უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა. ავაკოვის განცხადებით, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკიც გეგმავს.
არსენ ავაკოვმა უკრაინულ „სტუდია „1+1"-ის ეთერში განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელი პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ შეიტანა.
„როცა ამბობ, რომ ადამიანი ქურდია, ამისთვის პასუხი უნდა აგო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბატონი იაცენიუკიც აპირებს ამის გაკეთებას", - განაცხადა არსენ ავაკოვმა.
„1+1"-ის ეთერში ავაკოვმა ინციდენტის გამო უკრაინელებს ბოდიში მოუხადა.
არსენ ავაკოვისა და მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი დაპირისპირება 14 დეკემბერს, რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა, რა დროსაც მინისტრმა გუბერნატორს წყალი შეასხა.