ზურაბ ჟვანიას ძმის გიორგი ჟვანიას განმარტებით, „ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება". ჟვანიას საქმეში მთავარ მტკიცებულებად ის ფირები იქცა, რომლებიც 10 წლის წინათ პროზექტურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა - ოპერატორებმა რამაზ სურმანიძემ და მიხეილ ყანდარელმა გადაიღეს. ცნობილია, რომ ეს ფირები ამ ორი წლის წინათ მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სეიფში აღმოაჩინეს. სწორედ ამ ფირებზე ჩანს პრემიერ-მინისტრის ცხედარზე არსებული საეჭვო უბნები და ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება.
ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაციის შემთხვევაში გამოჩნდება თუ არა მასზე ბლაგვი საგნით დაზიანებული ადგილი - ამ კითხვით „ასავალ-დასავალმა" დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის" ხელმძღვანელს ალექსანდრე გეჯაძეს მიმართა.
„ჟვანიას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. საერთოდ, გვამი თუ ლპობაშია, გარეგნულად არაფერი გამოჩნდება, თუ ღრმა ლპობაშია, არც შინაგან ორგანოებზე გამოჩნდება რაიმე. ერთადერთი - ჩონჩხის ძვლები რჩება, რაზეც შეიძლება გაირკვეს, იყო თუ არა მექანიკური ზემოქმედების შედეგად გარეგანი დაზიანება, მოტეხილობა ან რაიმე სხვა", - განაცხადა გეჯაძემ.
რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა ადგილი ნახშირჟანგით ინტოქსიკაციას, გეჯაძე ამბობს, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებში დანერგილი აქვთ ისეთი სპეციფიკური მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც ზუსტად დაადგენენ, რეალურად ორგანიზმში ნახშირჟანგი იყო თუ არა.
„რა თქმა უნდა, გვამის განმეორებითი გამოკვლევით და ძვლის ტვინის დეტალური ანალიზით ინფორმაციის მიღება შეიძლება. რაც შეეხება თმის ღერს, მისი კვლევის შედეგად შესაძლებელია საწამლავისა და ნარკოტიკის აღმოჩენა, მაგრამ ამ შემთხვევაში ნახშირჟანგის კვალის დადგენა ძალიან ძნელი იქნება - ნახშირჟანგი პრობლემატური გაზი და სპეციფიკური ტოქსინია", - განაცხადა გეჯაძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"