რუბრიკა: თბილი სახლი
„რეპორტიორი" აგრძელებს რუბრიკას „თბილი სახლი", დღეს ჩვენი მასპინძელია „წმ. მამა გაბრიელის სახელობის პალიატიური ჰოსპისი".
ცენტრის დაფუძნების იდეა ინგლისში ყოფნის პერიოდში გაუჩნდა, იქაც მსგავს დაწესებულებებში მუშაობდა. თავდაპირველად რთულ საქმედ მიიჩნეოდა ამის გაკეთება, თუმცა, მან ეს მაინც შეძლო.
მარიამ ბორშუკოვა: - ამ დაწესებულების ჩამოყალიბებას რომ ვიწყებდით, იმ პერიოდში მამა გაბრიელი წმინდანად უნდა შეერაცხათ. გადავწყვიტეთ ჰოსპისი მისი სახელობის ყოფილიყო. რთულ სიტუაციაში მოხუცებს უთქვამთ, „ნუ, გეშინია, ხომ იცი მამა გაბრიელი აქ არის..." მის მფარველობას ყოველთვის ვგრძნობთ. როდესაც სამებაში მამა გაბრიელი იყო დაბრძანებული, ყველა მიკროავტობუსში ჩავსვი, მწოლიარე თუ მოსიარულე, და ტაძარში წავიყვანეთ. მეოთხე წელი სრულდება, რაც ეს დაწესებულება გვაქვს. ჩვენთან ყველანაირი პაციენტები არიან, მძიმეები, დემენციური პაციენტები (სკლეროზის გართულებული ფორმაა), არიან ახალგაზრდებიც. ასევე პალიატიური პაციენტები, ვისაც პალიატიური მზრუნველობა სჭირდება, იმიტომ რომ ეს თავშესაფარი და პალიატიური ჰოსპისია ერთად. ამჟამად 36 ადამიანია ჩვენთან, კიდევ ველოდებით... აქ 24-საათიანი მომსახურებაა. მძიმე პაციენტებს უფრო საავადმყოფოები გზავნიან. თბილისში პალიატიური მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდება, ნახევარს ჩვენი სპონსორი აფინანსებს - ნახევრად ქართველია, საქართველოს მოქალაქე არ არის და ვინაობის გამხელა არ სურს. 18 მარტოხელა კარვებიდან ჰყავთ გადმოყვანილი. მერია მადლობის საფასურად ქირას გვიხდის. გვყავს სამი ექთანი და ოთხი ექთნის დამხმარე, ასევე ფსიქიატრი, მზარეული, დამლაგებელი. ამას გარდა, იყვნენ ბიჭები, რომლებიც სავალდებულო სამსახურს გადიოდნენ ჩვენთან, უკვე აღარ გვყავს, ალბათ, გამოგვიგზავნიან. მასაჟისტი საჭიროების მიხედვით, პაციენტს თუ დასჭირდა. საპატრიარქოს ნევროპათოლოგი მოგვყავს, ასევე ენცეფალოგრამისტი. ამჟამად სამი მძიმე პაციენტი მყავს. დანარჩენი მომსახურე პერსონალი მორიგეობით მუშაობს.
ოთხი წელია სახლში არ დამიძინია, სულ აქ ვარ.
აგვისტოში კარვებიდან 18 კაცი რომ მომიყვანეს, სანოვაგით, ჭურჭლის ჟელეთი და სარეცხის ფხვნილით, რაც ჩემთვის ზღაპარივით იყო, მერიამ მოგვამარაგა, სანოვაგე დიდ მანქანაში ჩაალაგეს და გამოატანეს. საახალწლოდაც დამიბარეს, მიღება-ჩაბარების სიას უნდა მოვაწერო ხელი, იმის მიხედვით გადმოგვცემენ სანოვაგეს. შეგვპირდნენ, რომ საახალწლოდ საჩუქრებით მოვლენ. რა უხარიათ მოხუცებს? - ტკბილეული, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის ყურადღებაა. მათ უნდა ეგრძნოთ, რომ ხალხს სჭირდება. დღეს, მაგალითად, ცომი დამრჩა და „ვატყიპნინე" რაღაცეები, ერთმანეთს გაუკეთეთ, რომ გაახაროთ-მეთქი. ეს ყველაფერი სიამოვნებთ, როცა გრძნობენ რომ ვიღაცისთვის საჭირონი არიან. თან საკმაოდ მშრომელები არიან, მხართეძოზე წამოწოლა და უსაქმოდ ყოფნა არ სურთ. ჩვენთან ერთმანეთზე ზრუნვა და გუნდური ცხოვრებაა.
უღრმესი მადლობა „თოლიას", რომელმაც არ მოგვაკლო ნაყინი და სხვა საკვები, მაღაზიებში მაცივრებში ვინახავდით ნაყინს, რადგან ჩვენთან ადგილი აღარ იყო. ტორტების მაღაზია „აზატო" სულ გვეხმარება და თუ ვინმეს დაბადების დღეა, ტორტს გვიგზავნის.
- საახალწლოდ რა სამზადისი იგეგმება „წმ. მამა გაბრიელის სახელობის პალიატიურ ჰოსპისში"?
- ჩვენთან სულ რომ არავინ მოვიდეს, საახალწლო სუფრას ყოველთვის ვაკეთებთ. თოვლის ბაბუას კოსტიუმში ვეწყობით, ახალი წლის ღამეს სანთლებს ვაჭერინებ, სურვილს იფიქრებენ. შემდეგ ერთმანეთს ვულოცავთ. საჩუქრებს ვუფუთავთ, რომლებსაც ერთმანეთს ჩუქნიან. ქალები გოზინაყის დაჭრაში გვეხმარებიან, კაცები - კაკლის დატეხვაში, სამზადისში სპეციალურად ვრთავთ, რადგან ბავშვებივით უხარიათ. 31 დეკემბრის ღამეს როგორც დიდი ოჯახი, ისე ვხვდებით ახალ წელს, ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და ასე შევეგებებით ახალ 2016 წელს.
7 იანვარს „გორგასალის" უნივერსიტეტიდან აპირებენ მოსვლას, ამ უნივერსიტეტიდან ხშირად მოდიან, ფოლკლორული წრე აქვთ, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად მღერიან, ეს ბავშვები უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ასხივებენ. ასევე კერძო სკოლიდან ხშირად გვსტუმრობს ორი მეთორმეტეკლასელი, მოაქვთ ნამცხვარი, მაწონი, ტკბილეული, რაც შეუძლიათ... ვიცი, რომ ეს ქვეყანა არ დაიღუპება, რადგან ასეთი თაობა მოდის. როგორც გინდათ გამიგეთ, ჩვენ ვართ მამა გაბრიელის სახელობის, როცა ვიცით, რომ ხვალ და ზეგ არაფერი გვექნება, მამა გაბრიელის ძალას ვგრძნობთ, გამოგვიჩენს ხოლმე დახმარებას.
შობისთვის საშობაო ნამცხვრის გამოცხობაშიც ბებოები მეხმარებიან. ვალამაზებთ სახლს. შობის ღამეს საშობაო „ალილოს" ვმღერით. ქვედა სართულზე დიდი სამლოცველო ოთახი გვაქვს, ჩავდივართ და ვლოცულობთ. ვინც მოსიარულეა და გადაადგილება შეუძლია, ტაძარში მიგვყავს.
ტრადიცია გვაქვს, რომ ყველა ღია ფერებში უნდა გამოეწყოს, მოხუცებსაც უხარიათ. სხვათაშორის, სილამაზის სალონი „ნატალი" შეგვპირდა, საშობაოდ გაგილამაზებთ მოხუცებსო. ყველაზე მეტად სადღესასწაულო სამზადისში ჩართულობა უხარიათ, ეს მათ დღეებს უხალისებთ.
ოთახებში მძიმედ მყოფი პაციენტები იყვნენ, ზოგი აპარატზე შეერთებული, ზოგი მწოლიარე, რომელსაც დახმარების გარეშე თავის აწევაც კი არ შეუძლია. იყვნენ ხელჯოხიანები, ოთახიდან ოთახში ვარჯიშის სახით გადაადგილებას ცდილობდნენ. რამდენიმე მათგანთან გასაუბრება ვცადე, თუმცა ზედმეტი კითხვებით თავი არ მოვაბეზრე. ჰოსპისის დამფუძნებელსა და იქ მომუშავე პერსონალზე კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათზე უზომოდ შეყვარებულები არიან. თვლიან, რომ მათ ღმერთი აძლევს ძალას, რათა ეს კეთილი საქმე აკეთონ.
ერთ-ერთ ოთახში შევედი, სადაც ორი ხანდაზმული მწოლიარე ბებოს თავთან ისხდა, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, ალბათ, ეს ბებოები მის გამხნევებას ცდილობდა.
პირობითად ნატო: - ასეთი „გულიანი" ხალხი, როგორიც ამ დაწესებულებაშია იშვიათობაა. აქ დედაშვილური ურთიერთობა და სიყვარულია. ამას ვერ დაიჯერებს და ვერ გაიგებს, ის ვინც საკუთარი თვალით არ ნახავს ყოველივეს.
პირობითად რუსუდანი: - სანამ ცოცხალი ვარ, ეს ხალხი არასდროს დამავიწყდება. ყველანი ძალიან კარგები არიან. ერთ დროს თვითონ ვიყავი ექთანი და გაკვირვებული ვარ, რომ ვუყურებ, თუ როგორ უვლიან ესენი ავადმყოფებს. აქ ფაქტობრივად ოჯახია, თითოეული მათგანი საკუთარი ოჯახის წევრებივით გვეპყრობა, გვეფერებიან და თავდაუზოგავად გვივლიან. ადამიანი ბუნებით უნდა იყო ისეთი, რომ ასე გულით მოუარო ავადმყოფებს. აქ ნამდვილად უფლის ხელი ურევია.
წინასაახალწლოდ მარიამმა ჩამოუარა ყველა ავადმყოფს და ჰკითხა, ვის რა საჭმელი უყვარს. ჩაიწერა, რომ საახალწლო სუფრაზე ყველაფერი ის იყოს რაც თითოეულ მათგანს გაახარებს.
შემდეგ ზევით სართულზე გადავინაცვლე, სადაც რამდენიმე ხანდაზმული ტელევიზორს უყურებდა. ერთი მოხუცი კი უბრალოდ იჯდა, მისი თვალები სადღაც უსასრულო მზერით იყურებოდნენ... მის გვერდით ჩამოვჯექი, მივესალმე, ისიც თბილი ხმით მომესალმა. მკითხა, ვინ ვიყავი, საიდან მოვედი... თუმცა არ შემოუხედავს... დაჟინებით ვუმზერდი, ის კი უსასრულობას უმზერდა, მე არ მიყურებდა, მალევე მივხვდი, რაშიც იყო საქმე, ის უსინათლოა...
- ქუჩიდან მომიყვანეს აქ, როგორც საკუთარი შვილები ისე მივლიან, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ახალ წელს ვულოცავ მთელ საქართველოს. მომავალ თაობას ძლიერ სახელმწიფოში ეცხოვროთ, ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს...
მინდოდა, მოვხვეოდი და რაიმე სანუგეშო მეთქვა... მოვფერებოდი... თუმცა, ვერაფერი შევძელი...
პირობითად ირაკლი: - მე სხვა თავშესაფრიდან გადმოვედი, აქ უკეთლშობილესი ხალხია უფროსობიდან დაწყებული, ექთნებით დამთავრებული. ვცდილობთ, როგორღაც გადავატანინოთ ერთმანეთს ჩვენი ტკივილი, დარდი... ერთმანეთს ვუზიარებთ გასაჭირს, მომავალს კი იმედით შევყურებთ.
დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ მთელ საქართველოს, უპირველესად ჯანმრთელობას გისურვებთ, ხვავის და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ყველასთვის. გამთლიანებულიყოს საქართველო. მინდა, რომ ქუჩაში ყველამ მომღიმარი სახით იაროს...
დავემშვიდობე თითოეულ მათგანს, ოდნავ სევდიანმა, თუმცა კვლავ სითბოთი ავსებულმა გამოვიხურე კარი...
დაელოდეთ რუბრიკა „თბილი სახლის" შემდეგ გაგრძელებას. „რეპორტიორი" კიდევ ერთი „ოჯახის" კარს შეაღებს...
http://reportiori.ge/?menuid=3&id=84655