რადიო „ფორტუნასთან" საუბრისას მომღერალი აღნიშნავს, რომ მის ნათქვამში გასაკვირი არაფერია.
- რა არის ამაში გასაკვირი, რომ ქალი უნდა იყოს სუფთა, ესთეტი, მიხედოს მეუღლესა და ოჯახს? მიყვარს სისუფთავე. ქალს არ უნდა სჭირდებოდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რამ გამოიწვია ეს აჟიოტაჟი, ვერ მივხვდი, აბა, ბინძურ სახლში უნდა ვიცხოვროთ? ვინც მაკრიტიკებს ამ გამონათქვამების გამო, შეგიძლია, მათი მისამართით დაწერო - ვაი თქვენს პატრონს! აბა, მე უნდა ვწმინდო მტვერი სახლში?
ის არ მითქვამს, რომ ქალი არ უნდა მუშაობდეს, უნდა იყოს რეალიზებული. დედაჩემი მუშაობს და გვივლის კიდეც, ორივეს ერთად ძალიან კარგად ახერხებს. ქალს ჩემთვის ცოტა სხვა ფუნქცია აქვს. სიყვარული უფრო ძლიერდება, როცა ხედავ, რომ ქალი შენზე ზრუნავს, გივლის. საქართველოში კი ოღონდ ვიღაც გააკრიტიკონ.
- სექსისტიაო, შენზე თქვეს, ანუ ადამიანი, რომელსაც მიკერძოებული განწყობა აქვს რომელიმე სქესის მიმართ...
- ჩემი დისკრიმინაციაც გამოდის მაშინ, როცა მეუღლეზე უნდა ვიზრუნო, ბედნიერ ქალად ვაგრძნობინო თავი და ზედ გადავყვე. ეს ჩემი საქმეა და ქალი რომ მეუღლეს უვლის, ეს თუა გასაკრიტიკებელი, არ ვიცი...
ნოდიკო ტატიშვილს სოციალურ ქსელში ჟურნალ „სარკესთან" მიცემული ინტერვიუს გამო აკრიტიკებენ. ინტერვიუში მომღერალი იმ მოთხოვნებზე საუბრობს, რაც მომავალი მეორე ნახევრის მიმართ ექნება.
- ვფიქრობ, რომ ქალი უნდა იყოს ქალური, ის უნდა ჰგავდეს ქალს და არა არაქალს. ყველა ქალი არ არის ნაზი. ადრე ვფიქრობდი, რომ შინაგანი სამყარო იყო მთავარი, მაგრამ მას მერე, რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ასე არ არის.
ქალთან ურთიერთობას იწყებ იმიტომ, რომ კარგად გამოიყურება. ვიზუალურ მხარეს დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუმცა შეიძლება, ვინც ჩემთვის ლამაზია, სხვისთვის სულაც არ იყოს ლამაზი. სექსუალური უნდა იყოს და არა - ვულგარული. ქალს რომ ყველაფერი უჩანს, არ მომწონს. მიუწვდომელი ქალები მომწონს, ყველა თვალსაზრისით. მიყვარს, როცა მისთვის ვიბრძვი და მიყვარს, როცა ქალი მაწვალებს.
- რა მოთხოვნები გექნებათ იმ ქალის მიმართ, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება?
- გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას, გემრიელ სადილ-ვახშმებს. ჩემს უზარმაზარ გარდერობში რომ შეიხედოთ, გესიამოვნებათ. სასცენო სამოსი და ფეხსაცმელები ერთად არის მოთავსებული, ყოველდღიური - ერთად.
რადგან ამ ყველაფერს შეჩვეული ვარ, ჩემს ცოლსაც იმავეს მოვთხოვ. მას ამისთვის დამხმარე ქალი არ უნდა დასჭირდეს. ცოლის მზრუნველობა ბევრად მაგარია, ვიდრე უცხო ქალის, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და შენს ნივთებს აწესრიგებს. სიყვარული მძაფრდება მაშინ, როცა ხედავ, საყვარელი ქალი როგორ გივლის და გეფოფინება. ქალი არ უნდა იყოს ფეთხუმი.
პედანტი ვარ და შეიძლება ამის გამო, გავშორდე. ყველაფერი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რა მკაცრი ქმარი ვიქნები, წარმოგიდგენიათ? მკაცრი რომ არ ვიყო, ჩემმა ცოლმა ყველა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.
წყარო: fortuna.ge
წყარო: ჟურნალის სარკე