„ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებები გააჩნია, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოძიება წარმატებულად შედგა. განცხადება, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელი დაკავებულია, წკიპზეა", - აღნიშნული განცხადება მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ პორტალ „კვირას" პრესკლუბში გააკეთა.
ხარძიანის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ დაუღალავი შრომის შედეგად შეძლო ის, რომ დღეს გამოძიებისთვის დამნაშავე პირთა ვინაობა ცნობილია.
სალაყაიას განცხადებით, უშუალოდ მკვლელობა ერთმა პირმა ჩაიდინა და მკვლელობის ადგილზეც მარტო იმყოფებოდა, თუმცა, მას სხვა პირებთანაც ჰქონდა კავშირი.
ადვოკატის განცხადებითვე, ამოღებულია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლის მეშვეობითაც, სავარაუდო მკვლელი მოწმეებმა ამოიცნეს. გარდა ამოღებული ვიდეომასალისა, საქმეში სხვა მტკიცებულებიც არსებობს.
„სავარაუდო მკვლელმა როგორც ბიოლოგიური, ისე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მრავლობითი კვალი დატოვა. საქმეში ჩადებულია ამოღებული დნმ, ქსოვილის ანალიზები და სხვა მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, რომელთაც სავარაუდო დამნაშავე ამოიცნეს. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ხარძიანის სახლის და მიმდებარე პერიმეტრის დაზვერვა ხდებოდა. სავარაუდო დამნაშავე იქ ჩნდებოდა, თუმცა ყოველთვის თავი დაფარული ჰქონდა და ქუდი ეხურა. მოწმეებმა უკვე ამოიცნეს ეს პირი", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
რაც შეეხება მკვლელის დაუკავებლობას, სალაყაიას თქმით, გამოძიებაში არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მიზანშეწონილიც კი არის პირის გარკვეული დროით დაუკავებლობა, თუ ამით გამოძიება მის შესაძლო კავშირებს ადგენს. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება ხარძიანის არც ბიზნესინტერესების და არც პირადი შურისძიების გამო მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.
წყარო: კვირა.გე