მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილსა და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს შორის შეხვედრას ორგანიზება თავად გაუკეთა.
სუხიაშვილის თქმით, ე.წ. შეწყალების საქმეზე მისი დაკითხვა სწორედ აღნიშნულ შეხვედრას უკავშირდებოდა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილმა გიორგი გოგაძესთან შეხვედრის ორგანიზება „პირად საკითხზე" დახმარების მიზეზით სთხოვა, რომელიც მისი ერთ-ერთი ახლობლისთვის წართმეული თანხის დაბრუნებას უკავშირდებოდა.
„როგორც იცით, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დავიკითხე მოწმის სახით. მოვყევი ის, რაც იყო რეალურად - რომ ალეკო ელისაშვილი დამიკავშირდა და მთხოვა, შემეხვედრებინა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძესთან, რომელთანაც ჰქონდა თხოვნა პირად საკითხზე. ის აპირებდა, გოგაძისთვის ეთხოვა, რომ პროკურატურა მის ერთ-ერთ ახლობელს, რომელიც იყო დაზარალებული, თანხის დაბრუნებაში დახარებოდა. მე, რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი ჩავაყენე საქმის კურსში და მისი თანხმობის შემდეგ, ორგანიზება გავუკეთე აღნიშნულ შეხვედრას.
პირადად მე დავუშვი ალეკო ელისაშვილზე ელექტრონული საშვი, დავხვდი პირველ სართულზე, ის იყო მარტო. ავიყვანე გიორგი გოგაძის კაბინეტში, სადაც დაგვხვდნენ ბატონი გიორგი, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორი ნიკოლოზ სანიკიძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.