საქართველოში მართლმადიდებელთა უფლებები დაცული არ არის, მაშინ როცა რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით, პირიქით ხდება და საკმარისია, მათ წინააღმდეგ ვინმე გამოვიდეს, ლამის მთელი მსოფლიო ილაშქრებს ქართველი ხალხის რელიგური „შეუწყნარებლობის" წინააღმდეგ. რატომღაც, არც სახალხო დამცველების ანგარიშებში ხვდება მართლმადიდებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები. რასთან გვაქვს საქმე და სად უნდა ვეძებოთ ამის მიზეზები, ამ საკითხზე „რეპორტიორს" თეოლოგი ლაშა ცაიშვილი ესაუბრა:
- 2003 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა „ნაციონალების" გუნდი, მნიშვნელოვნად გაუარესდა სიტუაცია მართლმადიდებელთა უფლებების დაცვის კუთხით. მათ ძალიან მკაცრად შემოიტანეს ის პოლიტიკა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჟღერებულიყო მართლმადიდებელთა უფლებების დარღვევების ფაქტები. ეს ტენდენცია წამოვიდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზეც, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მუშაობენ. ასეთი პათოსით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მათ მიერ არჩეული სახალხო დამცველები, რომლებიც ზუსტად ამ ნიშნით ინიშნებოდნენ, რომ უნდა ყოფილიყვნენ ისეთი მსოფლმხედველობის და ფსევდოლიბერალური აზროვნების, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის საკეთილდღეოდ არაფერს იტყოდნენ. ამ ყველაფერის მიზანი გახლავთ ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ საუბარი ყოფილიყო რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევებზე. სადაც კი რაიმე პატარა ფაქტი მოხდებოდა, ამის გამო მთელ მსოფლიოს აზანზარებდნენ. თურმე მართლმადიდებლები და ეკლესია არიან შავბნელები, ჩამორჩენილები, ფანატიკოსები და ამის პარალელურად ხდება ისეთი საშინელი უფლების დარღვევის ფაქტები მართლმადიდებელთა მისამართით, რომლებიც არც რაოდენობითა და არც ხარისხით არ ჩამოუვარდება რელიგიური უმცირესობების მიმართ დარღვევის ფაქტებს. ეს იყო „ნაციონალური" ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა.
- უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, მართლმადიდებლების მიმართ უფლებების შელახვის რა ტიპის ფაქტები არსებობს და რატომ ატარებენ სახალხო დამცველები ამ პოლიტიკას?
- ომბუდსმენები მართლმადიდებელთა უფლებათა დარღვევის ათეულობით ფაქტებზე არ ამბობდნენ არაფერს. უჩა ნანუაშვილიც მათი ანტიმართლმადიდებლური ტრადიციების გამგრძელებელი აღმოჩნდა. ფაქტები შესწავლილი მაქვს 1985-დან 2012 წლის ჩათვლით და ახლა 2013 წელსაც ვსწავლობ. უჩა ნანუაშვილმა არ შეიტანა თავის მოხსენებაში ის ფაქტები, რომელიც არჩევნების დროს დაირღვა სასულიერო პირთა მიმართ. სხვათაშორის, ნანუაშვილმა ამ არჩევნების წყალობით მიიღო ეს თანამდებობა. არჩევნებზე საზოგადოების გვერდით იდგა ეკლესია და სასულიერო პირებს ფაქტიურად, სიცოცხლე ჰქონდათ გადადებული, უამრავ ფიზიკურ თუ შეიარაღებულ დაპირისპირებაში მოუხდათ მონაწილეობის მიღება. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სპეცნაზელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სასულიერო პირებს, იარაღი დაადეს და მიუხედავად ამისა, რომ სახალხო დამცველმა ამის შესახებ ყველაფერი იცოდა, თავის მოხსენებაში არ გააჟღერა. სახალხო დამცველები როდესაც საუბრობდნენ ბოლშევიკების დროს სხვადასხვა ეკლესიებისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე, არსად არ არის ნახსენები მართლმადიდებელი ეკლესია.
გავიხსენოთ ნიგვზიანსა და წინწყაროში მოხდარი ინციდენტი მუსულმანებსა და მართლმადიდებლებს შორის. სახალხო დამცველი დანაშაულად არ მიიჩნევს იმას, რომ დაპირისპირებამდე, მართლმადიდებლების საფლავები და სიწმინდეები შეიბილწა, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდა. დანაშაულად მიიჩნევს მხოლოდ იმას, რომ ამის მერე გამწარებულმა ხალხმა მუსულმანებს ხელი შეუშალა ლოცვის ჩატარებისას.
ბოლო მოხსენებაში სახალხო დამცველი თვლის, რომ საქართველოში როდესაც ტარდებოდა აზიზიეს მეჩეთის აშენების საწინააღმდეგო აქციები, ეს იყო ანტითურქული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიმუსულმანური გამოსვლა. აზიზიე იყო საქართველოს სისხლიანი დამპყრობელი და მისი სახელობის მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებოდნენ ადგილობრივი მუსულმანი ქართველებიც. ეს იყო რელიგიური კი არა, ეროვნული გრძნობების შემლახველი ქმედება. ეს იგივეა, როგორც ამერიკაში არ ენდომებათ ბინ ლადენის სახელზე აშენდეს მეჩეთ-მუზეუმი. შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე თვის წინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ისტორიულად ბათუმი იყო თურქეთის კუთვნილება და ისევ აპირებენ მათ შემადგენლობაში ბათუმის დაბრუნებას ომისა და სისხლის გარეშე. თურქეთის საგარეო მინისტრმა ისიც თქვა, რომ თუ იმ ადამიანებს, ვინც ევროპა გააერთიანეს, არავინ მიიჩნევსო ახალ დამპყრობლად, ნურც ჩვენ ჩაგვთვლიან დამპყრობელად და ოსმალეთის იმპერიის აღდგენის მოსურნედ, მაგრამ ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთო. ასეთი ვითარების ფონზე, როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ საქართველოს დამპყრობელი ადამიანის სახელობის მეჩეთის აშენების წინააღმდეგ გამართული აქცია იყო ანტითურქული, ანტიისლამური და ანტისახელმწიფოებრივი, ეს იმას ნიშნავს, მისი მოხსენებაა ანტისახელმწიფოებრივი და ანტირელიგიური.
- საიდან მოდის ეს ყველაფერი?
- ვერ გეტყვით საზღვარგარეთიდან მოდიოდა ამის დაკვეთა თუ ამათ მოინდომეს მსგავსი პოლიტიკის არჩევა, მაგრამ ჩემი აზრით, ორივე ერთობლივად იყო. შედეგი ის გახლდათ, რომ მთელი მსოფლიო აღშფოთდებოდა ხოლმე ჩვენი „შეუწყნარებლობით", მერე მოდიოდა დირექტივები ხელისუფლებაზე, ამას მოჰყვებოდა ანტიეკლესიური ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების მხრიდან, მოდიოდა განსაკუთრებული გრანტები და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა. რა თქმა უნდა, არავინ ეწინააღმდეგება იმას, რომ დაცული უნდა იყოს მათი უფლებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ამის ფონზე უმრავლესობის უფლება არაფრად ჩავთვალოთ. ნიგვზიანში, წინწყაროში თუ სამთაწყაროში განვითარებულ მოვლენებზე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქ აშკარად მესამე ხელია ჩარეული, რომელიც შეგნებულად აწყობს დაპირისპირებას. სხვათაშორის, ეს მუსულმანთა რელიგიურმა ლიდერმაც აღნიშნა. ის ფსევდოლიბერალები, რომლებიც სპეციალურად გეგმავენ ასეთ დაპირისპირებებს, სურთ მსოფლიოს წინაშე საქართველო წარმოაჩინონ ფანატიკურ და რელიგიურად შეუწყნარებელ ქვეყანად, სანაცვლოდ კი მიიღონ დიდი გრანტები. მოვა დრო, ეს საქმეებიც იქნება გამოძიებული და გამოჩნდება, ვის აწყობს სინამდვილეში ეს დაპირისპირება.
- მაინც რა ძალები შეიძლება იდგეს ამის უკან?
- ძირითადად, ესენი არიან ხელისუფლებაში მოკალათებული ფსევდოლიბერალები, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის" დროს. არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ ისეთი ტენდენციაა მსოფლიოში, რომ სურთ ბუნებრივ მოვლენად მიაღებინონ ადამიანებს ერთსქესიანთა ქორწინება, ინცესტი, პედოფილია. დღევანდელ მსოფლიოში არის რაღაც ფარული ძალა, რომელიც ცდილობს, რომ გარყვნილებები დაკანონდეს. არ ვიცი, სხვაგან რამდენად განხორციელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოში ამ მხრივ არაფერი გამოუვათ. გახსოვთ, ფსევდოლიბერალების მხრიდან დაფინანსებული დაპირისპირება, რომელიც მოხდა ლგბდ საზოგადოებასთან. სწორედ ამ თემებზე მოდის ძალიან დიდი გრანტები. ეროვნულ პროექტს კი არავინ აფინანსებს. ამ კატეგორიის ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ჩვეულებრივ, ცხოვრების უფლება, მაგრამ პროპაგანდის არა. გასული წლის 17 მაისს, სკოლის წინ რომ მოაწყვეს აქცია-პროპაგანდა, სადაც ორი მამაკაცი ერთმანეთს კოცნიდა და პლაკატები ჰქონდათ - „გაფერადდი", ეს არის უზნეობის პირდაპირი პროპაგანდა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ პროპაგანდა სიტყვის თავისუფლების ნაწილიაო, ნურას უკაცრავად. ისინი რომ ჩვენ გვლანძღავენ, ეს დემოკრატიაა და ჩვენ რომ იმათზე ცუდს ვამბობთ, სიძულვილის ენა. სად არის სამართალი და დემოკრატია?
- ამ საკითხებთან მიმართებაში ეკლესიის ჩართულობაზე რას იტყვით. ბოლო პერიოდში, მართლმადიდებელი სასულიერო პირები აშკარად გააქტიურდნენ...
- ამ ამბავში ერიც უნდა იყოს ჩართული და ბერიც. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს კიდევ მსგავსი რამ თუ მოხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ვემხრობი. ეს ეკლესიამაც დაგმო, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ საზოგადოება არ უნდა ჩააყენოს ისეთ მდგომარეობაში, არანაირი გამოსავალი აღარ დარჩეს, გარდა ფიზიკური დაპირისპირებისა. ხელისუფლებამ მარტო უმრავლესობის მხარეზე კი არ უნდა არკვიოს დამნაშავეები და სასულიერო პირები პასუხისგებაში მისცენ, ვინც დაგეგმა ეს აქცია და იცოდა, რა შედეგები მოჰყვებოდა, იმათაც უნდა მოეკითხოთ პასუხი. მეუფე იაკობს ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაგეგმილი იყო ამ აქციაზე დაღვრილიყო სისხლი. მისულები იყვნენ ნიღბიანი ადამიანები, რომელთაც ევალებოდათ პროვოკაციის გაღვივება და სისხლისღვრა, მაგრამ ღვთის წყალობით, ეს არ გამოუვიდათ. ნიღბიანი ადამიანების მისვლა მსგავს აქციებზე ვისი ხელწერაა, ყველასთვის კარგადაა ცნობილი და უახლოესი წარსულიდან საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ.
- თურქეთის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომ გადაეცეს თურქეთში მდებარე ტაძრები იმ ერს, რომლებიც მათ საკუთრებაშია. უკვე გადასცეს ბერძნებს, სომხებს, რუსეთს, თუმცა, ჩვენთვის გადმოცემას არ ჩქარობენ. რატომ ჭიანურდება საქართველოსთვის ეს პროცესი და აქვე გკითხავთ, თუ თურქეთს ამის სურვილი აქვს, რატომ უტარებს რემონტს ჩვენს ტაძრებს, რომელიც ქართულმა მხარემ ვერაფრით შეაჩერა?
- მიზეზი „ნაციონალური" ხელისუფლებიდან მოდის. მათ თავიდანვე დაიკავეს უღირსი და მონური პოზიცია თურქეთთან. თურქეთის ხელისუფლება ყველას თანაბარი პირობებით აძლევდა უფლებას, რომ გაერემონტებინათ თავიანთი ტაძრები და მათ მფლობელობაში გადასულიყო. საქართველოს ხელისუფლება ისეთ პირობაზე წავიდა, რომ ოღონდ რამდენიმე ტაძარი გარემონტებულიყო, მზად იყო საქართველოში აზიზიეს სახელობის მეჩეთ-მუზეუმი აშენებულიყო. თურქეთიც მიეჩვია ასეთ პოზიციას ჩვენდამი, როდესაც მათ აქვთ იმის პრეტენზია, რომ ბათუმი წაგართვან, რატომ დაიკავებს შენთან ისეთ პოზიციას, რომლის სურვილი თვითონ არ გაგაჩნია? იმედს გამოვთქვამ, ახალი ხელისუფლება ნელ-ნელა დაიჭერს ღირსეულ პოზიციას, თურქეთიც გამოფხიზლდება და პოზიციები გათანაბრდება.