საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დაიწყო. პროკურატურაში შესვლამდე ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ საქმეზე გამოძიება 2 კვირის განმავლობაში მიდის და მის მობილური ნომრის ამონაწერის მიტანა „მაგთიდან" პროკურატურაში გამომძიებელმა მას თავად სთხოვა:
„კომპანია „მაგთიდან" სატელეფონო ამონაწერები უნდა მივუტანო, ვინ მირეკავდა, ვინ მიმესიჯებდა და იყვნენ თუ არა ის პოლიტიკოსები. ძალიან სასაცილოა, 2 კვირაა ინტენსიურად მიდის გამოძიება, ალიაქოთია მთელი ატეხილი და პროკურატურას ეს ამონაწერები „მაგთიდან" არ ამოუღია. მელოდებიან, მე რომ მივუზიდო ეს მტკიცებულებები. ბარემ მე დავიჭერ იმ ადამიანებს და დაბორკილებულს მოვიყვან აქ. ეს ანეკდოტია. გუშინ ეთერში ეს ამონაწერი ვაჩვენე და გამომძიებელმა დღეს დამირეკა, მითხრა, იქნებ მოგვიტანოთო ამონაწერებიო. ეს არის სირცხვილი, ეს იყო შოთაძის გამოწვევა. ისედაც დაბალი ნდობის არის პროკურატურა და ამ საქმეზე ასე სამარცხვინოდ იქცევიან. რომ გამოხტნენ და მესიჯები არ იყო „ინბოქსშიო", რა ინახება იქ, ის უნდა ნახონ. მე კანონს პატივს ვცემ, მოვედი და კიდევ მოვალ, თუ საჭირო იქნება და მტკიცებულებებსაც მოვიტან. მაგრამ მათ თუ ეზარებათ, ბარემ მე ვიქნები პროკურორი, გამომძიებელი, ციხის ადმინისტრაციის უფროსი და ა.შ. მასკარადულია ეს ყველაფერი...
30 აპრილს შემოვიდა 14:36 წუთზე 4 დიდი მესიჯი ჩემს ტელეფონზე და ეს ფურცლები ადასტურებს ამას. თუ წაშლიან, მაგასაც დავადასტურებ, რომ იყო და წაშალეს. არ მეზარება დაკითხვაზე სიარული, მაგრამ თვითონაც არ ეზარებათ, თავი ასე შეირცხვინონ. პროკურატურა მეხმარება იმაში, რომ ღიად დავასახელო ეს პოლიტიკოსები. ძალიან მალე ვიტყვი, ვინ არიან ეს პოლიტიკოსები", - განაცხადა ელისაშვილმა.