უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი დიმიტრი გოლუბოვი ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს, მის გუნდსა და შსს-ს ოდესის ოლქის სამმართველოს ხელმძღვანელ გია ლორთქიფანიძეს კორუფციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გოლუბოვი „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს:
„სააკაშვილი მუდმივად ცდილობს უკრაინაში რაც შეიძლება მეტი გავლენა მოიხვეჭოს, მაგრამ ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ მას ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომა მოუწევს. ვფიქრობ, სამ-ოთხ თვეში სააკაშვილი ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნის და ოპოზიციაში წავა. სხვა გზა მას არა აქვს - საქართველოში დაბრუნება არ შეუძლია, უკრაინაში კი მოსწონს, რადგან ფულის დაგროვების შესაძლებლობა ეძლევა.
სააკაშვილი დიდი ხანია უკრაინის პრემიერად დანიშვნას ცდილობს. ამ მიზნით, ის უკრაინის რადას დეპუტატებსაც არაერთხელ შეხვდა და მათ მხარდაჭერას სთხოვს.
თუმცა, როგორც გითხარით, დეპუტატების უმრავლესობამ კარგად იცის, რომ ოდესის გუბერნატორს მხოლოდ ყბედობა, ცრუ დაპირებების გაცემა და ბიზნესმენების დატერორება შეუძლია. შესაბამისად, მას მიზნის მიღწევა გაუჭირდება. ისიც საეჭვოა, უკრაინის მოსახლეობამ სააკაშვილის სისულელეები დაიჯეროს."- აღნიშნავს გოლუბოვი.
უახლოეს მომავალში ოდესის გუბერნატორის არაერთ კორუფციულ სქემას გამოვააშკარავებ - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მან უკრაინა საქართველოს მსგავსად არ მოატყუოს. სააკაშვილისნაირი ხალხი უკრაინას არ სჭირდება, ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, იმ რეფორმებსაც ზიანს აყენებს, რომლის გატარებასაც ვცდილობთ.
მოამზადა რუსუდან შელიამ
გაზეთი „კვირის პალიტრა"