ყოფილი პატიმარი, ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ „ბაჩანა ახალაია ამდენს იმიტომ ბედავს, რომ ის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, შესაბამისად არ დაისაჯა".
„როდესაც კომენტარი კეთდება რაღაც საკითხზე, ხომ აქვს მნიშვნელობა, ვინ აკეთებს ამას?! „ჩემი შენ გითხარი და გული მოგიკალიო..." ბაჩო ახალაიას განცხადებაზეა ნათქვამი. ბაჩო ახალაია, ჯერ სასჯელაღსრულების ხელმძღვანელი, ხოლო მერე თავდაცვის და შს მინისტრი, იყო დესპოტი, რომლისთვისაც ცნება - ადამიანის უფლებები, საერთოდ არ არსებობდა. მისთვის არ არსებობდა ადამიანის მთავარი უფლება - სიცოცხლე.
მე-8 დაწესებულებაში, სადაც მე ვიჯექი, მახსოვს, ღამის 2-3 საათზე ძვალ-რბილს უერთიანებდნენ ადამიანებს და ამას ეძახდნენ რეჟიმის დამყარებას. ყოფილი ხელისუფლების სისტემის ყველა ხელმძღვანელი დასასჯელია იმ სისტემის შექმნისთვის!
არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, თუ ვიტყვი, რომ ახალაია არის დამნაშავე, მაგრამ მას სამწუხაროდ, არსებული ხელისუფლების პირობებში, მეტად სამასხარაო ბრალდებები წაუყენეს. შესაბამისად რომ არ დაისაჯა, ამიტომაა, ამდენს რომ ბედავს.
სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი „კანონიერ ქურდებთან" ერთად მუშაობენო, რომ ამბობს ბაჩანა ახალაია - პირი გამოირეცხოს, სანამ ბოლო სამ მინისტრს ახსენებს, იმიტომ, რომ ეს ადამიანები მის მიერ შექმნილი ადამიანების გაუბედურებაზე გათვლილი სისტემის გაადამიანურებაზე ზრუნავენ დღედაღამ და ჯალათის მიერ ამ ადამიანების ამ კონტექსტში მოხსენიება - დიდი უზნეობაა!"-აცხადებს ზურაბ ჯორბენაძე.
16 დეკემბრის სასამართლო პროცესზე, სასჯელაღსრულების ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი, „კანონიერ ქურდებთან" ერთად მუშაობენ.
„ჩვენ ყველაფერს ვუძლებთ და ვინც ვერ გაუძლო, გარეთ არის. ზოგი საშვილიშვილო შეცდომებსაც კი უშვებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. მთავარია, რომ აღდგა სისტემა ე. წ. კანონიერი ქურდების მიერ მმართველობის. ჩვენ გვეგონა, რომ თურმე ეს ყველაფერი დავამარცხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ შეგვიჩერებია. საბოლოოდ ძალიან მწარე ვითარებაა, მე სიმართლის დამტკიცების არ მეშინია", - თქვა ბაჩო ახალაიამ.