შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ტელეფონის „ინბოქსში" მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი მესიჯები არ იყო, თუმცა მისი თქმით, შეტყობინებები მობილურის მკარ დისკზე ინახება.
„საინტერესოა, ექსპერტიზის დასკვნის დადებამდე რატომ გაასაჯაროვა პროკურატურამ ინფორმაცია, რომ ტელეფონში მესიჯები არ იყო? ვიზუალური დათვალიერების დროს ტელეფონის „ინბოქსში" მესიჯები არ იყო, თუმცა მყარ დისკზე ინახება. იმიტომ დავტოვე ჩემი ტელეფონი, რომ ჩაეტარებინათ ექსპერტიზა. რატომ იჩქარა პროკურატურამ და გამოძიების დასრულებამდე რატომ თქვა, რომ იქ მესიჯები არ იყო? მე მაინტერესებს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა და არა ვიღაც გაცისკროვნებული ყმაწვილის განცხადება.
სმს-ები, რომელზეც პროკურატურამ გუშინ განცხადება გააკეთა, ე.წ. შეწყალების საქმეში გადამწყვეტი არ არის. ნელ-ნელა მინდა გამოვუზოგო პროკურატურას რაღაცები. ვიცი, რასაც აპირებს, თუმცა, სხვა რაღაცებით გავხლართავ პროკურატურას, რომლისგანაც საქმის ჩაფარცხვის მცდელობას აქვს ადგილი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.