„ახალგაზრდა ადვოკატთა" თანადამფუძნებელი მარიკა არევაძე „კვირის ქრონიკასთან" საუბრისას მოსახლეობისთვის პრობლემურ საკითხზე, ბანკიდან აღებულ სესხებზე საუბრობს, რომლის გადახდასაც მოქალაქე ვეღარ ახერხებს. მისი თქმით, თუ სესხმა ხანდაზმულობის ვადას მიაღწია, მოვალე არათუ სასამართლოს პასუხისმგებლობას უნდა გაექცეს, არამედ პირიქით, შესაგებელი სარჩელი უნდა შეიტანოს.
„როდესაც ბანკის კლიენტის მიერ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და არ შესრულდა და ამ ვალდებულების შესრულებიდან გასულია 3 წელი, სესხი უკვე ხანდაზმულია. თუ ბანკი სასამართლოს მიმართავს, ასეთ შემთხვევაში მოვალე არ უნდა გაექცეს სასამართლოს, პირიქით, უნდა შეიტანოს შესაგებელი სარჩელი და გამოცხადდეს პროცესზე. ხშირად კლიენტმა არ იცის, რომ სესხი არის ხანდაზმული, ბანკი სასამართლოს მიმართავს, კლიენტი არ ესწრება სასამართლოს და მოსამართლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბანკის სასარგებლოდ გამოქვს და ხანდაზმული სესხის გადახდას კლიენტს აკისრებს, ამის შემდეგ უკვე აღსრულების, ანუ თანხის ამოღების პროცესი იწყება. ცხადია, ბანკის წარმომადგენელი არ აცხადებს სასამართლოზე, რომ სესხი ხანდაზმულია. ამიტომ კლიენტი უნდა დაესწროს სასამართლოს, განაცხადოს პროცესზე, რომ ბანკი უკვე ხანდაზმული სესხის გადახდას ედავება და მის გადახდას აღარ აპირებს. კანონს თუ დავეყრდნობით, სასამართლო გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ გამოიტანს", - აცხადებს არევაძე.
წყარო: „კვირის ქრონიკა"