„კაბელების საქმის" პროკურორის ნინო აღლემაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ვახტანგ კაპანაძის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველა ის გარემოება, რასაც პროკურატურა ამ დრომდე, ამტკიცებს. კერძოდ, აღლემაშვილის განმარტებით, ფაქტია, რომ კომპანია „სპეცკავშირმშენმა" თავდაცვის სამინისტროს უფასოდ შესთავაზა ქონება, რომელშიც შემდეგ მილიონობით ლარი იყო გადახდილი.
რაც შეეხება იმას, შეესაბამებოდა თუ არა თავდაცვის სამინისტროს მიზნებს „სილქნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულება, ბრალდების მხარის თქმით, „მოწმე არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას, ვინაიდან აღნიშნული საკითხი მის ფუნქციურ ვალდებულებებში არ შედიოდა".
„სახელმწიფო ბრალდებას აქვს დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ თავდაცვის სამინისტროს შენაძენი არათუ არ შეესაბამებოდა სამინისტროს მიზნებს, არამედ მასში გადახდილი თანხის ეკვივალენტური არ იყო", - აცხადებს აღლემაშვილი.