საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს გააკეთოს დამატებითი განმარტება მსჯავრდებულ დ.ფ.-სთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც საუბარია წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის ახლახან გამოქვეყნებულ დასკვნაში.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში 16 დეკემბერს გასულ სიუჟეტში საუბარი იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ იმის შესახებ, რომ თითქოს, სამინისტრო არ იყენებს იმ ნორმებს, რითაც შესაძლებელია ზემოაღნიშნული მსჯავრდებულისთვის ეფექტური სამედიცინო დახმარების გაწევა.
საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირების მიზნით, სამინისტრო განმარტავს, რომ მსჯავრდებული დ.ფ. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე საჭიროებს სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს ორი სახის ფსიქიატრიულ დახმარებას - ნებაყოფილობით და არანებაყოფილობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას.
მსჯავრდებული დ.ფ. ექიმ-ფსიქიატრთა ძალისხმევის მიუხედავად, უარს აცხადებდა და აცხადებს ნებაყოფილობით ფსიქიატრიულ დახმარებაზე, ხოლო არანებაყოფილობითი ფსიქიატრიული დახმარების გასაწევად, საჭიროა მოსამართლის ბრძანება.
სასამართლო მსჯავრდებულის არანებაყოფილობით ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საკითხს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმეში წარმოდგენილია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნა (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2117-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რომლითაც დასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა. ექპერტიზის ჩატარებისთვის კი სავალდებულოა პაციენტის თანხმობა „პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად. მსჯავრდებულმა დ.ფ.-მ ამ შემთხვევაშიც არაერთგზის განაცხადა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე. საქართველოს კანონმდებლობით კი, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის იძულებით ჩატარების მექანიზმი გაწერილი არ არის.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სხვადასხვა დროს სამჯერ, კერძოდ, 2014 წლის 22 მაისს, 2015 წლის 21 იანვარსა და 2015 წლის 5 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს მოტივირებული შუამდგომლობით მსჯავრდებულისთვის არანებაყოფილობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე არანებაყოფლობით წარდგენის მოთხოვნით. სასამართლომ სამინისტროს არცერთი მიმართვა არ მიიღო წარმოებაში და განუხილველად დატოვა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების ექსპერტ-ფსიქიატრებს პენიტენციურ დაწესებულებაში შეეფასებინათ მსჯავრდებულის მდგომარება. ამბულატორიული შეფასება 2015 წლის 5 აგვისტოს შედგა, თუმცა, ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ საექსპერტო დასკვნისთვის აუცილებელი იყო ექსპერტიზის ჩატარება სტაციონარში, რაზეც მსჯავრდებული ისევ უარს აცხადებდა.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ ამ ეტაპზე, მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. კვირაში ერთხელ მას ნახულობს დაწესებულების მთავარი ექიმი, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა, მათ შორის, ფსიქიატრიულ სამედიცინო სერვისებს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ საჭროებს სამედიცინო მომსახურებას. ამ დროისთვის, ექიმების შეფასებით, მისი ზოგადი მდგომარეობა ნორმალურია.
სამინისტრო მზად არის, მსჯავრდებულის მხრიდან სათანადო თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მსჯავრდებულ დ.ფ.-სთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროსთან და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად, ევროსაბჭოს ექსპერტის მონაწილეობით აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ხარვეზის გამოსასწორებლად.