ნინო ჭალაგანიძე, ჟურნალისტიკის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორია (ახლა უკვე თსუ-ის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელიც). მისი ძირითადი სფერო ახალი ამბების ჟურნალისტიკა და სამაუწყებლო მედიაა, ბოლო 7 წელი კი PR-ის კურსებსაც უძღვება.
როგორც თავად ამბობს, სტუდენტობიდან მოყოლებული ბედი თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტს დაუკავშირა და იქიდან ფაქტობრივად არც წამოსულა. დაახლოებით 14 წელია, რაც ამ უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაცილებით გვიან, 2011 წელს მივიდა. მისი თქმით, აქ არაჩვეულებრივი პირობები დახვდა, რომ დარგის განვითარებასათან დაკავშირებული საკუთარი ფიქრები, ოცნებები აესრულებინა.
იგი ერთ-ერთი ინიციატორია პროექტისა, რომლის ფარგლებშიც 2008 წლის ბოლოს გამოვიდა პირველი სახელმძღვანელო მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ის მულტიმედია ცენტრს ხელმძღვანელობს, რომლის სამუშაო ჯგუფმა ბოლო თვეებში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად". ესაა დოკუმენტური ფილმების ციკლი საქართველოს ისტორიაზე, რომელშიც გამოყენებულია უნიკალური კადრები და ეფექტური ანიმაციები.
გთავაზობთ ინტერვიუს, საიდანაც უკეთ შეიტყობთ მის მოსაზრებებს საკუთარ საქმიანობასა და თანამედროვე განათლების საკითხებზე.
-თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი ლექტორი?
-მგონი, ახალს ვერაფერს გეტყვით. ლექციების კითხვა თანდაყოლილი თვისება არაა. ესაა წლების მანძილზე გამოცდილებით მოპოვებული ცოდნა, მეთოდურად, დალაგებულად, საინტერესოდ ჩამოაყალიბო სათქმელი ისე, რომ მოიპოვო აუდიტორიის სანდოობა და გაუღვივო ინტერესი, მეორედ, მესამედ მოვიდეს შენთან. ლექტორი ორატორიცაა და კიდევ მეტიც, მედიუმი, რომელსაც სიტყვით ზემოქმედების უნარი აქვს. რაღა თქმა უნდა, რომ ლექტორი თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს და უყვარდეს ახალგაზრდებთან ურთიერთობა.
-თქვენ როგორ აირჩიეთ პროფესია, რა გზა გაიარეთ და რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი არჩევანით?
-სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ჟურნალისტობა გადავწყვიტე. დაინტერესებულმა ბავშვებმა სასკოლო გაზეთი მოვამზადეთ. მერე გაზეთ „კავკასიონში" ვიბეჭდებოდი, როგორც შტატგარეშე კორესპონდენტი. უკვე სტუდენტობისას სახელმწიფო ტელე-რადიოკორპორაციაში მივლენილი პრაქტიკანტი „დამიტოვეს" და ერთხანს რადიოს პირველ არხზე ვიმუშავე. ასევე სტუდნტობისას მიმყავდა ტელეკომპანია „ტაოს" გადაცემები.
უფრო სერიოზული საქმიანობა სამეცნიერო-საინჟინრო საზოგადოებათა კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერობას უკავშირდება. მოგვიანებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გავხდი. ვმუშაობდი სდასუ-შიც. დატვირთვის მიუხედავად (ლექციებსა და სამეცნიერო საქმიანობას ვგულისხმობ), პრაქტიკული საქმიანობისთვის თავი არ დამინებებია.
აი, დღესაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრს ვხელმძღვანელობ და ჩემი საქმე ისევე მაბედნიერებს, როგორც მაშინ, სასკოლო გაზეთზე რომ ვმუშაობდი.
-როგორ გესმით თანამედროვე განათლების მნიშვნელობა?
-განათლების მნიშვნელობა წლიდან წლამდე, დღითი დღე იზრდება. თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში, როცა ვერბალური ველი უკიდეგანოდ გაიზარდა, ცოდნის ეკონომიკამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. დღეს ახალგაზრდის ხვალინდელი დღის განმსაზღვრელი სწორედ განათლების დონეა. კარგი განათლება შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებისა დ ასაზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრების გარანტიაა. მაგრამ თუკი საკითხს უფრო ფილოსოფიურად შევხედავთ, განათლება სულში, გონებაში „ნათლის" ჩადგომას უკავშირდება. განათლებული ადამიანი მთელი არსებით ემიჯნება სიავეს. ილიაც ხომ განათლებას „დიდ სიკეთეს" უწოდებს.
-როგორია საქართველოში სწავლების ხარისხი? თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება უნივერსიტეტებში სწავლის საფასური მიღებულ ცოდნას?
-მგონია და მწამს, რომ სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ესაა უცილებელი პირობა ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის. თუმცა, როცა სწავლების ხარისხზე ვსაბრობთ, აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ განათლების მთელი ციკლი, დაწყებული საბავშვო ბაღით, სკოლით და მხოლოდ შემდეგ ვისაუბროთ უმაღლესი სკოლის ავ-კარგზე. თუკი ერთი რომელიმე რგოლი არ იქნება მოწოდების სიმაღლეზე, მთელი წრედი ირღვევა და შედეგიც სხვა გვიდგება. კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. კომპლექსურ პრობლემას კი კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ყველა ინსტიტუცია თუ არ გააქტიურდა: ოჯახი, სკოლა, საზოგადოებაც, საქმე წინ ვერ წავა.
საფასურზე საუბარი მიჭირს. ერთი მხრივ, ყველაფერი ხარისხიანი ძვირი ღირს, მეორე მხრივ კი, ჩვენს სოციალურ პირობებში, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, განათლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს...
-კონკრეტულად ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებზე რომ ვისაუბროთ, როგორ შეაფასებდით მათ პოტენციალს?
-ყოველ თაობაში, ყოველ ჯგუფში არიან განსაკუთრებულად ნიჭიერი, საშუალო და საშუალოზე ნაკლები მოსწრების სტუდენტები. ოსტატობაა საჭირო იმისთვის, რომ საბაზისო საფახურამდე „ამოქაჩო" შედარებით სუსტი და, ამასთანავე, ინტერესი არ დააკარგვინო ძლიერს. შემოქმედებითი პროცესია, ყველა საგნისა და ჯგუფის შემთხვევაში - სრულიად განსხვავებული. და აქ არ გვაქვს მარტივად პროგნოზირებადი შედეგი, ხანდახან „სუსტი რგოლი" გასაოცარ შედეგებზე გადის. მერწმუნეთ, პროფესორი, ასეთ დროს, სტუდენტზე მეტად ზეიმობს შედეგის ოპტიმიზაციას.
-რას ურჩევთ თანამედროვე სტუდენტებს?
-ბევრ რამეს ვურჩევდი: ვისურვებდი და ვუსურვებდი, ბევრი იკითხონ, არ დაკარგონ ფუჭად დრო. მათთვის ახლა იმდენი რესურსია ხელმისაწვდომი. აუცილებლად იყვნენ თვითკრიტიკულები. ეს დაეხმარებათ კოორდინაციაში, თუმცა ნურც საკუთარი თავის რწმენას დააყენებენ ეჭვქვეშ. მიღწეული წარმატებების გახსენება დაეხარება მათ ახალი სირთულეების დაძლევაში. იყვნენ ხალისიანები და ყოველ ახალ ადამიანს, ახალ ხასიათს მისცენ გაცნობის, გამოვლენის, თვითგამორკვევის შანსი. იყვნენ ზრდილები. ნურასოდეს დაავიწყდებათ, რომ უფლება მოვალეობის გარეშე არ არსებობს და ყოველი ჩვენგანის უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. და კიდევ, იყვნენ ლაღები და ბედნიერები, იმიტომ, რომ აურა და ემოცია გადამდებია!
წყარო: studinfo.edu.aris.ge, ნათია ზარიძე