ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ე.წ. შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის დაკითხვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურასთან თანამშრომლობდა და გააგრძელებს ამ თანამშრომლობას.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროკურატურის მხრიდან რამდენიმე განცხადებაა შესული, რომელშიც უწყება შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ითხოვს.
„საქართველოს პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციურად სახელმწიფო ორგანოების გამართულად ფუნქციონირების გარანტი, თანამშრომლობდა პროკურატურასთან, როცა ამის საჭიროება არსებობდა და ამ თანამშრომლობას აგრძელებს დღესაც. მინდა გითხრათ, რომ პროკურატურიდან უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსულია რამდენიმე განცხადება, სადაც უწყება ითხოვს გარკვეულ ინფორმაციას შეწყალების საკითხებთან მიმართებაში. ცხადია, ადმინისტრაციის მხრიდან ეს ინფორმაცია პროკურატურას შემჭიდროებულ ვადებში მიეწოდება. ასე რომ, პროკურატურასთან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უშუალოდ პრეზიდენტი ყოველთვის თანამშრომლობდა და გააგრძელებს ამ თანამშრომლობას", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაიკითხოს.