reportiori.ge - მისი სახლი იქ არის, სადაც მისი ვიოლინოა - საქართველოს დიასპორის სამინისტროს და „საერთო გაზეთის“ ერთობლივი პროექტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:31
პრეს-დაიჯესტი
მისი სახლი იქ არის, სადაც მისი ვიოლინოა - საქართველოს დიასპორის სამინისტროს და „საერთო გაზეთის“ ერთობლივი პროექტი
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 18:10


ლიანა ისაკაძე მუსიკასთან ერთად დაიბადა. სამი წლისა იყო, თავისივე მუსიკალური თხზულება რომ დაუკრა როიალზე, დამოუკიდებლად - ეს მისთვის არავის უსწავლებია. პირველად „დედა" ან „მამა" კი არ უთქვამს, არამედ უმღერია. როცა მისი მუსიკოსი ძმა, მასზე ათი წლით უფროსი ელდარ ისაკაძე მეცადინეობდა, უკრძალავდნენ ოთახში შესვლას, ის კი მაინც შეიპარებოდა, როიალის ქვეშ დაიმალებოდა და გასუსული ისმენდა კლასიკურ მუსიკას. უნიკალურ შესაძლებლობებს ყველა ამჩნევდა, ამიტომაც მშობლების არჩევანი, კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში შვილის შეყვანის შესახებ, ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო. კიდევ ერთი არჩევანი - ფორტეპიანოს სპეციალობაც ასევე ბუნებრივად იყო, რადგან პატარა გოგონამ დამოუკიდებლად ისწავლა როიალზე დაკვრა. მაგრამ...


„იმ დღეს, როცა ფორტეპიანოს გამოცდა ტარდებოდა, ავად გავხდი. ერთი წელი მომიწევდა ლოდინი, რომ მომავალ წელს ფორტეპიანოს კლასში შევსულიყავი. ამ დროს კონსერვატორიის რექტორი იყო იონა ტუსკია, რომელიც თავიდანვე ამბობდა, ეს ბავშვი ისეთი ნიჭიერია, პირველი, რაც სჭირდება, ვიოლინოზე დაკვრააო. მაშინ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს: ფორტეპიანოს კლასს ერთ წელს ხომ არ დაველოდებითო და, ერთი კვირის შემდეგ ვიოლინოს კლასის გამოცდაზე გავედი. ჩავაბარე და მიმიღეს. გენიალურ პროფესორთან, ლეო შიუკაშვილთან მოვხვდი.: ის იყო ჩემი პირველი აღმზრდელი".


ხელში ვიოლინო აიღო და სამი თვის შემდეგ უკვე მსმენელის წინაშე უკრავდა. 9 წლისას აკომპანემენტს უწევდა სახელმწიფო ორკესტრი, ხოლო 10 წლის მევიოლინემ უკვე სოლო კონცერტი გამართა. ნამდვილი ვუნდერკინდი იყო. მისი სახელი მთელს საბჭოთა კავშირს გასწვდა. საბედნიეროდ, ამ ასაკში გამოვლენილი უნიკალური შესაძლებლობები ბავშვობაში არ დარჩენილა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ვუნდერკინდებში. მისმა ნიჭმა დაუბრკოლებლად გაიკვლია გზა მუსიკალური ოლიმპისკენ.


„ათი წლის ასაკში რატომღაც უკვე ძალიან ცნობილი ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში. გამგზავნეს ბაქოში ბავშვების კონკურსზე და გავიმარჯვე. 14 წლის ვიყავი, როდესაც მეორედ უკვე საკავშირო კონკურსზე გამიშვეს. იქ დავით ოისტრახი იყო ჟიურის თავმჯდომარე. ჰოდა,მაშინ თქვა, ეს გოგონა სასწრაფოდ მოსკოვის კონსერვატორიაში უნდა წამოვიყვანოთო. არადა, მე კიდევ ერთი წელი უნდა მესწავლა აქ, სკოლაში. ერთი წლით ადრე დავამთავრე ცენტრალური მუსიკალური სკოლა და მოსკოვში წავედი. დედაჩემიც წამომყვა. მაგრამ, სანამ მოსკოვში წავიდოდი, აქაც, თბილისშიც, ვინც კი ჩამოდიოდა, ასმენინებდნენ ჩემს შესრულებას. მაგალითად, ვან კლიბერნს, რომელმაც სწორედ მაშინ გაიმარჯვა ჩაიკოვსკის კონკურსში და თბილისში ჩამოვიდა; კულტურის სამინისტრომ, გინდა თუ არა უნდა დაუკრა მის წინაშეო. ვან კლიბერნი ისე გაგიჟდა ჩემი დაკვრით, რომ მუხლებზე დამისვა, ჩამიხუტა, დამიწერა ბევრი ავტოგრაფი. ასე რომ, ბავშვობიდან უკვე განსაზღვრული იყო, რომ მუსიკოსი ვიქნებოდი".


მალევე გახდა პრესტიჟული მუსიკალური კონკურსების ლაურეატი: 1965 წელს 18 წლის ლიანამ პარიზში, მარგარეტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე „გრან პრი" და პირველი პრემია მოიპოვა; 1970 წელს მოსკოვში გამართული პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა; და იმავე წელს, სიბელიუსის საერთაშორისო კონკურსზე, ჰელსინკიში, მას პირველი პრემია და სიბელიუსის კონცერტის საუკეთესო შემსრულების სპეციალური პრიზი მიენიჭა...


ერთი შეხედვით, იოლად გახდა სახელგანთქმული, მაგრამ უკვე სახელმოხვეჭილი გამუდმებით მუშაობდა საკუთარ თავზე. თუმცა მუშაობაში მაინცდამაინც ვიოლინოზე დაკვრასა და მეცადინეობას არ გულისხმობს.


1970 წლიდან მოყოლებული, ორი ათეული წლის განმავლობაში, მოსკოვის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი იყო და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ორკესტრთან და მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად გასტროლებით მოგზაურობდა ევროპაში, ამერიკასა და აზიაში. უკრავდა გამოჩენილ დირიჟორებთან ერთად. ლიანა ისაკაძის სახელი მთელს მსოფლიოს გასწვდა.


ლიანა ისაკაძის მეორე საყვარელი საქმე დირიჟორობაა, რომელიც არ ყოფილა მისი პირადი არჩევანი, ეს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა მიაღებინა.


ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა, როცა 1990 წელს, უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია საზღვარგარეთ ცხოვრობს, აფიშებზე კვლავინდებურად წერია: „ლიანა ისაკაძე, საქართველო".


„ასე იქნება მუდამ. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. 90-იანი წლების ბოლოს უკვე ვგრძნობდი, რომ სიტუაცია იძაბებოდა, მაშინ - გამსახურდიას დროს - ბევრ ჩემ კოლეგას დევნიდნენ იმის გამო, რომ რუსულად ლაპარაკობდნენ, კონცერტებს რუსულად უძღვებოდნენ, მოსკოვში დადიოდნენ. იმ პერიოდში მოსკოვში ვცხოვრობდი და ორკესტრსაც ვხელმძღვანელობდი. ჩემზეც დაწერეს ცუდი რაღაცეები მაშინ! არასდროს დამავიწყდება, როგორ დამიცვა მთელმა საქართველომ... ძალიან მადლობელი ვარ. ვხვდებოდი, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო, ამიტომ მინდოდა, რომ ჩემი ორკესტრი გადამერჩინა და წამეყვანა. 1989 წელს სპეციალურად წავედი გერმანიაში - ფესტივალზე კონცერტი გვქონდა  მე და ჩემს ორკესტრს. იქიდან კი ავტობუსით პირდაპირ ინგოლშტადში, ბავარიაში გავემგზავრეთ... როცა რეჟიმი შეიცვალა, უკვე აღარ შემეძლო დაბრუნება, რადგან ჩემს მუსიკოსებს ვერ დავტოვებდი. ხშირად ჩამოვდივარ თბილისში. აქაურობა ჩემი სამშობლოა და აქაურ პასპორტს არასოდეს არაფერზე არ გავცვლი".


ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რომ ქალბატონ ლიანას საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს, უფრო სწორად, ქვეყნისა და წყობის კი არა, არამედ იმ ფასეულობებისა, რომლებითაც გაჟღენთილი იყო იმდროინდელი სახელოვნებო სამყარო:


„მძულს ის ხალხი, ახალ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად წარსულს რომ აძაგებს. საბჭოთა კავშირში ცნობილი ბევრი არტისტი, დასავლეთში წასვლის შემდეგ, სხვა ქვეყანაში წარმატების მოსაპოვებლად ჰყვებოდნენ, რა საშინელება გამოიარეს. ამით ისინი ხომ საკუთარ სულს ჰყიდდნენ?! ამის გაგებას ვერასდროს შევძლებ. მაშინ არ არსებობდა ფულის კულტი, რაც ახლა ყველას რყვნის. ჩვენ გვქონდა ჩვენი საქმე, ჩვენი ფასეულობები, და ფულის მოხვეჭას არ ვცდილობდით. ვინც „რევოლუცია" მოაწყო, ერთი ცუდი სისტემიდან მეორეში გადაგვაგდო. ახლა სხვანაირად ყვებიან იმას, რაც სინამდვილეში იყო. არ უშვებდნენ საზღვარგარეთ? რასაკვირველია, ეს გაუმართლებელი იყო, მაგრამ ამას ნერვებს ხომ არ დაახარჯავდა ტყუილ-უბრალოდ?! ზიხარ სახლში და მუშაობ. სხვა არაფერი არ იტაცებს შენს ყურადღებას".


მაგრამ ლიანა ისაკაძე ხომ ძირითადად უცხოეთში ცხოვრობს? ოპონენტთა, გნებავთ ჟურნალისტთა ამ „ჩამჭრელ" კითხვაზეც აქვს პასუხი:


„ვმუშაობ სიწყნარეში, სიჩუმეში. სწორედ ამიტომ ვიყიდე სახლი საფრანგეთში, კანის სიახლოვეს - გრასში. იქ სიმშვიდეა, არავინ მიცნობს, სრულიად თავისუფალი ვარ. სახლის ყიდვას, რასაკვირველია, სჭირდებოდა ფული, მაგრამ შენი თავისუფლება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. საბჭოთა კავშირშიც თავისუფალი ვიყავი. ნამდვილ ხელოვნებას ვემსახურებოდით, არ არსებობდა მატერიალური საცდური, და ეს კარგი იყო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელოვნება ფულის გარეშე ვერ იარსებებს, ცდება. ნოსტალგიით ვიხსენებ საბჭოთა კავშირთან ერთად დაკარგულ მორალურ თვისებებს, უანგარობას. არავის ვკიცხავ, ყველა თავისას ირჩევს. უკან არ ვიხედები, მომხდარს გარეშე თვალით ვუყურებ. მე ჩემი სამყარო მაქვს, ის რეალურია და განსხვავდება იმისგან, რაც გარშემო ხდება".


ლიანა ისაკაძე 1983 წლიდან გამართული არაერთი საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელია. იყო „ღამის სერენადები" - აფხაზეთში, ბიჭვინთაში, ფესტივალი ღია ცის ქვეშ - ბათუმში, „ხელოვნების ზეიმი" - ბორჯომში... მერე ისევ ბათუმში...


ვიდრე ორკესტრთან ერთად გერმანიაში გაემგზავრებოდა, ბიჭვინთაში რვაჯერ გამართა დაუვიწყარი საღამოები. მერე ომი დაიწყო... ბიჭვინთის ნაცვლად ფესტივალი ერთხანს ბორჯომში იმართებოდა, ბათუმის „სერენადებისთვის" კი საგანგებოდ შეირჩა უძველესი ციხესიმაგრე, სადაც ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ ფანტასტიკური სანახაობისა და ვირტუოზულად შესრულებული მუსიკის მოწმე გახდა. ქალბატონი ლიანა შეჩვეულია, რომ მის ნებისმიერ კონცერტს მსმენელ-მაყურებელი „ბრავოს" შეძახილებით ხვდება და არაერთხელ უწევს „ბისზე" გამოსვლაც. ასე იყო სექტემბერში, როცა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ორი დაუვიწყარი კონცერტი აჩუქა თბილისელ მელომანებს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.


19643-1981 წლებში უკრავდა სტრადივარიუსის ვიოლინოზე, რომელიც მას მოსკოვის ინსტრუმენტების სახელმწიფო კოლექციამ გამონაკლისის სახით დაუთმო. ახლა გვარნერის ვიოლინოზე უკრავს, თუმცა თვითონ მუსიკოსს არ უყვარს ამ თემაზე საუბარი და არასოდეს პასუხობს ჟურნალისტთა აბეზარ შეკითხვას, რამდენად არის შეფასებული მისი ვიოლინო, რომელიც გერმანელი მეცენატის საჩუქარია, ერთადერთს ამბობს ხოლმე, 1677 წელს არის დაბადებულიო.


„მამა მღეროდა შესანიშნავად, მისი ხმა დღემდე მესმის, და ჩემი მიზანი იყო, ასეთივე ჟღერადობა მიმეღო ვიოლინოსგან, რომ მას ღვთიური ხმა გამოეცა, ისეთი, როგორიც მამაჩემისგან მესმოდა. ვიოლინო ყველაზე კარგი, ყველაზე ნატიფი და ფაქიზი სარკეა სხვა, უზენაესი სამყაროს გადმოსაცემად. ვიოლინო ჩემი სხეულის ნაწილია და თუკი ვიღლები, ეს იმას ნიშნავს, რომ ისიც დაიღალა. ადრინდელი ყველა ინსტრუმენტი შემომრჩა, ჩვენ მეგობრებად დავრჩით".


ბევრი ჯილდო და წოდება მიუღია, მაგრამ მათგან ყველაზე ძვირფასი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდებაა, რომელიც საბჭოთა მუსიკოსებს შორის ყველაზე ახალგაზრდას მიენიჭა, და რასაკვირველია, „მსოფლიო მევიოლინის" წოდება - მსმენლისა და მუსიკალური საზოგადოებების საერთაშორისო აღიარება.


ლიანა ისაკაძე მსოფლიო მოქალაქეა - ასეთად აღიქვამს საკუთარ თავს. სახლი აქვს ოთხ ქვეყანაში - რუსეთში, საქართველოში, საფრანგეთსა და გერმანიაში. უპირველეს ყოვლისა, ქართველია, მაგრამ მისი სახლი იქ არის, სადაც მისი ვიოლინოა.




წყარო: საერთო გაზეთი, ელზა ნაბახტეველი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016