reportiori.ge - ნანა თხელიძე: ეკა ხერხეულიძის სახლიდან სუბოტექსი ამოიღეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:27
პრეს-დაიჯესტი
ნანა თხელიძე: ეკა ხერხეულიძის სახლიდან სუბოტექსი ამოიღეს
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 22:09


ნანა თხელიძე: "ადეიშვილის პირადი პატიმარი ვიყავი, მაგრამ ვერ გამტეხეს"

"რომ არა ჩემი პრინციპულობა, ამოჭრილი მექნებოდა ყველაფერი"

"თინა ბურჯალიანის ძმისთვის დაკისრებული ჯარიმა პროკურორებს გადაახდევინეს"

"ადეიშვილს მივწერე, ჩემს ოჯახს არ შეეხო, შე ვირთხა-მეთქი..."


პოლიტპატიმრის სტატუსი პარლამენტმა ერთადერთ ქალს, ყოფილ პროკურორ ნანა თხელიძეს მიანიჭა. იგი მომღერალ მარიკა თხელიძის მამიდაა. ქალთა დაწესებულებაში 2 წელი და 7 თვე გაატარა, რომ არა ხელისუფლების ცვლილება, გისოსებს მიღმა 9 წელიწადი მოუწევდა ყოფნა. 1992 წლიდან პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლოს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ზედამხედველი პროკურორი იყო. სისტემიდან პირადი განცხადებით წავიდა, ამის მიზეზი ზურაბ ადეიშვილთან დაპირისპირება გახდა.


მალე ადვოკატურაში გადაბარგდა და რამდენიმე თვეში დააკავეს. განაჩენის მიხედვით, ადვოკატმა ნანა თხელიძემ ოლქის პროკურორებზე ზეგავლენა მოახდინა და ამის გამო 3 ბრალდებულს საპროცესო გარიგება არასწორად გაუფორმეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით (ზეგავლენით ვაჭრობა) წაუყენეს ბრალი. თხელიძის მტკიცებით, ბრალდება შეთითხნილია. კარგად იცის, რა მეთოდებით მუშაობდა ადეიშვილის დროს პროკურატურა, ისიც ახსოვს, როგორ აღმოაჩინეს ეკა ხერხეულიძის სახლში სუბოტექსი, რატომ არ დააკავეს მინისტრის მოადგილის, თინათინ ბურჯალიანის ძმა და რა ფორმით ცდილობდა წილებში ჩაჯდომას ზურაბ ადეიშვილი.


ყოფილი პატიმარი ნანა თხელიძე: -  ადეიშვილის პირადი პატიმარი ვიყავი. თბილისის პროკურორ მამუკა გვარამიას პირდაპირ მივახალე, იმის კაცობაც არ გყოფნის, სიმართლე მითხრა-მეთქი. გვარამიამ სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დამიპირა, საქმე გავუიოლე და პირადი განცხადებით წამოვედი.


- ადეიშვილთან დაპირისპირების მიზეზი რა იყო?

- ჩემს მეუღლეს რკინიგზის ტენდერი ჰქონდა მოგებული. დაიბარეს და წილი - 1 500 000 დოლარი მოსთხოვეს. ირაკლი ეზუხბაიას ოთხივე მოადგილე რამდენიმე დღე შინ გვეჯდა და ულტიმატუმს გვიყენებდა. პირდაპირ გვითხრეს, ადეიშვილის დავალებით ვართ მოსულებიო. გადავწყვიტეთ, მოლაპარაკებაში მისი მარჯვენა ხელი, ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ჩაგვერთო. ის ეზუხბაიას კაბინეტში შეხვედრას დაესწრო და თანხა 2 მილიონამდე გაზარდეს. ვუთხარით, რომ არაფერს გადავიხდიდით.


ყავლაშვილმა იმავე საღამოს პასუხი მომიტანა, არ უნდა გაახმაურო გამოძალვის ფაქტი, არც ის თქვა, რომ ზაქარიაძეს ეზუხბაიას კაბინეტში სცემეს და შეგეშვებიანო. ზაქარიაძე ეზუხბაიას მოადგილე იყო, ამ პროექტს კურირებდა. რატომღაც მიიჩნიეს, რომ მან თავისი წილი აიღო და ამიტომ სცემეს. მერე საქართველოდან გაიქცა. ჩემი ქმრის სამსახურში ფინანსური პოლიცია მაინც შევიდა, დარღვევა ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ ტენდერი ისე გაუუქმეს, რომ შესრულებული სამუშაოს თანხაც არ გადაუხადეს. ადეიშვილს შვილობილი ჰყავდა, მარეგულირებლის ხელმძღვანელი გიორგი არველაძე, მას ჰქონდა დავალებული წილების კონტროლი, ისიც გვირეკავდა.


საჩივარი შევიტანე სასამართლოში და 2 მილიონი, შესრულებული სამუშაოს თანხა მოვითხოვე, პრეზიდენტსაც გავუგზავნე წერილი. ბოლოს ჩემს ქმარს ისე გაუხადეს საქმე, რომ საქართველოდან გაიქცა, მე კი ულტიმატუმი წამიყენეს, სარჩელი უკან გამომეტანა. ეს არ გავაკეთე. მეტიც, ვამხილე ადეიშვილი და მისი აგენტების გვარებიც დავასახელე. ისიც გავახმაურე, როგორ ამოიღეს ეკა ხერხეულიძის სახლიდან სუბოტექსი და როგორ დახურეს ეს საქმე ისე. პროკურატურაში საპატრულო პოლიციას ვკურირებდი და ყველა ინფორმაცია ჩემთან იყრიდა თავს.


იმდენი რამე ვიცი, ვერც კი წარმოიდგენთ. თინა ბურჯალიანის ძმაც დააკავეს ნარკოტიკებისთვის, გაგიჟდა ბურჯალიანი. პროკურორებს აიძულებდნენ საპროცესოს თანხა, 2 000 ლარი მათ გადაეხადათ.


- ხერხეულიძის სახლიდან ამოღებული სუბოტექსი ვის ეკუთვნოდა?

- ხერხეულიძეს ნახევარძმა ჰყავს, ის დააკავა საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკზე და როცა სახლის ჩხრეკა ჩატარდა, 150 აბი სუბოტექსი იპოვეს, მაგრამ ეს საქმე შეწყდა...

პროკურატურა აგენტების დახმარებით აუბედურებდა ათასობით ადამიანს, მათი ცოდვა ამათ კისერზეა. აგენტების გაშიფვრა სახელებით და გვარებით ვცადე, ამან გააგიჟა ადეიშვილი... ერთ დღეს გამომძიებელმა ნიკა ბიწკინაშვილმა პროკურატურაში მისვლა მთხოვა, იქ გავარკვიე, რომ აბსურდულ ბრალდებას მიყენებდნენ. ადეიშვილს წერილი მივწერე: შენ გინდა შემაშინო, მაგრამ არ გამოგივა. გაფრთხილებ, ჩემს ოჯახს არ შეეხო, შე ვირთხა-მეთქი.


- რას გედავებოდნენ?

- თითქოს ადვოკატმა ჯინჭარაძემ საპროცესო გარიგებაში დახმარება მთხოვა. დავუკავშირდი შიდა ქართლის პროკურორ გელა მამალაძეს, ასევე ქვემო ქართლის პროკურორ მიშა აბულაძეს და თითქოს მათზე მოვახდინე ზეგავლენა - იმაზე ნაკლები სასჯელი მივაცემინე ბრალდებულთათვის, რაც ადეიშვილის გაიდლაინში იყო მითითებული. თურმე ადეიშვილზე მეტად ჩემი სიტყვა გაითვალისწინეს.


- პროკურორები გაიდლაინებით სარგებლობდით?

- წერილობით არ არსებობდა, ეს იყო ჰაერში დაწერილი და ყველამ იცოდა.

იმდენად არ ჰქონდათ სამხილი, რომ ჩემი დაკავება პროკურორ ლევან ბოჭორიშვილისა და მოსამართლე დიტო მჭედლიშვილის ქრთამზე დაკავების ფაქტს დაამთხვიეს. მათთან ერთად ტელევიზიით ჩემი გვარიც გამოცხადდა, არადა, არანაირი შეხება იმ საქმეებთან არ მქონია. დაკავების დღიდან საქმის მასალებს ვითხოვდი, მეუბნებოდნენ, აუდიოჩანაწერი გვაქვს, ტელეფონზე ლაპარაკობდიო. მომასმენინეთ-მეთქი, გრიფი "საიდუმლო" ადევსო. ვუჩივი პროკურორებს: ქარქუსაშვილს, მჟავიას და სამივე ინსტანციის მოსამართლეს: მარინა ცერცვაძეს, მზია ლომთათიძეს და მაია ოშხერელს. ისე გამომიტანეს განაჩენი, სიტყვაც არ მათქმევინეს.


- რატომ?

- თავიდან პროცესი პროტესტის ნიშნად დავტოვე, რადგან საქმის მასალებს არ ვიცნობდი. წარმოიდგინეთ, იმდენად იყო ადეიშვილი ჩემი დაჭერით დაინტერესებული, რომ პროკურატურამ ოპერატიული თანხა თავად გადაუხადა იმ პირებს, ვის საპროცესო შეთანხმებასაც მე მედავებოდნენ. პროკურორ ზაზა ქარქუსაშვილს პროცესზე ხელი დაადეს ბრალდებულებმა, თანხა ამან მოგვცა "საქართველოს ბანკში" შესატანადო.


- საპროცესოში კოლოსალურ თანხებს ახდევინებდნენ ადამიანებს და ამ სამი პირისთვის რატომ უნდა გადაეხადა პროკურატურას დაკისრებული თანხა?

- მერწმუნეთ, ისე იყვნენ დაინტერესებული ჩემი დაჭერით, ოღონდ ამ ხალხს ეთქვა, რომ მე ვიყავი გარეული ამ საქმეში, ყველაფერს გააკეთებდნენ. მათ სასამართლოზე თქვეს, რომ ჩემთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ... მხოლოდ ჯინჭარაძის ჩვენება დევს ჩემს წინააღმდეგ.


ჩემი საქმე იწყებოდა იმით, თუ როგორ დაიჭირეს ჯინჭარაძე, ის პატიმრებს ჰპირდებოდა ციხიდან გამოყვანას დავით საყვარელიძის დახმარებით. შუამავალ პროკურორს მიუტანა საყვარელიძისთვის გადასაცემი თანხა და მორჩენილი 5 000 დოლარით დაიჭირეს. ბოლოს წერდა, დანარჩენ სამ საქმეზე ნანა თხელიძეს ვთხოვე საპროცესო გარიგებაში დახმარებაო. პროცესზე ხომ უნდა დაკითხულიყვნენ პროკურორები აბულაძე და მამალაძე, რომლებმაც ეს გარიგება ოფიციალურად გააფორმეს, მაგრამ არ დაკითხულან. დიდი ბრძოლის შემდეგ მოიყვანეს ის ხალხი, ვისაც საპროცესო რეალურად გაუკეთდა. ისინი ამბობდნენ, მოლაპარაკება ჯინჭარაძესთან გვქონდაო. "ერთ დღეს მოვიდა ჯინჭარაძე და მითხრა, საპროცესოს გაგიკეთებენ და ფულსაც პროკურატურა გადაიხდისო. გამიკვირდა, რატომ მიხდიდნენ ფულს, ჯინჭარაძემ მითხრა, ასეა საჭიროო. "საქართველოს ბანკში" მიმიყვანეს, პროკურორი ქარქუსაშვილი დამხვდა, 2.000 დოლარი მომცა და ანგარიშზე შევიტანე", - ამბობდა მოწმე. იმავეს ამბობდნენ სხვებიც... ჩემს საქმეს ახლაც გრიფი "საიდუმლო" ადევს, სიცოცხლისთვის საშიშ ინფორმაციას შეიცავსო.


ჩემი დაჭერიდან მეოთხე დღეს ჩემს ქმარს საქალაქო სასამართლოდან გადაწყვეტილება მოუვიდა, რომ უარი ეთქვა სამოქალაქო დავაზე და მან 2 მილიონი დაკარგა...   


- ქალთა დაწესებულებაში რა პირობებში ცხოვრობდით?

- მატროსოვზე ყოფნის დროს ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, მაგრამ ვერ გამტეხეს. რაც შეეხება რუსთავის ციხეს, იქ საშინელება ხდება. როდესაც იქ გადაგვიყვანეს, ორი კვირა კარანტინში ვიყავით. ქვემოთ ბეტონია, თეთრეულიც არ გვქონდა. ნარზე ტანსაცმლით ვიწექით. იმ კორპუსის ირგვლივ, სადაც სასჯელს ვიხდიდი, ერთი ხეც არ დგას. სულ 5 კორპუსია და სავსე იყო პატიმარი ქალებით. ასფალტის ოხშივარი შიგნით, საკნებში შემოდიოდა. ზაფხულში  ვეღარ ვსუნთქავდით და ფანჯარასაც ვერ ვაღებდით - გისოსები აქვს გარედანაც და შიგნიდანაც. ბოლოს რომ ნახეს, მართლა ვიგუდებოდით, შიდა გისოსები გაჭრეს და ფანჯარა გააღეს, მერე გისოსი ისევ გაუკეთეს. იქ საგანგაშო მდგომარეობაა, ხშირია თვითდაზიანების ფაქტები - ქალები სამართებლით იზიანებენ თავს. განსაკუთრებით ისინი, ვისაც ქალთა ბუნტის გამო სასჯელი დაემატა, რეალურად კი არანაირი ბუნტი არ ყოფილა. ციხიდან ჩემი გამოსვლის შემდეგ პატიმარმა მუცელი გადაიჭრა და ვენები დაისერა. ეს ფაქტი არც გახმაურებულა. თითქმის ყველა პატიმარი ფსიქოტროპულ წამალს იღებს.


- არჩევნების დღეს თქვენთანაც იყო ალბათ ჟრიამული.

- ჩვენ გვერდით იყო სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულება, სადაც მამაკაცები იხდიან სასჯელს. ორი წლის განმავლობაში იქ შუქი არ გვინახავს, ჩამკვდარი იყო იქაურობა,  უბრალოდ ვიცოდით, რომ იქ ადამიანები ცხოვრობდნენ, მაგრამ ცოცხალთა სასაფლაო იყო... იმ დღეს ღამის 12 საათზე შუქები აინთო და პირველად გავიგონეთ ადამიანების ხმა...


ორი წელი ჩემი ოჯახი არ მინახავს, პაემნის უფლება არ გამომიყენებია, რადგან არ შემეძლო ჩემი შვილები შუშის იქით მენახა. საოცრად დათრგუნვილი მოდიოდნენ ქალები პაემნებიდან, ტირილით ჰყვებოდნენ, როგორ დაშორდნენ აცრემლებულ შვილებს. ყველას ვეხვეწებოდი, მოხსენით შუშები, დედაშვილობას ნუ დააკარგვინებთ, ამ უბედურებას ნუ აკეთებთ-მეთქი. არჩევნების შემდეგ მოგვარდა ეს პრობლემა. ციხეში ყოფნის დროს ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ. დედის დაკრძალვაზე არ ვყოფილვარ, მამა არჩევნების შემდეგ გარდაიცვალა და ბადრაგის თანხლებით მომიყვანეს.

იქ საშინელი პირობებია, ვისაც საშუალება ჰქონდა, ფული შეაკოწიწა და ლინოლეუმი იყიდა, ზოგი დღესაც ბეტონზე ზის. საჭმელს ვერ შეჭამ, სუპს საშინელი სუნი აქვს. ერთი პერიოდი ქათმის კუჭების მოხარშვა დაიწყეს, ხან ჭიას პოულობდნენ შიგ და ხან მატლს. მაღაზიაში მხოლოდ "იოლის" პროდუქცია იყიდება, ასევე "ტკბილი ქვეყნის" ორცხობილა, იმასაც ცალობით ყიდულობენ, რომ გემო ჰქონდეთ პირში. ყველაზე დიდი უბედურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმად თეა ჭინჭარაული დაინიშნა. ეს არის ცხვრის ქურქში გამოწყობილი მგელი. ქალი არ დარჩენილა, ოპერაცია რომ არ გაეკეთებინოს. გჭირდებოდა თუ არა, ოპერაციას ითხოვდა.


- ეს სერიოზული ბრალდებაა, კონკრეტული ფაქტებით შეგიძლიათ ისაუბროთ?

- დღეში 10-15 ქალი გაჰყავდათ საოპერაციოდ. ძირითადად ქალურ ოპერაციებს უკეთებდნენ და საკვერცხეებს აჭრიდნენ. საკუთარ მაგალითზე გეტყვით: 2011 წლის აპრილში წნევები დამეწყო, ადრე არასოდეს შევუწუხებივარ. დამისვეს დიაგნოზი - საშვილოსნოს სიმსივნე. გადამიყვანეს ონკოცენტრში და ექიმ თოდუასთან შემიყვანეს. არც გავუსინჯავვარ, ისე დამისვა დიაგნოზი, რომ არაფერი მჭირდა. მერე "ნიუჰოსპიტალში" გადამიყვანეს და უძლიერესი წამლები გამომიწერეს, თან მითხრეს, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვიყავი. უარი განვაცხადე. თეა ჭინჭარაული კი კატეგორიულად მოითხოვდა, ოპერაცია გამეკეთებინა. ქალს ვუხსნიდი, ზუსტი დიაგნოზი მჭირდება, ასე ბრმად ოპერაციას ვერ გავიკეთებ-მეთქი. მერე პროკურატურიდან გამომიგზავნეს ვინმე ჯარჯი წიკლაური, რომელიც იმავეს მოითხოვდა... როგორია, როცა პატიმარს ეუბნები, სიმსივნე გაქვსო?..


ვერ გამტეხეს და მათი წამლებიც არ მიმიღია. ციხიდან გამოსვლის დღიდან ექიმებთან დავდივარ. მეუბნებიან,  სრულიად ჯანმრთელი ხარო. ამ საბუთებს ახლა შევაგროვებ და ვუჩივლებ ექიმ ჭინჭარაულს. რომ არა ჩემი პრინციპულობა, ალბათ ამოჭრილი მექნებოდა ყველაფერი. ჭინჭარაულმა დაწერა განცხადება და წავიდა, მაგრამ ამდენი ქალის გაუბედურებას არ შევარჩენ. ტუბერკულოზიანი პატიმრებით გავსებულია ქალთა დაწესებულება. ბევრმა არც იცის დაავადებული რომ არის, რადგან სამედიცინო კორპუსი ამდენ ადამიანს ფიზიკურად ვერ დაიტევს.


წყარო: კვირის პალიტრა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016