reportiori.ge - worknet.gov.ge – ეს ყველამ უნდა წაიკითხოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:53
ინტერვიუ
worknet.gov.ge – ეს ყველამ უნდა წაიკითხოს!
22 დეკემბერი, 2015. 16:11


დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთათვის ახალი პორტალი www.worknet.gov.ge შეიქმნა, რომლის მიზანი ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებაა. ეს არის ერთიანი შრომის ბაზრის სისტემა, სადაც დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მათ კი, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, საშუალება აქვს მიმართოს სოციალური მომსახურების ნებისმიერ სააგენტოს, სადაც გაუწევენ შესაბამის დახმარებას. დასაქმების სხვა საიტებისგან განსხვავებით worknet დარეგისტრირებულ პირებს არა მხოლოდ ეხმარება სამსახურის მოძიებაში, არამედ უწევს კონსულტირებას, ეხმარება კარიერის დაგეგმვაში და არის შუამავალი დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებელს შორის. დასაქმების ახალ პორტალზე „რეპორტიორს" ესაუბრა დასაქმების მაძიებელთა აღრიცხვის სამმართველოს უფროსი ნინო აგაშენაშვილი .

 

- საიდან გაჩნდა დასაქმების ახალი საიტის ინიციატივა?


- საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების შემდეგ, სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის მიზნით 2014 წლის 24 სექტემბერს გაკეთდა 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმა. მისი მიზანი იყო ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება. ერთ-ერთი პუნქტით, უნდა შექმნილიყო მოქნილი, ყველასთვის მისაწვდომი სისტემა, რომელმაც საქმიანობა დაიწყო 2013 წლის დეკემბრიდან.


- რითია განსხვავებული worknet.gov.ge სხვა დასაქმების საიტებისგან?      

 

- სხვა დასაქმების საიტებისგან worknet.gov.ge განსხვავდება იმით, რომ არის ერთიანი შრომის ბაზრის სისტემა. ამ ეტაპზე ინფორმაცია შედის სამუშაოს მაძიებლების შესახებ (ადამიანები, რომლებიც არიან უმუშევრები ან ეძებენ ახალ სამსახურს). მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება რეგისტრაცია. ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 56 526 სამუშაოს მაძიებელი. სისტემა არის განვითარების პროცესში. 2016 წლის გაზაფხულიდან ამუშავდება დამსაქმებლის მოდული, სადაც დარეგისტრირდებიან დამსაქმებლები. ასევე ამუშავდება ვაკანსიების მოდული, შევა აქტიური ვაკანსიები და სისტემა დაიწყებს დამსაქმებლის და სამსახურის მაძიებლის დაკავშირებას. ჩვენი მიზანია, მოკლე პერიოდში მოხდეს ინფორმაციის გავრცელება და ამის საფუძველზე მათი დაკავშირება. ამ ეტაპზე შემოსული ვაკანსიების ინფორმაციის გავრცელება ხდება სმს-ის ან მაილის საშუალებით სამსახურის მაძიებლებთან. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ დაინტერესების შემთხვევაში და ამის შემდეგ ხდება საშუამავლო მომსახურების განხორციელება.


- რა როლს ასრულებს სახელმწიფო დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებელთა შორის?

 

- სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია არის, ხელი შეუწყოს დამსაქმებლისა და სამსახურის მაძიებლის დაკავშირებას. დაეხმაროს ორივე მხარეს შესაბამისი ვაკანსიებისა და კადრების პოვნაში. პირველადი გაცხრილვის ტვირთი ავიღეთ ჩვენ, ვაკანტურ ადგილებზე წარდგენილი კადრებიდან ვარჩევთ სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ყველაზე შესაფერისს და ამის შემდეგ ვაგზავნით დამსაქმებელთან. ასევე სამსახურის მაძიებელს უნდა მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, რა ტიპის ვაკანსიებია ბაზარზე მთელი საქართველოს მასშტაბით. სანამ სამსახურის მაძიებლის კონკრეტულ ვაკანსიაზე გადამისამართება მოხდება, მანამ ხდება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური კონსულტირება. ამის შემდეგ სამსახურის მაძიებელს ან პირდაპირ ვამისამართებთ ვაკანსიაზე, ან ვთავაზობთ ტრენინგს, პროფესიულ სწავლებას და ფორუმში მონაწილეობის მიღებას. სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში ახდენენ გასაუბრებას. დროის მოკლე მონაკვეთში ხდება სასურველი კადრის მოძიება. ამასთანავე დამსაქმებელიცა და სამსახურის მაძიებელიც იღებენ ინფორმაციას ბაზარზე არსებული კადრებისა და ვაკანტური ადგილების თაობაზე.


- აქვს თუ არა სახელმწიფოს შემუშავებული პროგრამა ადამიანებისთვის, რომელთაც წვდომა არ აქვთ ინტერნეტთან?

 

- worknet.gov.ge შეიქმნა 2013 წლის დეკემბერში და დაიწყო ინფორმაციის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოციალური მომსახურების სააგენტოს გააჩნია 69 რაიონული განყოფილება, სადაც არიან წარმომადგენლები, დასაქმების კუთხით. დასაქმების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია რაიონებში ვრცელდება. რაც შეეხება დარეგისტრირებას, იყო მობილური ჯგუფები, რომლებიც გადიოდნენ სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში და ახდენდნენ პირველად რეგისტრაციას. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს კონტაქტი სოფლის მოსახლეობასთან და ვატარებთ ჯგუფურ ტრენინგებს. ახალ დასაქმების საიტზე დარეგისტრირების ნებისმიერ მსურველს ვეხმარებით რეგისტრაციის გავლაში. სოციალური სააგენტოს სტრუქტურაში შედის 69 რაიონული განყოფილება, თბილისის 5 რაიონული განყოფილება და 10 რეგიონი, რომელთა წარმომადგენლები ეხმარებიან მსურველებს ინფორმაციის მიღებასა და დარეგისტრირებაში.

 

- დაემატება თუ არა ახალი ფუნქციები worknet-ს?

 

- ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ სამსახურის მაძიებლის პროფილი. ახლო მომავალში დაემატება დამსაქმებლის, ვაკანსიების რეგისტრაციის და CV-ს რეგისტრაციის მოდული. worknet.gov.ge სრული სახით მუშაობას დაიწყებს 2016 წლის გაზაფხულიდან.

 

- გაქვთ თუ არა დაახლოებითი ბაზა, სტატისტიკა, რამდენი ადამიანია დასაქმებული, შრომისუნარიანი თუ დაუსაქმებელი?

 

- worknet-ში რეგისტრირებულია 56 526 სამსახურის მაძიებლი. აქედან კონსულტირება გაწეული გვაქვს გარკვეული რაოდენობისთვის. მოძიებულია 4000-მდე თავისუფალი სამუშაო ადგილი და გაგზავნილია 2000-ზე მეტი კადრი. თავისუფალი ადგილების სრული ათვისება ვერ ხდება სხვადასხვა მიზეზების გამო; დაბალი ხელფასი, სამუშაო პირობები ან დამსაქმებლის კვალიფიკაცია. ჩვენი ინფორმაციით, worknet-ის მეშვეობით ამ ეტაპზე 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ასევე ჩატარდა დასაქმების კვირეული, სადაც დასაქმდა 37 ადამიანი. კადრებზე ინფორმაციის მიღების შემდეგ დამსაქმებელს 3-დან 6 თვემდე ვადა აქვს ინფორმაციის მისაღებად.


რაც შეეხება დამსაქმებელზე ინფორმაციას, გადის მობილური ჯგუფი, ვაცნობთ სახელმწიფო სამსახურის ფუნქციას. ეს ხდება უფასოდ და მათი ხელშეწყობის მიზნით, რადგან ჩვენ ვთავაზობთ კადრების მოძიებას დროის მცირე მონაკვეთში ზედმეტი დანახარჯების გარეშე. უკვე გვყავს დამსაქმებლები, რომლებიც გვეკონტაქტებიან. მათ ჩვენს მიერ ჩატარებულ მესამე ფორუმში მონაწილეობაც მიიღეს.


- არის თუ არა შემუშავებული რაიმე მოდელი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის?

 

- შემუშავდა და ჩამოყალიბდა სპეციალური მოდელები. ამ ეტაპზე ხდება მხარდაჭერითი სპეციალისტების აყვანა. ეს ახალი მოდელი მედიატორის როლს ასრულებს, კონკრეტულ ბენეფიციარს ეხმარება სამსახურის მოძებნაში, CV-ს გაკეთებაში, დამსაქმებლებთან მოლაპარაკებაში და დასაქმების შემთხვევაში გარკვეული პერიოდი მუშაობს მასთან ერთად.

 

- რა აუცილებელ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ შეძლოს თქვენი სააგენტოს დახმარებით დასაქმება?

 

- განსაკუთრებული მოთხოვნები არ გვაქვს. აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული worknet-ზე. იმ შემთხვევაში, თუ ვერ რეგისტრირდება სხვადასხვა მიზეზების გამო, უნდა მოვიდეს სოციალური მომსახურების ნებისმიერ სააგენტოში, სადაც გაუწევენ ნებისმიერი ტიპის დახმარებას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016