავდა. რაც შეეხება წამებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის განცხადებით, იმ საქმეში, რომელსაც ის იხილავდა, წამების შესახებ საკითხი საერთოდ არ ფიგურირებდა და შესაბამისად, მისი კომპეტენცია არ იყო, ეს საქმე გამოეძიებინა.