თბილისის მერი დავით ნარმანია კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს ჟურნალისტებთან საუბრისას ეხმაურება:
„ვადასტურებ, რომ დაკავებულია კრწანისის გამგებლის მოადგილე. სამართალდამცველმა ორგანოებმა იმუშავეს და შესაბამისად, გამოვლინდა სამართალდარღვევა, რაც თავშივე იქნა აღკვეთილი. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ნებისმიერი ასეთი გადაცდომა, ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა იყოს საჯარო მოხელის მხრიდან, თავშივე იქნას აღკვეთილი და ეფექტიანად იქნას გამოძიებული. ვინც არ უნდა იყოს, არავის ეპატიება სამართალდარღვევა და ყველანი მკაცრად უნდა იყვნენ დასჯილი", - განაცხადა ნარმანიამ.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე.
საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრწანისის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, მასში გამარჯვებასა და მშენებლობისათვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 50 000 აშშ დოლარი.
კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.