reportiori.ge - პატარკაციშვილმა არ იცოდა, რომ სააკაშვილი და ჟვანია მის გამო წაეკიდნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ - სკანდალური ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას საქმეში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:18
პრეს-დაიჯესტი
პატარკაციშვილმა არ იცოდა, რომ სააკაშვილი და ჟვანია მის გამო წაეკიდნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ - სკანდალური ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას საქმეში
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 12:37


 

გოგლა ჟვანია „ქრონიკას": „შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ მაგ ინფორმაციის დაზუსტებაში და მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია? თუ დაგვეხმარებით ამ ინფორმაციის გარკვევაში, ძალიან კარგი იქნება!"



ზურაბ ჟვანიას მკვლელობიდან 10 წელზე მეტია გასული და თვე არ გავა, ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ახალი დეტალი არ გახდეს ცნობილი. მისი მკვლელობის უკვე იმდენი მოტივია მედიით გახმაურებული, ყველას ვერც კი გავიხსენებ. ამჯერადაც „ქრონიკას" ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ მოაწოდეს ინფორმაცია. თუმცა, შესაძლოა, ეს დეტალი სულაც არ არის და ჟვანიას მკვლელობის რეალური და ერთადერთი მიზეზიც აღმოჩნდეს.


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დღესვე, დილაადრიან, მისი დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ სახელმწიფო კანცელარიას მიაკითხა, პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შევიდა და მისი სეიფი სრულად გამოაცარიელა. დღემდე ათასგვარი ვარაუდი გამოითქმებოდა იმის შესახებ, რა სახის დოკუმენტაცია გააქრო ხარშილაძემ სეიფიდან, სახელდებოდა სხვადასხვა სახის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, მათ შორის, სხვადასხვა ობიექტების პრივატიზაციისა. ზოგადად, პრივატიზაციის თემა ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან მეტად ახლოს დგას და აქტუალურია.


„ქრონიკას" სანდო წყარომ განუცხადა, რომ კობა ხარშილაძე სახელმწიფო კანცელარიას ერთადერთი მიზნით ეწვია - მოეპარა და გაექრო ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მიზეზი - უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. წყაროს თქმით, ეს გახლდათ ფოთის პორტის პრივატიზაციის დოკუმენტაცია. „ფოთის პორტის პრივატიზაცია უკვე მომხდარი იყო, დასრულებული. ის ბადრი პატარკაციშვილმა იყიდა და ამ საქმეში ზურაბ ჟვანია იყო მისი მხარდამჭერი. თუმცა, ამას შეეწინააღმდეგა მიხეილ სააკაშვილი. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო მათ შორის დავის წამოწყების მიზეზი, რომელიც ზურაბ ჟვანიას მკვლელობით დასრულდა", - აცხადებს წყარო. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავდაპირველად თანახმა იყო, რომ ფოთის პორტი ბადრი პატარკაციშვილს ეყიდა, ზურაბ ჟვანიაც მასთან შეთანხმებით მოქმედებდა, მაგრამ ბოლო მომენტში, როცა უკვე პრივატიზაციის ეტაპი სრულად დასრულდა, რაღაც მოხდა, სააკაშვილმა ჟვანიას კატეგორიულად მოსთხოვა, რომ პორტი პატარკაციშვილისთვის აღარ მიეყიდა, თუმცა, ზურაბ ჟვანიაც ასევე კატეგორიული ყოფილა და პრეზიდენტისთვის განუცხადებია, რომ იმ მომენტისთვის პორტს მხოლოდ ბადრი პატარკაციშვილს მიჰყიდდა და სხვას არავის. მიხეილ სააკაშვილს ჟვანიასთვის განუცხადებია, რომ პორტის უფრო სარფიანი მყიდველი გამოჩნდა და რამენაირად პატარკაციშვილთან გაფორმებული საპრივატიზაციო ხელშეკრულების ანულირება უნდა მომხდარიყო, რასაც მისი იურისტები ისე მოაგვარდნენ, რომ ზურაბ ჟვანია ამ უხერხული ვითარებიდან სუფთად გამოვიდოდა და მხოლოდ ბადრი პატარკაციშვილთან გაუფუჭდებოდა ურთიერთობა.


ფოთის პორტის სკანდალი მეტნაკლებად ამ წლების მანძილზე ხმაურდებოდა, თუმცა წყარო აცხადებს, რომ კობა ხარშილაძემ პრემიერის სეიფიდან სწორედ ფოთის პორტის საპრივატიზაციო დოკუმენტების სრული პაკეტი მოიპარა და გააქრო. დოკუმენტების მიხედვით, ყველაფერი უკვე დასრულებული იყო, დოკუმენტზე უკვე ზურაბ ჟვანიასაც კი ჰქონდა ხელი მოწერილი და ყველაფერი გადაწყვეტილი იყო - პორტი უკვე პატარკაციშვილისა იყო. თუმცა, ზურაბ ჟვანია მოკლეს და შემდეგ დოკუმენტაციაც გაქრა. სეიფში ერთი ფურცელიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც ფოთის პორტის პრივატიზაციასთან იქნებოდა დაკავშირებული. საინტერესოა, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანია მოკლეს და დაახლოებით ერთ თვეში, სააკაშვილმა ფოთის პორტი სასწრაფო წესით არაბულ კომპანია „რაკიას" მიჰყიდა. სავარაუდოდ, როცა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიას უთხრა, რომ ფოტის პორტის უფრო სარფიანი მყიდველი გამოჩნდა, სწორედ „რაკია" იგულისხმა.


ვიმეორებ, წყარო სანდოა და მის მიერ მოწოდებულ ამ ინფორმაციაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ აქ ერთი კითხვა ჩნდება. ცნობილია, რომ ბადრი პატარკაციშვილი ზურაბ ჟვანიასთან მეგობრობდა, აცხადებდა კიდეც, რომ ყველაფერს გააკეთებდა მისი მკვლელობის საქმის გასახსნელად. თუ ზურაბ ჟვანია პატარკაციშვილისთვის ფოთის პორტის მიყიდვას შეეწირა, მაშინ ამის შესახებ სიცოცხლეში რატომ არაფერი თქვა თავად პატარკაციშვილმა? შესაძლოა, მან არც კი იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია მის გამო წაეკიდნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ. შესაძლოა, ეს კიდეც იცოდა და სიმართლე სწორედ იმიტომ არ თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მიზეზი მას უკავშირდებოდა.




„ქრონიკა" ზურაბ ჟვანიას ძმას, გოგლა ჟვანიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იცოდა თუ არა სავარაუდოდ, რომ პრემიერის სეიფიდან კობა ხარშილაძემ ფოთის პორტის პრივატიზაციის დოკუმენტაცია მოიპარა და გააქრო.


- ბატონო გოგლა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დილით, კანცელარიას კობა ხარშილაძე ეწვია, პრემიერის სეიფიდან ყველაფერი წაიღო და მათ შორის, დოკუმენტაციაც...


- მე ზუსტად ვერ გეტყვით, რა გაიტანა...


- რამდენადაც ვიცი, ამ დოკუმენტაციაში იყო ფოთის პორტის პრივატიზაციის სრული პაკეტი, რომელიც შემდეგ ხარშილაძემ გააქრო, უფრო კონკრეტულად, პორტი, ფაქტობრივად, უკვე პრივატიზებული იყო, ზურაბ ჟვანიას უკვე ხელიც ჰქონდა მოწერილი ბადრი პატარკაციშვილისთვის პორტის მიყიდვის დოკუმენტებზე. ამ დოკუმენტზეა საუბარი.


- თქვენ გაქვთ ეგ ინფორმაცია?


- მე მომაწოდეს.

 

- შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ მაგ ინფორმაციის დაზუსტებაში და მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია?


- თუ წყარო დამთანხმდება, შეგახვედრებთ.


- დიდი მადლობა!


- თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდით?


- სეიფში რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტები ინახებოდა, ეს ვიცი, ხარშილაძემ სეიფიდან, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი დოკუმენტები რომ წაიღო, ეს ვიცი, მაგრამ კონკრეტულად რა, ვერაფერს გეტყვით. არა, ფოთის პორტის პრივატიზაციის დოკუმენტაცია თუ წაიღო, ნამდვილად არ ვიცოდი. თუ დაგვეხმარებით ამ ინფორმაციის გარკვევაში, ძალიან კარგი იქნება.


„ქრონიკა" ამ თემას მომდევნო ნომერში მიუბრუნდება.


 

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016