პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, მიესალმება. როგორც ცინცაძემ „კვირის ქრონიკასთან" საუბარში განმარტა, აუცილებელი არ არის, საქართველო რუსეთს ჩაეხუტოს და სტრატეგიული მოკავშირე უწოდოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური ურთიერთობა ჩამოაყალიბოს.
„პუტინის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს, დადებითად ვაფასებ. ვკითხულობ კომენტარებს და ვხედავ, რომ შიშს დიდი თვალები აქვს. ადამიანთა დიდი ნაწილი ეჭვობს, რომ პუტინს მზაკვრული გეგმა აქვს, მაგრამ ვერ ვიცხოვრებთ იმის შიშით, თუ რა იქნება ვიზების გაუქმების შემდეგ. არაფერიც არ იქნება, როგორც დღეს ვართ, ისე ვიქნებით ხვალ. რაც უფრო მეტ ქვეყანაში გვექნება მოგზაურობის უფლება, ეს იქნება კარგი როგორც ჩვენთვის, ასევე, იმ ქვეყნებისთვის.
ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც აქვს ფუფუნების უფლება, რუსეთთან დაძაბულ ვითარებაში იცხოვროს საუკუნეების მანძილზე. აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებ ქვეყანასთან იყოს კონფრონტაციულ რეჟიმში. არ არის აუცილებელი, ჩავეხუტოთ რუსეთს და სტრატეგიული მოკავშირე ვეძახოთ, მაგრამ ნორმალური ურთიერთობები რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ, ეს აქსიომაა", - განაცხადა ცინცაძემ.
წყარო: „კვირის ქრონიკა"