ბოტანიკური ბაღის აწ უკვე ყოფილი დირექტორი ნინო გოცაძე „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მას ბოტანიკური ბაღის გადარჩენას სთხოვს.
გოცაძის თქმით, ბოტანიკურ ბაღს განადგურება ემუქრება. „ბატონი ბიძინა წლების განმავლობაში უანგაროდ ეხმარებოდა ბოტანიკურ ბაღს და გამორიცხულია, მას ბოტანიკური ბაღის განადგურება სურდეს. მივმართავ ბატონ ბიძინას, ბოტანიკური ბაღის განადგურების პროცესი როგორმე უნდა შევაჩეროთ", - განაცხადა გოცაძემ.
გოცაძის თქმით, თბილისის მერიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, გააერთიანოს ბოტანიკური ბაღი, დენდროლოგიური პარკი და ვერეს ხეობა. მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დიდი ინვესტიციების ჩადება იგეგმება. გოცაძის განმარტებით, ბოტანიკურ ბაღთან რაიმე სხვა სტრუქტურის მიერთება არ შეიძლება, რადგან ინფრასტრუქტურულად დენდროლოგიური პარკიც და ვერეს ხეობაც ტურისტული ცენტრებია, ხოლო ბოტანიკური ბაღი სამეცნიერო დაწესებულებაა. „ამიტომ მათი ასეთი გაერთიანება სამეცნიერო საქმიანობის შეწყვეტას განაპირობებს", - აღნიშნავს გოცაძე.
მისი თქმით, თანამდებობა მას თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ დაატოვებინა. „ლექვინაძემ მითხრა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღესვე უნდა დაწეროო. რამდენიმე დღე ვითხოვე მოსაფიქრებლად, ამ დროს უცნობი მამაკაცი წამოხტა სკამიდან და ყვირილით თქვა - ვის აინტერესებს შენი აზრი, ხელს თუ არ მოაწერ განცხადებას, სამსახურიდან მაინც გაგაგდებთო. მართალია, ირაკლი ლექვინაძემ ის ადმინისტრაციის თანამშრომლად წარმომიდგინა, მაგრამ ყველაფრიდან ჩანდა, რომ სიტუაციას სწორედ ის აკონტროლებდა", - განაცხადა გოცაძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"