გია ფერაძის სახელი ერთდროულად დიდი სიხარულის და დიდი ტკივილის გამომწვევია. ჩემი ბავშვობის, სიყმაწვილის და კაცობის მეგობარი, ვისთანაც არაერთი დაუვიწყარი წუთი, დღე და წელი გამიტარებია...
ნიკოლაძის სამხატვრო სკოლაში ისინი ერთად სწავლობდნენ. ერთ დღეს, გიამ ლანა ღოღობერიძეს სინჯებზე მოუყვანა და ასე დაამტკიცეს გელა ჭიჭინაძე მთავარ როლზე. მახსოვს, მაშინ გიამ მითხრა: „ნუ შეგვშურდება, გელა თბილისში ახალი ჩამოსულია, სოსოიასთვის უკეთესი ტიპაჟია, ჩვენ კი ქალაქელები, ვერელები ვართ..." მეც და გიაც სოსოიაზე ვისინჯებოდით. ამის შემდეგ გელაც ჩვენს საძმოში ჩაეწერა. ასეთი იყო სულნათელი: არავისი შურდა, არავისთვის არაფერი ენანებოდა, თვითონ გაიხდიდა, სხვას ჩააცმევდა...
ნიჭიერი კაცი იყო, ძალიან სპორტული, თევზივით ცურავდა, ფეხბურთს რომ გაყოლოდა, ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა, კარგად ხატავდა, წერდა ლექსებს, იგონებდა და დგამდა სკეტჩებს და იუმორისტულ ეტიუდებს, მის მსახიობურ ნიჭზე ლაპარაკი ზედმეტია, კინოსა და თეატრში 40-მდე დიდი თუ პატარა როლი ითამაშა. ყველგან ერთნაირად ძლიერი და გამორჩეული იყო: სცენაზეც, ეკრანზეც, პოეზიაშიც. ამას გარდა, გიას ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭიც გააჩნდა. სულ მოკლე ხანში ისე დაუახლოვდებოდა სხვადასხვა ასაკის და ჯურის ადამიანს, უმალვე მისი ახლობელი ხდებოდა. გიას ეს თვისებები იყო საწინდარი მისი ასეთი პოპულარობის და მისდამი უსაზღვრო სიყვარულის. ყველასთვის სასურველი სტუმარიც და მასპინძელიც გია იყო.
KBH-ობა რომ დაიწყო, სკოლაში ვიყავით. გია 51-ე სკოლის გუნდის უცვლელი კაპიტანი იყო. თითქმის ყველა სკოლა იყო ამ შეჯიბრში ჩართული. როგორც კი სცენაზე გია გამოჩნდებოდა, მთელი დარბაზი იწყებდა სკანდირებას: „გვიყვარს ჩაი, გვიყვარს რძე, გვიყვარს გია ფერაძე..."
1977 წელს, თეატრის მორიგი წარმატებული გასტროლის შემდეგ, მოსკოვში დავხვდი. გია და ვანო გოგიტიძე ჩემთან წამოვიდნენ. კიდევ რამდენიმე დღე აპირებდნენ მოსკოვში დარჩენას. დაიწყო მოსკოვური „თეთრი ღამეები", დილიდან-დილამდე, რესტორნები, გოგონები, გიას ნაცნობებს რა გამოულევდა...
ერთ საღამოს რესტორან „ივერიას" ვესტუმრეთ, სხვათაშორის, მაშინ იქ ინგა ფერაძე მღეროდა. რესტორანი ცარიელი დაგვხვდა. მხოლოდ ერთ კუპეში ჭარმაგი ქართველები ქეიფობდნენ. გია თავის ჩვეულ სტიქიაში იყო: ოხუნჯობდა, ანეკდოტებს ჰყვებოდა, ოინბაზობდა. ორკესტრთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა. კულმინაცია იყო „ყვავილების ქვეყანა", რასაც გია განსაკუთრებული სიყვარულით ასრულებდა. ამ სიმღერის ტექსტის ავტორი ხომ მამამისი ბატონი ბიძინა ფერაძე იყო. კუპეში მოქეიფეებმა გია გადაიპატიჟეს, აქაც ნაცნობი აღმოაჩნდა. „ყვავილების ქვეყანა" გიამ, მათი თხოვნით, კიდევ ერთხელ იმღერა და სუფრებიც გაერთიანდა. მოკლედ, გიას გვერდზე არ დაიკარგებოდი. ყველას სული და გული იყო...
გიაზე შეიძლება ილაპარაკო დაუსრულებლად. მისმა ძმამ ილიკო ფერაძემ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კარგად აღწერა წიგნში „მე, ბებია, ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე", მისი ლექსებიც გამოსცა „სევდის კრებული". გასახსენებელი ბევრი აღარ დამიტოვა...
20 დეკემბერს ოცი წელი სრულდება, რაც გია ფერაძე თბილისის ქუჩებში აღარ დააბიჯებს. 30 წელი გავიდა იმ ერთი საბედისწერო შემთხვევიდან, დიახ, ხაზს ვუსვამ, სწორედ რომ საბედისწერო შემთხვევიდან... დღეს ცრემლმორეული ვნახულობ დიმა ბათიაშვილის ფილმს, „არასერიოზული კაცი", სადაც გიამ, ფაქტობრივად, თავისი თავი ითამაშა, რამაც ბევრად განაპირობა ფილმის წარმატება.
წავიდა „არასერიოზული კაცი", დატოვა უსაზღვროდ დიდი ტკვილი და მონატრების მწარე შეგრძნება. ამ გახსენებას მიხეილ ქვლივიძის სიტყვებით დავამთავრებ: გია იყო „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს"... და არა მარტო ქალაქს...
წყარო: sputnik-georgia.com, ვახტანგ კობაიძე