„ყველას კარგად ახსოვს, როგორ კარგად გრძნობდა „ქურდული სამყარო" თავს მაშინ, როცა ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა სისტემას..." - აღნიშნავს ყოფილი პოლიტპატიმარი, უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეპორტიორთან" საუბრისას.
„მე-17, მე-15 დაწესებულებებს ჰყავდათ ე.წ. „მაყურებლები", რომლებიც აკონტროლებდნენ სიტუაციას. როდესაც მე დამაპატიმრეს, მაშინ არ ხელმძღვანელობდა სისტემას ახალაია, მაგრამ უშუალოდ აკონტროლებდა ზონას, იმიტომ, რომ მის მიერ დასმული ხელქვეითები - შაშკინი და კალმახელიძე, ნომინალური ფიგურები იყვნენ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მათ დროსაც კი სასჯელაღსრულების მინისტრი იყო ბაჩო ახალაია. ამიტომაც, უმჯობესია, მსჯავრდებულმა ახალაიამ საკუთარ თავს მიხედოს...
ერთ-ერთი თურქული ანდაზაა, ქურდმა ისე უნდა მოიპაროს, რომ ეჭვი სახლის მეპატრონეზე აიღონო. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა", - ამბობს ვახტანგ მაისაია.
16 დეკემბრის სასამართლო პროცესზე, სასჯელაღსრულების ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი, „კანონიერ ქურდებთან" ერთად მუშაობენ.
„ჩვენ ყველაფერს ვუძლებთ და ვინც ვერ გაუძლო, გარეთ არის. ზოგი საშვილიშვილო შეცდომებსაც კი უშვებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. მთავარია, რომ აღდგა სისტემა ე. წ. კანონიერი ქურდების მიერ მმართველობის. ჩვენ გვეგონა, რომ თურმე ეს ყველაფერი დავამარცხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ შეგვიჩერებია. საბოლოოდ ძალიან მწარე ვითარებაა, მე სიმართლის დამტკიცების არ მეშინია", - თქვა ბაჩო ახალაიამ.