საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკომისიის დასკვნა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით პოზიტიურია:
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ შედეგის მისაღწევად ბოლო სამი წლის განმავლობაში თითოეულმა უწყებამ მუხლჩაუხრელად იმუშავა.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მე გუშინ გვიან საღამოს მქონდა საუბარი ევროკავშირში და მინდა საზოგადოებას და თქვენ ყველას გითხრათ, რომ დღეს გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში, სადაც საქართველოსთან მიმართებაში არის პოზიტიური დასკვნა. ასე რომ, ყველას გილოცავთ.
მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ, ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებები და არცერთი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ჩვენ ყველაფერი პირნათლად გავაკეთეთ. გუშინ საღამოს უკვე მომილოცეს და ასევე გილოცავთ ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, მათი დაფასება, მათი ამდენი ხნის ლოდინის დაფასება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ეს არის ქართველი ხალხის ნდობის დადასტურება ევროპის მხრიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება", - მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.