„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულ ნუგზარ ბოჭორიშვილზე საუბრობს და განმარტავს, რომ მას არ მიენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, რადგან რესპუბლიკური პარტია მის დანაშაულს გაემიჯნა. ამის შესახებ კაკაბაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ნუგზარ ბოჭორიშვილმა, ისე როგორც ათასობით ადამიანმა, მომართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, რომ მიეღო პოლიტიკური დევნილის სტატუსი. ეს არ არის პოლიტპატიმრის სტატუსი, ეს სხვა მნიშვნელობის სტატუსია. ბოჭორიშვილს სხვა ქვეყანაში ჰქონდა პოლიტიკური სტატუსი და იცით, რომ ჩვენ არ ვანიჭებდით ამ ადამიანებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს, ეს მათ სხვა ქვეყანაში უკვე მიღებული ჰქონდათ და ჩვენი კომისიის მხრიდან ამ სტატუსების აღიარება ხდებოდა. ჩვენი განვიხილავდით იმ კატეგორიის ადამიანების საკითხს, რომლებსაც ჰქონდათ მიღებული ეს სტატუსი ან ვის მიმართაც ქვეყანაში მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა. კომისიამ არ ჩათვალა მიზანშეწონილად ამ საქმის განხილვა. როდესაც ბოჭორიშვილი აცხადებდა, რომ პოლიტიკურად დევნილი იყო, დავინტერესდით, რომელი პოლიტიკური პარტია ასაბუთებდა, რომ ეს ადამიანი იყო მისი პოლიტიკური პარტიის წევრი. ბოჭორიშვილმა წარმოადგინა ეს საბუთი რესპუბლიკური პარტიიდან. მაგრამ დოკუმენტში, რომელიც მან გამოუგზავნა კომიტეტს, ეწერა, რომ პარტია მის დანაშაულს ემიჯნებოდა. რესპუბლიკური პარტია გაემიჯნა პოლიტიკური მოტივით ბოჭორიშვილის მიმართ ინკრიმინირებულ საქმეს. სწორედ ამიტომ არ დამდგარა დღის წესრიგში ბოჭორიშვილისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება", - განაცხადა კაკაბაძემ.
აქვე კაკაბაძე ბიზნესმენ ლევან ფხაკაძეზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი, ბოჭორიშვილისგან განსხვავებით, მხოლოდ იმიტომ მიენიჭა, რომ მისი კავშირი პოლიტიკურ პარტიასთან დადასტურდა. ხოლო რომელი პარტია იყო აღნიშნული, ნანა კაკაბაძეს არ ახსოვს.
„ლევან ფხაკაძე აცხადებდა, რომ ის რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას ფინანსურად ეხმარებოდა. ამ პარტიამ განაცხადა, რომ ის მართლაც იყო მათი დამფინანსებელი. რომელი პოლიტიკური პარტია იყო, ზუსტად არ მახსოვს", -აღნიშნა კაკაბაძემ.
კაკაბაძე ჟურნალისტებს მოუწოდებს, პარლამენტისგან მოითხოვონ აღნიშნული პირების საქმეების გადახედვა. აქვე კაკაბაძე აცხადებს, რომ ხვალ ყოფილი პოლიტპატიმრები შეიკრიბებიან და პარლამენტს მიმართავენ წერილობითი განცხადებით, რომ 310-ე მუხლში შევიდეს ცვლილება და გადაიხედოს ამ ადამიანების საქმეები.
„შეისწავლეთ საქმეები, მოითხოვეთ, გადაიხედოს ამ ადამიანების საქმეები, პარლამენტმა 310-ე მუხლში შეიტანოს ცვლილება და თქვას, რომ პოლიტპატიმრობა არის ახალაღმოჩენილი გარემოება და ამ გარემოების საფუძველზე მოხდეს ამ კონკრეტული საქმეების გადახედვა. ხვალ აქციის სახით შევიკრიბებით და ამ მიმართვას გადავცემთ პარლამენტს. სწორედ პარლამენტია პასუხისმგებელი ამ აგორებულ თემაზე. პარლამენტმა არ გადახედა ამ ადამიანების საქმეებს", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.