reportiori.ge - ღია განჯინაში შენახული ნდობა და „ვერსალას“ ასი ათასი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:34
პრეს-დაიჯესტი
ღია განჯინაში შენახული ნდობა და „ვერსალას“ ასი ათასი
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 12:33



ადამიანური ისტორიები.


ერთთავად პარიზში ცხოვრებაზე ოცნებობდა და ამიტომ ვიღაცას „ვერსალა" შეურქმევია. მისი ნამდვილი სახელი საპასპორტოს უფროსმა და უბნის სახმმართველმა თუ იცოდნენ მარტო, თორემ სხვას არც არაფერში სჭირდებოდა. ჩვენს პატერა ეზოში ოროთახიანი მომცრო ბინა ჰქონდა მის ოჯახს. მაშინ „არტელები" ჯერ კიდევ იყო თბილისში და ფეხსაცმელებს კერავდა.


ბიძა მყავდა, მამიდის ქმარი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანამდებობა ეჭირა, „ვერსალაზე" დიდი ბინა არც მას ჰქონია. „ვერსალას" ძალიან უყვარდა. ერთხელ ამოვიდა. პატარა ფუთა ეჭირა და მიშას სთხოვა: მალაქიევიჩ, ხომ იცი, ცელქი ბავშვი მყავს, ყველაფერს მიფუჭებს და მიფანტავს, თუ არ შეწუხდები, ამ ჩემს საკანცელარიო ქაღალდებს შენს განჯინაში შევინახავო. დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომელ  საკანცელარიო ქაღალდებზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ მიშას უარი არ უთქვამს. არადა, იმ განჯინას დღეში რამდენი ვინმე რამდენჯერ აღებდა - თვლა არა აქვს.  


კარგა ხნის მანძილზე, ყოველ თვეში, ერთსა და იმავე დღეს, „ვერსალა" მიშა როცა შინ  იყო ისეთ დროს მოდიოდა, სალამს იტყოდა, განჯინას აღებდა, საგანგებოდ შეკრულ ფუთას თაროზე დებდა და მიდიოდა.


ერთხელაც, ისე მოვიდა, მიშა რომ არ იყო სახლში და მამიდაჩემს უთხრა: პეტროვნა, მიშას ჩემი რაღაც-რაღაც დოკუმენტები მივაბარე და თუ შეიძლება წავიღებო. მამიდამ გაიცინა: ჩემთვის მოტანა არცერთს გიკითხავთ და წაღებას რატომ მეკითხები, რაც შენია, წაიღე და დამეკარგეო, - „დაუცაცხანა". „ვერსალამ" თავისი ფუთები პატარა ჩანთაში ჩაყარა და დაგვემშვიდობა.


საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული მიშა სადილს რომ მიუჯდა, მაშინ უთხრეს, „ვერსალა" იყო დღეს და შენზე მობარებული წაიღოო. მიშამ ჯერ განჯინას შეხედა, მერე თავი ღიმილით გადააქნია და შვილს მიუბრუნდა: ჩადი ერთი და ის „არამზადა" აქ ამომიყვანეო. ცოტა ხანში „არამზადა" ისეთი სახით შემოვიდა - სხვის ოჯახში პირველად მისულ სტუმარს რომ აქვს ხოლმე.


- შენი ხელით აიღე და მომაცილე, რაც მანდ დატოვეო, - მიშამ განჯინისკენ გაიშვირა ხელი. მიხვდა, უარი არ გაჭრიდა და „ვერსალამ" კარი გამოაღო. თაროზე მის მიერ დატოვებული ერთი შეკვრა ისევ იდო. შენ ჩემი არაფერი გმართებსო, - დაუმატა მიშამ და მის მხარზე ხელდადებულმა მიაცილა კიბემდე. ყველა ახლაღა მიხვდა, რატომ ტოვებდა ვერსალა ფულს მიშას თანდასწრებით და რატომ წაიღო მაშინ, როცა ოჯახის უფროსი შინ არ იყო. მით უფრო, მიშას როგორ გამოაპარებდი „ვერსალას" ამ უწყინარ და ერთი შეხედვით გულუბრყვილო ნაბიჯს?! ამიტომაც, კარადაში შეხედვამდე მიხვდა ყველაფერს.


ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. სასტურო „ივერიის" რესტორანში ვუსხედით სუფრას მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი. მოშორებით რამდენიმე ადამიანი სადილობდა. ერთ მათგანს დიდხანს ვაკვირდებოდი. ვიცანი და ვერც ვიცანი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ეს ჭაღარა და ღიმილიანი კაცი ჩვენი ყოფილი მეზობელი „ვერსალა" იყო. გულმა არ მომითმინა და თავი შევახსენე. ძალიან გაუხარდა. ისრაელიდან იყო ჩამოსული „სტუმრად". აღარ მოგვეშვა და სუფრა ერთად გავაგრძელეთ. ეს ამბავიც თვითონვე გაიხსენა.


მიშა დიდი თანამდებობის კაცი იყო და მის სახლში „არტელჩიკი ებრაელის" ფულის ძებნას რომელი სულელი დაიწყებდა?! ანდა ვინ იფიქრებდა, რომ პატიოსნებით ცნობილი ოჯახის დაუკეტავ კარადაში ჩემი, ასი ათას მანეთზე მეტი ინახებოდა?! ჰოდა, უფრო საიმედო ბანკი შვეიცარიაშიც ვერ იქნებოდაო, - მეუბნებოდა „ვერსალა".


...პირდაღებული დაგვტოვა, როცა აწყლიანებული თვალებით, ჭიქით ხელში თქვა: როგორც ყველა აქედან წასულ ებრაელს, მეც სულ აქაურობა მესიზმრება. ყველამ, ვისაც კაცობაზე პრეტენზია აქვს, იცის, რომ თქვენზე მინდობა ბრმადაც შეიძლება, მაგრამ  არ შეიძლება თქვენი შეყვარება - ცრემლით გასასტუმრებელი ვალი ძალიან ძნელად გადასახდელიაო.


ახლაც ვერ მივმხვდარვარ, „ვერსალამ" მაშინ ცუდი თქვა თუ კარგი?!




წყარო: sputnik-georgia.com, მერაბ ხაჩიძე



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016