პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რამდენად მოსალოდნელია საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვა - განაცხადა, რომ დაიკითხება ყველა ის პირი, ვინც შემხებლობაშია სისხლის სამართლის საქმესთან.
მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაიკითხოს.
ე.წ. შეწყალების საქმეზე ამ დროისთვის 30-მდე პირია დაკითხული, მათ შორის შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები - ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე, დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია, ასევე მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე, მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.