სანამ ლევან ღვინჯილია დუმს, ვკადნიერდები, ვითხოვ სიტყვას და ვამბობ: საქართველოს არ ეშველება, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური ელიტა გამართული ქართულით ლაპარაკს არ ისწავლის.27 ოქტომბრს საპრეზიდენტო
არჩევნების შედეგები შთამბეჭდავია:
ივანიშვილის სრული დომინირება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში - კი;
„ნაცმოძრაობის" მეორე ადგილის ეფემერულობა - კი;
ბურჯანაძის მაქსიმალიზმის უეფექტობა - კი;
სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციაზე ფიქრის უსაფუძვლობა - ესეც - კი.
მაგრამ ამასთან - ყელში გაჩხერილი და დაშტამპული დაბინძურება ქართული ენის.
„საქმე ამაშია", გნებავთ, „იმაშიც", რომ ამ საქმეში „ვისი ვიოლინო ვის როიალშია" (ჯანსუღ ჩარკვიანი), დღემდე ვერ გაგვირკვევია.
დავაკნინეთ და გავაღატაკეთ ქართულის მდიდარი სალარო, სააკაშვილის პარპაშით ყუამდე დაყვანილი საპრეზიდენტო (თუ რაც ჰქვია) ფონდივით.
„დამეხმარე, ბიძია!"
საქართველოს იქამდე არაფერი ეშველება, სანამ აირაის (ეს რაღა უბედურებაა?!) „ტრენინგგავლილებს" სჯერათ, რომ დასახული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად საკმარისია 100 (ასი) ქართული სიტყვის ცოდნა.
ბასტა!
ეს იგივეა, ჯიბეგაფხეკილი მათხოვარი დავოსში, მილიონერების კონგრესზე მიიწვიონ და ფულის შოვნის ეფექტიანი გზების შესახებ ლექციის ჩატარება სთხოვონ.
„ბიძია, დამეხმარე!" - ოღონდ პირიქით.
ეს იგივეა ათასდოლარიან კაბა-ჯუბაში გამოპრანჭულმა პოლიტიკურმა მისანმა, რომელმაც ას სიტყვას დამატებული ერთიც უსწავლია - „ძალიან", ელექტორატი ატყუოს, რომ ყველაფერი „ძალიან კარგად" მხოლოდ მან იცის, „ძალიან" კარგად ესმის ხალხის, „ძალიან" კარგ ცხოვრებას მოუწყობს და - „ძალიან", „ძალიან" და „ძალიან".
პერსევერაციული უვიცობა, რომლის გვირგვინი მიშას მთელი ლექსიკური მარაგის დამტევი ერთადერთი სიტყვაა - „მაგარია".
ხოლო: „ძალიან მაგარია", „ვინც არ უნდა იყო მანდ, ღარიბი თუ მაშვრალი, მდიდარი თუ მათხოვარი, მტერი თუ მოყვარე", რამდენიც გინდა აფხაჭუნე კარზე, რამდენიც გინდა დაპირებების კანფეტები გადმოყარე, 101 სიტყვის მარაგით არჩევნებს ვერ მოიგებ.
ის ათას ერთი იყო - ღამის ლეგენდა, ამოუწურავი, მდიდარი ფანტაზია და დღესასწაული სიტყვა-კაზმულობის.
101 მთხლეა, ღვინის ჭურჭლის ფსკერზე რომ რჩება.
ამორეცხე და გადაღვარე!
როგორ გაიკვირვეს „მიჯირყვნა"! როგორ ახორხოცდნენ და აწიოკდნენ ორღობის არისტოკრატები ფინტიკოზას ამბიციურობით შეპყრობილები.
არადა, სუფთა, იმერული პირველწყაროს ნაჟურია, ნაღდი ქართულია და საწუხარ არს, რომ ლექსიკონებში ჯერ არ შეუტანიათ.
იცით, რას ნიშნავს?
ერთმა საინტერესო პიროვნებამ, მრავალმხრივ განათლებულმა კაცმა, რომელიც თავისი პროფესიის - ეკონომიკური დარგის გარდა ქართული ენის ფესვების ძიებითაც არის დაინტერესებული, პროფესორმა დავით იაკობიძემ ამიხსნა, რომ მიჯირყვნა ნიშნავს რაიმეს დამალვას, დაფარვას უხეში ფორმით, ისე, როგორც ნაპირზე გამორიყულ, ვთქვათ, ნაფოტს დამალავს მდინარე თავისი ჩამონატანის ფენით, ისე დამალავს, რომ ვერც იპოვნი.
იყო და აღარ არის.
ზუსტად მიესადაგა ეს სიტყვა, კანონის უგულველყოფის სადემონსტრაციოდ, რომ იყო ნათქვამი, უხეშად და მოურიდებლად იგნორირების დემონსტრაციისთვის.
მოდით ახლა და იცინეთ!
ან დატკბით ვითომ გაევროპელებულ-გაამერიკებული, ნაწვალები და ნაჯახირები ენობრივი და სტილური კონსტრუქციებით. თუმცა რა კონსტრუქციებზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ფრანგული ერთი სიტყვის „კოაბიტაციის" სწორად წარმოთქმასაც ვერ ახერხებენ და ისე ურთავენ ამ ერთ სიტყვაში ქართული ანბანის ბოლო ასოს, როგორც, გასაგებად ვიტყვი, დედაღორს მოწყვეტილ მეცამეტე გოჭს.
მარტივია სამი გოჭის ზღაპარივით.
ამათ, საქართველოს ბედს როგორ ჩააბარებ, როცა „შპიონობა" ქართული სიტყვა ჰგონიათ ისევე, როგორც „კომპრომატი". ერთიცა და მეორეც რუსულია. თუ პირველი „ჯაშუშობად" ითარგმნება, მეორე კომპოზიტია და ქართულად მაკომპრომენტირებელი მასალაა".
გაიგეთ, „საქმე რაშია"!
როცა მავანი ტელეწამყვანი უცხო სიტყვებით იწყებს კეკლუცობას, რაგინდ სწორ და მართალ პოზიციაზე იდგეს, ლეგიტიმურის ნაცვლად ლეგიმიტურს რომ იტყვის, პერსპექტივას პრესპექტივით ჩაანაცვლებს, ხოლო სიტყვა პრეზიდენტს ისე წარმოთქვამს, რომ პრეიზდენტი ისმის, ვერ ენდობი ასეთ სიტყვამჭევრობას, რაგინდ მქუხარებდეს ეკრანზე მჯდომი, ვითარცა გოგჩა „ტბა ვრცელი, მქუხარებით ზღვისა მბაძავი".
ჰოდა ასეთი ტელეწნეხის ქვეშ მოქცეულმა, შეიძლება არც მიაქციო ყურადღება ჩვენს ენაში უკვე ფეხმოკიდებულ ზეწოლას, რომელიც ხელოვნურია, უვიცების მიერ არის შემოგდებული, ხოლო ქართულად ზემოქმედება ითქმის.
სასაცილოა, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი, ვის სასარგებლოდაც მიცემული ხმების რაოდენობა მეასედ პროცენტზე მეტს ვერ ქაჩავს, გაყალბებაზე ალაპარაკდება.
სატირალია, როცა ბიულეტენის ნაცვლად ბიულიტინს იტყვის, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს სიტყვა მაინც და მაინც ასე წარმოითქმის.
ასე აქვს ნასწავლი და ათვისებული.
ვითომ ეშველება, ბატონო ლევან, საქართველოს, ვიდრე ჩვენი გაპოლიტიკოსებული ელიტა გამართული ქართულით ლაპარაკს არ ისწავლის?
თორემ - წახდა ენა!