„ცუდია, რომ ელისაშვილმა ეს განცხადება გააკეთა წელიწად-ნახევრის შემდეგ, მაგრამ კარგია, რომ განცხადება გაკეთდა და ამაზე გამოძიებამ რეაგირება მოახდინა", - ასე ეხმაურება ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომელიც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეებზე ზეწოლას ეხება. როგორც ხაჭაპურიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, შეწყალების კომისიის გარშემო მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია. თუმცა ხაჭაპურიძე აქვე განმარტავს, რომ შეწყალების კომისიის საქმიანობა გარკვეულ კითხვებს ბადებს.
„ყველაფრისგან უნდა მივიღოთ დადებითი შედეგი. ჩვენ ჯერჯერობით ჯანსაღი სახელმწიფო არ ვართ, არ გვაქვს სისტემები, რომლებიც გამართულად მუშაობენ.
სააკაშვილის პერიოდში შეწყალების კომისია გახდა კორუფციის სერიოზული წყარო. მიდიოდა საუბრები უზარმაზარ თანხებზე. ელენე თევდორაძე ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა. რამდენიმე დღის წინ ელენე თევდორაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის დროს საქმე გვქონდა შეწყალების ორ სიასთან. კომისია განიხილავდა სიას, რეკომენდაციას გაუწევდა მაგალითად 5 ადამიანს, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილება შედიოდა პრეზიდენტთან ხელმოსაწერად, იქიდან გამოდიოდა 35-კაციანი სია. ვინ ამატებდა ამას, ვინ იხილავდა, რა კორუფციული გარიგებები იყო, არავინ იცოდა. სამწუხაროდ, ელენე თევდორაძის განცხადებას ყურადღება არავინ მიაქცია.
მიმაჩნია, რომ ახლა მიმდინარეობს მართვადი პროცესი. რამდენიმე დღის წინ მოსამართლის წინააღმდეგ გაკეთდა განცხადება, რომ მან ქრთამი აიღო ზურა ვაზაგაშვილის ჩაცხრილვის საქმეზე და განაჩენი უკანონოდ გამოიტანა. ამას მოჰყვა შეწყალების კომისიის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. ანუ, იხატება სურათი, რომ სააკაშვილის პერიოდში ხელისუფლება, აღმასრულებელი ორგანო იყო პატიოსანი, ხოლო დღეს მოვიდა ხელისუფლება, რომელიც არის აბსოლუტურად კორუმპირებული. ეს არის მიზანმიმართული კამპანია.
თუმცა, დღევანდელი შეწყალების კომისია სულ სხვა რელსებზეა გადასაყვანი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია თავად კომისიაში", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.