უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო განცხადებას ავრცელებს, სადაც მან შს მინისტრ არსენ ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარ კონფლიქტს „სამარცხვინო ინციდენტი" უწოდა.
„მე, როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციის, მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებების გარანტს, არ შემიძლია, არ შევეხო იმ სამარცხვინო ინციდენტს, რომელიც ორშაბათს რეფორმების ეროვნულ საბჭოზე მოხდა.
ეროვნულ საბჭოზე დაუშვებელია უხეში ლანძღვა და შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც რასისტული ქვეტექსტი აქვს, რომელიც ადამიანის ეროვნულ ღირსებას ეხება, მის უკრაინულ პატრიოტიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ვიღაცას მოუწოდებს „გაეთრიოს უკრაინიდან", - ნათქვამია განცხადებაში.
პოროშენკოს ცნობით, „რეფორმატორების საერთაშორისო გუნდი" უკრაინაში სწორედ მან მიიწვია და არ ნანობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
„მეორე მხრივ, კორუფციასთან ბრძოლა შოუ-ბიზნესის დარგი არ არის. ვისურვებდი, რომ არც სახელმწიფო მოხელეები და არც სახალხო დეპუტატები მსგავს „სპექტაკლებში" არ მონაწილეობდნენ", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.
არსენ ავაკოვსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა, რაც დროსაც უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა.