„მივესალმები ყველა ადამიანს, უცხოელი იქნება თუ ქართველი, რომელიც მართლაც ოცნებობს ბედნიერ საქართველოზე და გულწრფელად სურს, რომ საქართველო ბედნიერი და მძლავრი ქვეყანა იყოს", - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ კიევის ყოფილ მერზე ლეონიდ ჩერნოვეცკიზე საუბრისას „პრაიმტაიმს" განუცხადა. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ „ქართული სინამდვილის, საქართველოს რეალური პრობლემების, უფრო ღრმა ანალიზისა და რესურსების მქონე პარტიები იქნებიან წარმატებულები, და არა ისეთი პარტია, რომელსაც გარკვეული ფინანსური რესურსითა და ხმამაღალი განცხადებებით შეუძლია პოლიტიკურ ასპარეზზე დაიმკვიდროს ადგილი".
„საერთოდ არ ვიცნობ ჩერნოვეცკის პარტიის გეგმასა და პროგრამას, რომლითაც შეუძლია, ბედნიერი საქართველოს ლოზუნგიდან საქმედ აქციოს. ვფიქრობ, არაპოპულისტური განცხადებები იქნება სავიზიტო ბარათი ყველა პარტიის. ქართულ საზოგადოებასაც არ აქვს ისეთი განწყობა, რომ ადამიანების ჯგუფი, თუნდაც ჩერნოვეცკი, რომელიც ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებს და ამ განცხადებების უკან რეალისტური პროგრამა არ იქნება, წარმატებას მიაღწევს", - განაცხადა ვოლსკიმ.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)