უკრაინის შს მინისტრი არსენი ავაკოვი „კვირის პალიტრასთან" მისი და ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების შესახებ განმარტებებს აკეთებს. ავაქოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებები, რომელმაც მის წინააღმდეგ გაიჟღერა, საფუძველს მოკლებულია. იმის დადასტურებას, რომ ავაქოვი კორუმპირებულია, ფაქტები და მტკიცებულებები სჭირდება, ხოლო მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობაც გამოძიებამ უნდა დაადასტუროს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაიში, რეფორმირების საბჭოს სხდომაზე არსენი ავაკოვსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ავაქოვი იმ ვიდეოთი დაინტერესდა, რომელიც მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი რუს ოლიგარქს, დიმიტრი მაზეპინს ხვდება. კითხვამ, აღნიშნული საკითხის შესახებ სააკაშვილი გააღიზიანა, მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს წყლით სავსე ჭიქა ესროლა.
„მას ასეთი მეთოდი აქვს ვინც შეეხება, ყველა ქურდად უნდა გამოაცხადოს. ავიწყდება, რომ კორუფციაზე ბრალდების გაჟღერებას მტკიცებულებები სჭირდება. ის კარგად მალავს ფაქტებს და რეალური სახის შენიღბვასაც ახერხებს. სააკაშვილმა ოდესის პროკურატურაში თავისი გუნდის წევრი საყვარელიძე დანიშნა, პოლიციასაც მისი თანაგუნდელი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, მაგრამ რომელი კორუფციონერი დაიჭირეს ოდესაში? სააკაშვილის სიტყვასა და საქმეს შორის დიდი განსხვავებაა.
ამ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე სააკაშვილს შევხვდი. მეგობრულად ვისაუბრეთ რეფორმებსა და სხვა საკითხებზე, რომელსაც არ გავასაჯაროებ. ისიც კი მითხრა, კარგი მინისტრი ხარ და საუკეთესო რეფორმებს ატარებო. იცით, ადეკვატურ მინისტრად მაშინ ვგრძნობ თავს, როდესაც ვხვდები, რომ უკრაინაში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა მეტ-ნაკლებად შემიძლია. თუ ცალი ხელით შიდა მტრებსა და ინტრიგებს უნდა ვებრძოლო, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მეორე ხელით სისტემის ცვლილებას ვახერხებ. როგორც კი მივხვდები, ეს არ გამომდის, თანამდებობაზე დარჩენის მოტივაციაც აღარ მექნება. სწორედ ამ მიზნით სააკაშვილს მშვიდად ვუთხარი: ბატონო მიხეილ, მომიტანეს ქაღალდები, სადაც რუსულ კომპანიასთან თქვენი კავშირები იკვეთება, გადაღებულია შეხვედრებიც მეთქი, მაგრამ წინადადების დასრულების შესაძლებლობა არ მომცა. სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციას სცილდება ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს."- განაცხადა ავაკოვმა „კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.