reportiori.ge - ვინ და სად ელოდებიან ახალ წელს, როგორც ახალ იმედს?...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 00:52
საზოგადოება
ვინ და სად ელოდებიან ახალ წელს, როგორც ახალ იმედს?...
21 დეკემბერი, 2015. 18:00



რუბრიკა: თბილი სახლი


ახლოვდება ახალი წელი, დღესასწაული, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი განსაკუთრებულად ემზადება. მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა, ადამიანთა განწყობა სადღესასწაულოა. თუმცა, არიან ადამიანები, ვისაც ოჯახის წევრების სითბო აკლიათ... აკლიათ უამრავი რამ, მატერიალური თუ სულიერი.... ამის ერთ-ერთი მიზეზი სიდუხჭირეა... და მაინც არსებობენ ადამიანები და დაწესებულებები, სადაც ასეთი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ და ცდილობენ, ცხოვრება შეუმსუბუქონ და გაულამაზონ... „რეპორტიორი" დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა დღეს და რა წინასაახალწლო აქტივობები იგეგმება მოხუცებულთა თუ სხვა კატეგორიიის თავშესაფრებში... ჩვენ ასეთ დაწესებულებებს ვესტუმრეთ...


რუბრიკა „თბილი სახლის" პირველი მასპინძელია ასოციაცია „კათარზისი".

 

 

საახალწლო სამზადისი „კათარზისში"


ჰოლში ზოგი ხანდაზმული ერთმანეთს ესაუბრებოდა, ზოგი ჭადრაკს თამაშობდა, ზოგიც ორცხობილას შეექცეოდა... ერთმანეთთან შეხმატკბილებული ხუმრობებით, საყვარელი ხითხითითა და სევდანარევი გამომეტყველებით... თბილი სალამი შემომაგებეს. ხელმძღვანელობისკენ გავემართე, რათა გამეგო, თუ რა იგეგმება ამ თბილი ადამიანებისთვის ახალი წლის დღეებში...


თავდაპირველად ასოციაცია „კათარზისის" პრეზიდენტის თანაშემწეს, ქალბატონ გულიკო რომანიშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ, ტრადიციულად, დეკემბრის მეორე ნახევრიდან „კათარზისში" აქტიური საახალწლო სამზადისია...


- ყოველ წელს ტრადიციულად, დეკემბრის ბოლოს კარნავალი იმართება. 29 დეკემბერს ყოველი ჩვენი ხანდაზმული, ვისაც შეუძლია სიმღერა, ცეკვა და ა.შ., კარნავალშია ჩართული. გვყავს თოვლის ბაბუაც, ჩვენივე ორგანიზაციის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ილია ნიშნიანიძე, რომელიც ხურჯინით, ტკბილეულით,  „კათარზისის" ოთახებს შემოუვლის და ყველას დამდეგ ახალ წელს ულოცავს, ასე ვაცილებთ წინა წელს, ეს ჩვენი ტრადიციაა. შემდეგ ნაძვის ხის გარშემო, ცენტრალურ ჰოლში კონცერტი იმართება. ნაძვის ხე ტრადიციულად „ტავ ურბანმა" მოგვირთო.


რაც შეეხება მასშტაბურ საახალწლო სამზადისს... 5 იანვარს ტრადიციულად წლის ბებიასა და ბაბუას ვირჩევთ. ისინი მთელი წელი ამ ტიტულს ატარებენ. კონკურსი იმართება, გამარჯვებულს კი ჟიური გამოავლენს. შეჯიბრია სიმღერაში, ცეკვაში, რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტით ნაწარმოების შესრულებაში, სხვა სახელოვნებო ნიჭის გამოვლენაში... მონაწილეობს დაახლოებით 25 ადამიანი. ამ კონკურსში არამარტო ჩვენი ბენეფიციარები, სხვა თავშესაფრიდანაც მოდიან, რაიონებიდანაც ჩამოდიან, თელავი, ახალციხე, ზესტაფონი, დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, ა.შ... ჟიურიში წლების განმავლობაში ბევრი გამოჩენილი პიროვნება იყო, ცნობილი მსახიობები, მომღერლები, ზოგადად კულტურის სფეროს წარმომადგენლები და  ასევე ბიზნესმენებიც. თავმჯდომარე უცვლელია - ამ ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერი, „თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ვალერი ფანცულაია. საჩუქრები საკმაოდ სერიოზულია, რომელიც  თითოეულ მონაწილეს გადაეცემა. ასევე „თელასი" გარკვეულ თანხას აძლევს თვითოეულ მონაწილეს, თუმცა გამარჯვებულებისთვის უფრო სოლიდური თანხაა, მაგალითად, შარშან 500 ლარი გადაეცათ, წინა წლებში ტელევიზორი აჩუქეს, სხვა სტუმრებსაც აქვთ პრიზები დაწესებული, რომლებიც თავის გამარჯვებულს ირჩევენ. უკვე მერამდენე წელია, ამ ღონისძიების წამყვანია ნანული სარაჯიშვილი. წელს ჟიურიში, ზუსტად ვიცით, რომ ვალერი აუცილებლად იქნება თავმჯდომარე, პიანისტი ირმა გიგანი, მომღერალი ბორის ბედია, ჩვენი მეგობარი ორგანიზაცია „კრისტალის"  წარმომადგენელი, „outdoor.ge"-ის წარმომადგენელი, ვცდილობთ დავუკავშირდეთ ოთარ ტატიშვილთან, რომ  ისიც ჩვენთან იყოს ჟიურიში.


მონაწილე 70 წლის ზევით უნდა იყოს. ბენეფიციარებს ჩვენი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი კურირებს, რომელსაც ცვლილებები და კორექტივები შეაქვს მათ მიერ მომზადებულ მასალაში.


1 იანვარს ჩინური ორგანიზაცია „სინო-ჰიდრო" ბებიებსა და ბაბუებს საუკეთესო სადილს გაუმართავს. ეს იქნება ტიპიური სადღესასწაულო-საახალწლო სუფრა.


როგორც ქალბატონი გულიკო გვიყვება „კათარზისში" ყოველი დღე სამუშაოა.  სასადილო ყოველთვის მუშაობს. დაწესებულებაში აღრიცხვაზე 310 ბენეფიციარია, 10 მუდმივად თავშესაფარში ცხოვრობს, ოღონდ მხოლოდ ქალბატონები არიან.  აპირებენ მამაკაცების საცხოვრებლის გაკეთებასაც. სამჯერადი კვება აქვთ.


„რეპორტიორი" სარეპეტიციო დარბაზს ესტუმრა, სადაც რამდენიმე ხანდაზმული დაგეგმილი ღონისძიებებისთვის ემზადებოდა.

 

 

 

 

 

როგორც კი შევედი, მათგან უდიდესი სითბო ვიგრძენი, ბებიები და ბაბუები ერთმანეთს  ეხუმრებოდნენ, შეცდომებზე მიუთითებდნენ, სცენაზე ადიოდნენ და დიდი მონდომებით ასრულებდნენ ამა თუ იმ ნომერს.

 

 

 

 

სანამ მოხუცები სიმღერაში რეპეტიციას გადიოდნენ, „რეპორტიორს" „კათარზისის" რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ილია ნიშნიანიძე გაესაუბრა.


ილია ნიშნიანიძე: - აქ უკვე ათი წელია ვმუშაობ და ასეთ შემოქმედებით ღონისძიებებში აქტიურად ვარ ჩართული. შექმნილია და მუშაობს „ნოსტალგიის თეატრი", წელიწადში დაახლოებით ორი სპექტაკლი იდგმება. ჩვენი ბენეფიციარები მოყვარული მსახიობები არიან. რამდენადაც რთულია მათთან მუშაობა, იმდენად საინტერესოა. რაც შეეხება სიმღერის გუნდს, მასში 25 კაცია ჩაწერილი, ძირითადად ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები გვაქვს. ასევე ინდივიდუალური წრეები გვაქვს შექმნილი. ქორეოგრაფიული წრეც გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, 5 იანვრის რესპუბლიკური ღონისძიების ჩასატარებლად ვემზადებით, ანუ წლის ბებია და ბაბუა, ადრე სუპერ-ბებიას და სუპერ ბაბუას ვეძახდით. რეპერტუარში გვაქვს ცეკვები, სიმღერები, ვისაც რა შეუძლია... ზოგი ხალხურ საკრავ ინსტრუმენტზე უკრავს, ზოგი ცეკვავს, ზოგი მღერის და ა.შ... მუსიკალური დასი გვყავს, ზოგი ფორტეპიანოზე უკრავს ბრწყინვალედ და ა.შ.. თვითონაც ძალიან დაინტერესებული არიან მონაწილეობა მიიღონ და მოიპოვონ წლის ბებიისა და ბაბუის სტატუსი. სურთ სცენაზე გავიდნენ და თავისი შემოქმედებით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ. 90 წლის კაცი სცენაზე რომ ცეკვავს და მღერის, ამაზე დიდი სანახაობა რა უნდა იყოს... მესამე სართულზე მარტოხელა ბენეფიციარები არიან, იქაც შექმნილია სიმღერის გუნდი და გვინდა, 5 იანვრის ღონისძიება მათ გახსნან. გუნდში რვა მომღერალი და ერთი მოცეკვავეა.

 

 

 

 

 

გავესაუბრეთ ამ ღონისძიების ერთ-ერთ მონაწილესაც, ბატონ სოსო ხუბუნაიას, რომელსაც იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აღმოაჩნდა.


სოსო ხუბუნაია: - 82 წლის გახლვართ, წონა არ მახსოვს (ხუმრობს)... გვაქვს სიმღერის გუნდი, სოლოსაც ვასრულებთ და გუნდურ სიმღერებსაც ვმღერით. ამავდროულად სპექტაკლებშიც ვმონაწილეობთ. უკვე ხუთ სპექტაკლში მაქვს მონაწილეობა მიღებული. „ნოსტალგიის თეატრის" მოყვარული მსახიობი ვარ. მიუხედავად ამ დუხჭირი ცხოვრებისა, ვცდილობთ, რაღაცნაირად შევიქმნათ საახალწლო განწყობა, რეალურად არც გვემღერება და არც გვეცეკვება, თუმცა ვცდილობთ, დავივიწყოთ ყველაფერი და დღეები ცოტათი გავიხალისოთ. მინდა, მთელ საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო, ვუსურვო ჯანმრთელობა, სიყვარული, სიხარული... დაე, მომავალი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წელი.


ისევ სარეპეტიციო დარბაზში გადავინაცვლე. ხანდაზმულები კვლავ დიდი მონდომებით ემზადებოდნენ. რეპეტიცია დასრულდა. ჯგუფური სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს და ფინჯან ყავაზეც დამპატიჟეს - ცხელი ყავა მიირთვი, გარეთ ცივა და გათბებიო.

 

 

 

 

ზედა სართულზე კაფე-ბარია „ჯული", იქ შევედით.

 

 

 

 

კვლავ თბილი მისალმება, სევდიანი და სიყვარულით სავსე მზერა... ფინჯან ყავასა და ორცხობილას შეექცეოდნენ, ჭორაობდნენ, ხუმრობდნენ, ზოგიც ყავაზე მკითხაობდა... ჩემი ვინაობით დაინტერესდნენ, თბილი სიტყვებით შემამკეს და მაგიდასთან მიმიპატიჟეს. მათთან რამდენიმე საათი დავყავი, წამოსვლა არ მინდოდა. იქ არის ხალხი, რომელთანაც დაშორება რთულია. ვიხალისე ამ ადამიანებთან საუბრითა და სხვადასხვა ამბების გაზიარებით. სანამ ფინჯან ყავას შევექცეოდი, ერთ-ერთ ბებიასაც გავესაუბრე ქალბატონ მაისო გურეშიძეს... ვარდისფერი პომადითა და კეკლუცი მზერით, თუმცა სევდიანი ისტორიით...

 

მაისო გურეშიძე: - ფილოლოგი ვარ, დაწყებითი კლასების პედაგოგი ვიყავი, განათლების პროფესიით, განათლების სამინისტროს ყოფილი მეთოდისტი. დაახლოებით თხუთმეტიოდე წელია რაც სათნოების სახლ „კათარზისს"  ბენეფიციარი ვარ. ჩემი მეუღლე, როგორც მწოლიარე ბენეფიციარი, ერთჯერად დახმარებაზე გადაიყვანეს. ყოველთვიურად ერთჯერად დახმარებას ვიღებთ, მშრალი პროდუქტის სახით. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მადლიერი ვართ აქაურობის, მადლობა ამ სახლის დირექციას, მომსახურე პერსონალს და მთლიანად სათნოების სახლს. აქ არათუ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც წამოვიწიეთ წინ. „კათარზისი" მხოლოდ საჭმელად სიარული არ არის, აქ ოჯახია.  ყველანაირ ადამიანს შეხვდებით... გაჭირვებულს, გონიერს, უგონოს, პედაგოგებს, კონსრვატორიადამთავრებულებს, ხელოვანებს და ა.შ... თუმცა ცხოვრებამ სხვანაირი გზა დაგვიგო.... ყველა თავისებურად ლამაზია, ყველა თავისებურად მდიდარია, ჭკვიანია... ჩვენს დარდსა თუ სიხარულს ვუზიარებთ ერთმანეთს. ვინმეს თუ ოჯახში გაუჭირდება, ვცდილობთ, როგორც შეგვიძლია ისე დავეხმაროთ. „კათარზისი" ჩემი მეორე სახლია, სადაც მომიხარია. ყველანაირი პირობებია იმისთვის, რომ სულიერად განიტვირთო.


მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ-წელს, დღეგრძელობას ვუსურვებ. ძალიან მინდა, გაერთიანებულ საქართველოში გვეცხოვროს. ხუთი შვილიშვილი მყავს, თავისუფალ, ლაღ და გაერთიანებულ საქართველოში მინდა ეცხოვროთ.

 

ამ საუბრით დავასრულე ჩემი მცირე ექსკურსია სათნოების სახლ „კათარზისში". დამშვიდობებისას პირობა ჩამომართვეს, რომ კვლავ ვესტუმრებოდი, რა თქმა უნდა, ასეც იქნება... თვალი მოვკარი კიბეზე რომ ჩამოვდიოდი, ერთ-ერთი მოხუცი პარკებში თავის წილ საკვებს ანაწილებდა, ისიც წასასვლელად ემზადებოდა... ეს პროდუქტი კი, ვინ იცის ვისთვის მიჰქონდა....

 

ახალი წელი მოდის... ამბობენ, მოხუცები პატარა ბავშვებივით არიანო, პატარები კი თოვლის ბაბუასგან საჩუქრებს ელიან... თოვლის ბაბუად ყოფნა კი ნებისმიერ ჩვენგანს ძალუძს... ისინი ჩვენ გველიან...

 

 

 

 

დაელოდეთ რუბრიკის გაგრძელებას - „რეპორტიორი" კვლავ შეგახედებთ იმ „ოჯახებში", სადაც სითბო, სიკეთე და უსასრულო იმედია...

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016