საგარეჯოს შუალედურმა არჩევნებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ხელისუფლების რეიტინგი მკვეთრად იკლებს. იმისათვის, რომ კოალიცია „ქართული ოცნების" „რესპუბლიკელ" კანდიდატს, თამარ ხიდაშელს, საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნები მოეგო, მთავრობის მთელი შემადგენლობის მობილიზაცია გახდა საჭირო. საბოლოო ჯამში, არჩევნების მოგება მხოლოდ ე. წ. სპეცუბნის საშუალებით მოხდა. მერე რა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება" სპეცუბნების არსებობას აპროტესტებდა, რადგან თერჯოლის რაიონში ზაზა გოგსაძემ მაჟორიტარული არჩევნები სწორედ სპეცუბნის გამო წააგო. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ახლაც გვპირდება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სპეცუბნების გარეშე ჩატარდება, მაგრამ გონივრული ეჭვი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს დაპირებაც არჩევნების წინ არავის გაახსენდება, როგორც სხვა არაერთი დაპირება დაავიწყდათ.
საგარეჯოს შუალედური არჩევნების მერე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები 12 დღის განმავლობაში სახელმწიფო კანცელარიასთან შიმშილობდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ირმა ინაშვილსა და ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს შორის შედგა, „ალიანსმა" ხელისუფლებას ცვლილებათა პაკეტი გადასცა, რომლის განხილვაც პარლამენტის კომიტეტებში უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რეალურ ცვლილებებზე არ წავა, გაზაფხულიდან საპროტესტო აქციები განახლდება.
კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა გაახმოვანა, ამჯერადაც თავდაცვის სამინისტროს ეხება. როგორც „სტერეო+"ის ოფიციალური წერილიდან ირკვევა, საგარეჯოს შუალედური არჩევნების დროს საგარეჯოსა და კახეთის მიმართულებით „ობიექტივის" სინგალის ჩახშობა ხდებოდა.
რა წერია წერილში, რომელიც „სტერეო+"-ის დირექტორმა მედიაკავშირ „ობიექტივის" თავმჯდომარეს, ირაკლი ცილიკიშვილს გაუგზავნა?
„თქვენი 2015 წლის 20 ნოემბრის №2011/11 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ მასში მითითებული პრობლემა გამოწვეული არ ყოფილა ჩვენი ტექნიკის გაუმართაობის მიზეზით და, შესაბამისად, ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
პრობლემის არსებობის შესახებ, ჯერ კიდევ, 2 თვის წინ ჩვენ ვაცნობეთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, თუმცა წყაროს აღმოჩენა ვერ მოხერხდა. გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დღეს მათ ხელთ არსებული საშუალებით ეს პროცედურა არ მიეკუთვნება მარტივად განხორციელებულ ქმედებათა ნუსხას.
ჩვენი კომპანიისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთობლივი ძალისხმევით მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ გახდა შესაძლებელი პრობლემის ლოკაცია, იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
მიზეზი გახლდათ კოჯრის სარეტლანსლაციო ანძიდან საგარეჯოს მიმართულებით დამონტაჟებული მიკროტალღური გამომსხივებელი, რომელიც უკანონოდ დაკავებულ სიხშირულ ზოლში ხელშეშლებს ქმნიდა, რითაც პრობლემა ექმნებოდა მაუწყებლობას ამ რეგიონში. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აქტიური ჩარევით ეს ხელშეშლა გაითიშა.
ზემოაღნიშნულ ინფორმაციას დაგიდასტურებთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც.
პატივისცემით: მალხაზ კვარაცხელია, დირექტორი".
აღნიშნული წერილი ორი მიმართულებითაა საინტერესო: ერთი, რომ სარეტლანსლაციო ანძაზე საგარეჯოს მიმართულებით დამონტაჟებული იყო გამომსხივებელი, რომელიც „ობიექტივის" და შესაძლოა, სხვა ტელევიზიების სიგნალს ახშობდა და მეორე, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული ფაქტის შესახებ შეიტყო, დაზიანება აღმოფხვრა. შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე არც საჯარო განცხადებები გაკეთებულა და არც სამართალდამცველი ორგანოები ჩაურთავთ საქმეში (ჯერჯერობით, ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს).
„ქრონიკა+"-მა გადაწყვიტა, კოჯრის სარეტლანსლაციო ანძა მოენახულებინა და ადგილზე მოეპოვებინა რაიმე ტიპის ინფორმაცია.
სარეტლანსლაციო ანძა კოჯრის ბატალიონის დისლოკაციის ადგილიდან არცთუ შორს მდებარეობს. როგორც ადგილობრივები გვიხსნიან, გზა თითქმის გაუვალია და იქ მსუბუქი ავტომობილით მისვლა თითქმის წარმოუდგენელია; ასევე ანძა სტრატეგიული ობიექტია და მისი მეშვეობით არა მხოლოდ სატელევიზიო სიგნალები გადაიცემა, არამედ თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების სისტემებსაც ემსახურება.
გზა მოყინული და მართლაც გაუვალია.
რისკია, მაგრამ ციცაბოს მაინც მივუყვებით.
მძღოლი გამოცდილი რალისტია - გვაიმედებს, რომ უარეს გზებზეც უვლია, მშვიდობით აგვიყვანს და ჩამოგვიყვანს.
ერთსაათიანი დაძაბული გზის მერე ანძასაც ვუახლოვდებით. ალაყაფის კარი ღიაა, ეზოში უფანჯრო და ნახევრად დანგრეული შენობა დგას. ძაღლების ყეფაზე დანგრეული შენობის სიღრმიდან ორი კაცი გამოდის, ერთს სამხედრო ფორმა აცვია, მეორე უფორმოდ არის. ვუხსნით, რომ ჟურნალისტები ვართ. „სტერეო+"-ის დირექტორის წერილს ვაჩვენებთ და ვთხოვთ, დეტალებში გაგვარკვიონ.
მოგვიანებით ვიტყობთ, რომ ორივე სამხედრო ვაზიანის ბრიგადიდანაა, ერთი კვირის განმავლობაში უკაცრიელ ადგილზე, ნახევრად დანგრეულ შენობაში მორიგეობენ.
- კამერა გამორთეთ!
- მკაცრად გვეუბნება ერთი მათგანი. ოპერატორი მხოლოდ განათებას რთავს.
- ქვემოდან უკვე გადავიღეთ, რა აზრი აქვს კამერის გამორთვას?
- ქვემოდან რა გადაიღეთ, ჩემი საქმე სულაც არაა, ეზოში გადაღების უფლება არ გაქვთ. „სტერეო+"-ის წარმომადგენლები თუ გაინტერესებთ, აქ არიან და შეგვიძლია, დავუძახოთ.
ამასობაში ერთი ჯარისკაცი პირადობის მოწმობას და ტელეფონის ნომრებს გვთხოვს, რაღაც ჟურნალი გამოაქვს, იქ იწერს და თან ოპერატორს ხელს აწერინებს.
ამასობაში, კიდევ ორი პირი მოდის, ორივე მათგანი ამბობს, რომ „სტერეო+"-ის წარმომადგენლები არიან, თუმცა ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ.
- ჩვენ არც წერილის თაობაზე ვიცით რამე და არც ჩამხშობის, დიზელის პრობლემები გვაქვს და იმიტომ ამოვედით, საწვავი უნდა ჩავასხათ.
აშკარად არ ამბობენ სიმართლეს. ამ სიმაღლეზე დიზელის საწვავის ამოტანა ავტომანქანის გარეშე, ფეხით, წარმოუდგენელია, უცხო მანქანა კი ტერიტორიაზე არ ჩანს.
ჯარისკაცები ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ანძის დაცვა ევალებათ და გამომსხივებლის თუ სიგნალის ჩამხშობის დამონტაჟება მათი საქმე არაა, თან დაცვა კვირაში ერთხელ იცვლება. შეიძლება სხვა ცვლამ იცოდეს რამეო...
ცხადია, რომ ჟურნალისტებს სხვა დამატებით დეტალებს არავინ მოუყვება, არც ისაა გამორიცხული, დაცვის ჯარისკაცებს ინფორმაცია მართლაც არ ჰქონდეთ.
- რომ მცოდნოდა, ჟურნალისტები იყავით, კარს დავკეტავდი და ტერიტორიაზე არ შემოგიშვებდით, - გულწრფელად წუხს ჯარისკაცი.
ჩვენც ვემშვიდობებით და მანქანაში ვსხდებით.
მართალია, სიგნალის ჩამხშობზე კონკრეტული ბევრი ვერაფერი გავარკვიეთ, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წავაწყდით.
როგორც ზემოთ გითხარით, სარეტლანსლაციო ანძა სტრატეგიული ობიექტია, ჟურნალისტების გარდა, ვინმე სხვამ თუნდაც, „საბოტაჟნიკმა" ან, ჯვარი გვწერია და, ტერორისტმა სტრატეგიული ობიექტის აფეთქება რომ მოინდომოს, ორი ჯარისკაცი გაუწევს წინააღმდეგობას? მოძალადე იქით იყოს და ამ პრაქტიკულად დაუცველ ობიექტზე კარგი ტექნიკოსი ან კომუნიკაციების სპეციალისტი ჩუმად რომ შეიპაროს, მერე რა მოხდება? დედაქალაქიდან 40 კილომეტრში ოკუპანტი დგას, არის კი სათანადოდ დაცული ქვეყნის თავდაცვის უწყების კომუნიკაცია?
თუ ვინმეს ჩვენს ნათქვამში ეჭვი შეეპარება, იმათ გასაგონად მინდა ვთქვა: მიუხედავად მოთხოვნისა, ცხადია, ჩვენს ოპერატორს ვიდეოკამერა არ გამოურთავს და ზემოთ აღწერილი მთელი პროცესი ვიდეოფირზეა გადაღებული.
მასალა უკვე დასაბეჭდათ მზად იყო, როცა „ქრონიკა+"-ისთვის კიდევ ერთი წერილის თაობაზე გახდა ცნობილი. ამჯერად მედიაკავშირ „ობიექტივს" კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ აბაშიძე პასუხობს:
„ბატონო ირაკლი,
საგარეჯოს რეგიონში მედიაკავშირი „ობიექტივის" სამაუწყებლო ეთერში ხარვეზების გამომწვევი ეთერული ხელშეშლის წარმოქმნის საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს შპს „სტერეო+"-მა კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრირებული № შ-7/8883-15, 17.11.15) დასახლებულ პუნქტ კოჯორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სარეტლანსლაციო ანძიდან საგარეჯოს მიმართულებით მოქმედ შპს „სტერეო+"-ის რადიო სარელეო სადგურის მიმართ შექმნილი ხელშეშლების თაობაზე.
აღვნიშნავთ, რომ შპს „სტერეო+"-ის რადიო სარელეო ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის, საგარეჯოს მიმართულებით მოქმედ სადგურის მიმართ, ხელშეშლების წარმოქმნის შესახებ შპს „სტერეო+"-მა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს წერილობით (№17/08-15) აცნობა კომისიას. ხელშეშლის წყაროს გამოვლენის მიზნით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური ჯგუფის მიერ რადიომონიტორინგით გათვალისწინებული სამუშაოს განხორციელების პროცესში ხელშემშლელი გასხივება (აქტიურობა) არ აღინიშნებოდა და, შესაბამისად, ლოკაცია ვერ განხორციელდა. ჩატარებული სამუშაოს შედეგებისა და ხელშეშლების წყაროს გამოვლენის მიზნით, ერთობლივი ქმედების საჭიროების შესახებ, კომისიამ მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს წერილობით (№06/2173-15) აცნობა შპს „სტერეო+"-ის ხელმძღვანელობას.
მიმდინარე წლის 18 ნოემბერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მობილური ჯგუფის მიერ და შპს „სტერეო+"-ის ტექნიკური თანამშრომლების მონაწილეობით დადგინდა, რომ კოჯრის ანძაზე განლაგებულ შპს „სტერეო+"-ის რადიოსარელეო სადგურის მიმართ ხელშეშლა იქმნებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რადიოსარელეო სადგურის ტექნიკურად გაუმართავი ფუნქციონირების გამო. კომისიის მოთხოვნით, სადგური გამოირთო, რის შედეგადაც ხელშეშლა აღმოიფხვრა. აღნიშნულის თაობაზე შპს „სტერეო+"-ს წერილობით ეცნობა.
პატივისცემით:
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - ვ. აბაშიძე".
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის წერილმა დამატებითი შეკითხვები გააჩინა:
ის, რომ კოჯრის ანძა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, ეს უკვე დადასტურებულია.
შუალედური არჩევნების დროს თავდაცვის სამინისტროს კოჯრის ბაზაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გაუმართავი რადიო სარელეო სადგური ფუნქციონირებდა.
რადიოსადგური ახშობდა საგარეჯოს მიმართულებით მედიაკავშირ „ობიექტივის" სიგნალს შუალედური არჩევნების დროს.
არჩევნების დამთავრების შემდეგ გაუმართავი სარელეო სადგური გამორთეს და „ობიექტივის" სიხშირეც საგარეჯოს მიმართულებით აღდგა.
საგარეჯოს არჩევნების უშუალო კურატორი რომ თავდაცვის მინისტრი იყო, ეს არჩევნების ღამეს ხიდაშელის მიერ საარჩევნო შტაბში ვიზიტმა და მის მიერ ხმების დათვლის პროცესში მონაწილეობამაც დაადასტურა.
გამოდის, რომ ხიდაშელის გავლენები საზღვრის დაცვის დეპარტამენტზეც ვრცელდება, რადგან დაზიანებული სადგური არჩევნების დასრულების დროს „ობიექტივის" სიხშირეს ახშობდა, არჩევნების მერე კი გამოირთო. შესაბამისად, ხარვეზიც გამოსწორდა.
ჩვენი მხრივ, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს ვურჩევთ, არჩევნებზე ხმების დათვლის პარალელურად, სტრატეგიული ობიექტების დაცვას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მეტი დრო დაუთმოს, რადგან ნატოს სტანდარტების ქვეყანას დანგრეული შენობები და ორი ჯარისკაცის იმედად მიტოვებული თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული ობიექტი ნამდვილად არ შეესაბამება.
ელისო კილაძე
გაზეთი „ქრონიკა+"