დასრულდა საბავშვო პოეზიის კონკურსი „ბუკნაჭო". პოეტური ნაწარმოებების კონკურის გამარჯვებულები დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოავლინეს. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს როგორც ყველასთვის საყვარელმა და ცნობილმა პოეტებმა, ასევე ნაკლებად ცნობილმა ავტორებმა. პირველი ადგილის მფლობელი პოეტი გივი ჩიღვინაძე გახდა. მეორე საპრიზო კატეგორიაში პოეტმა ირმა მალაციძემ გაიმარჯვა, ხოლო მესამე ადგილი პოეტ ნინო ქოქოსაძეს ერგო. მათ ფულადი პრიზები და საჩუქრები გადასცეს.
პირველი ადგილის მფლობელს კონკურსის სიმბოლო, „ბუს" ქანდაკება და ფულადი პრიზი 300 ლარის ოდენობით გადაეცა.
კონკურსში სულ 93 საბავშვო ლექსი იყო წარმოდგენილი. მათგან 15 საუკეთესო 4-კაციანმა ჟიურიმ შეარჩია. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ პოეტები: მაიკო მიქაია, თემურ ჩალაბაშვილი, ედუარდ უგულავა და ლიტერატურათმცოდნე თამარ ბაქრაძე.
ნაწარმოებების მიღება 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონკურსის მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ ლექსები აქამდე გამოუქვეყნებელი ყოფილიყო. კონკურსის ფარგლებში დაიბეჭდა კრებული „ბუკნაჭო", რომელშიც ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ლექსები მოხვდა. წიგნი საჩუქრად გადაეცათ ავტორებს, სკოლებსა და ბიბლიოთეკებს.
კონკურსის ორგანიზატორები მომავალში საბავშვო პროზის კონკურსის ჩატარებასაც გეგმავენ.
„ახალი საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა ძალზედ მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პროექტი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადეს ორგანიზატორებმა.