„კიევის ყოფილმა მერმა შესაძლოა, რაღაც ხმებს თავი მოუყაროს; ისე, საკუთარ კატასთან ერთად კოსმოსში გაფრენილიყო, კარგი იქნებოდა. ჩვენც მოვისვენებდით და მისი კატაც", - ამის შესახებ ზაზა ფირალიშვილმა ლეონიდ ჩერნოვეცკის ქართულ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას „კვირის ქრონიკას" განუცხადა. მისი თქმით, ჩერნოვეცკი ქველმოქმედებით ცდილობს, გავლენა მოიპოვოს ქართულ პოლიტიკაში.
„დარწმუნებული იყავით, ის არ არის საიმისოდ მოსული, რომ ერთ-ერთი იყოს. ამ ადამიანს საქართველოსთან, ფაქტობრივად, არაფერი აკავშირებს. მიჩნდება ეჭვი, რომ მისი მიზანია, ქვეყანა აქციოს ერთგვარ ბიზნესკორპორაციად. კანონებსაც თვითონ გამართავს და აბსოლუტურად უსაფრთხო ბიზნესგარემოს შექმნის თავისთვის. ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ წარმატებას მიაღწია, ჩვენ ვნახავთ, როგორ შეიძლება, ოლიგარქმა ქვეყანა თავის სათამაშო მოედნად აქციოს. ეჭვს მიჩენს ის, რომ ჩერნოვეცკი მოღვაწეობას იწყებს აჭარიდან და არა თბილისიდან. შესაძლოა, სწორედ რეგიონულ ლიდერად წარმოუდგენია თავი და ასლან აბაშიძის მოდელის განმეორებას ფიქრობს", - განაცხადა ფირალიშვილმა.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)