reportiori.ge - თამარ კორძაია: 2017 წლის 1 იანვრიდან 18 წლამდე ქორწინება კანონით აიკრძალება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:56
ინტერვიუ
თამარ კორძაია: 2017 წლის 1 იანვრიდან 18 წლამდე ქორწინება კანონით აიკრძალება!
22 დეკემბერი, 2015. 18:38


პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის შესახებ.


ფრაქცია „რესპუბლიკელების" წევრი თამარ კორძაია „რეპორტიორს" ესაუბრა ამ კანონპროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ მომავალში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება კანონით აიკრძალება. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვან გოგონას ათხოვებენ. დედა კი ყოველდღიურად 4 არასრულწლოვანი ხდება.

 

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევა ცვლილება, რომლის თანახმადაც, 17-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება.

 

- რა კრიტერიუმების მიხედვით გასცემს სასამართლო ნებართვას 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე?

 

- პირველ რიგში კრიტერიუმები საერთაშორისო სტანდარტით  განისაზღვრება. „ბავშვის უფლებათა კონვენცია"  ადგენს იმას, 18 წლამდე ადამიანი ითვლება ბავშვად  და მისი ქორწინება დაუშვებელია. 17-დან 18 წლამდე ასაკში ქორწინება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ უკვე შვილი ჰყავს 17 წლის ასაკის პირს. 17 წლის განსაზღვრისას ვისარგებლეთ იმ კრიტერიუმით, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 16 წლამდე არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი არის დანაშაული. შესაბამისად, თუ 16-დან 18 წლამდე დავუშვებთ ბავშვის ყოლას, არ იქნება არსებული კანონის დარღვევა. ამიტომაც დღეს მიღებული კანონი ჰარმონიაშია სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხებთან. ახალი კანონი ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა პრობლემის აღმოფხვრის შესახებ. კონვენციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაბეჯითებითი რეკომენდაცია გაუწია საქართველოს, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ნაადრევი ქორწინების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რადგან სტატისტიკით ჩანს, რომ ძალიან ბევრი არასრულწლოვანი სკოლას არ ამთავრებს, ნაადრევად წყვეტს განათლებას. ძალიან დიდია განქორწინების რიცხვი იმ წყვილებს შორის, ვინც ნაადრევად გადაწყვიტა დაქორწინება. ასევე დემოგრაფიული თვალსაზრისით, 18 წლამდე შობადობა არის ძალიან მძიმე შედეგების მომცემი ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეგვეზღუდა ქორწინების რეგისტრაცია არასრულწლოვანი პირების შემთხვევაში.


- თქვენი განცხადებით, 16-დან 18 წლამდე ქორწინების უფლება, რომელიც არსებობდა, შეიზღუდება და იარსებებს გარკვეული წესები. კონკრეტულად რა შეიცვლება ამ მიმართულებით და რა წესები იმოქმედებს ადრეული ქორწინების წინააღმდეგ?

 

- 2017 წლის 1 იანვრამდე 17-და 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის ქორწინება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ისიც იმ შემთხვევაში, თუ გოგო ორსულადაა ან ბავშვია დაბადებული და მხარეებს სურთ, მაგრამ, თუ ბავშვი დაბადებულია და მხარე უარს ამბობს ქორწინებაზე, ამ შემთხვევაში სასამართლო, რა თქმა უნდა, უარყოფით გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს გამონაკლისები იქნება მხოლოდ ერთი წელი, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან  საერთოდ არ იქნება შესაძლებელი 18 წლამდე ქორწინება.


- როგორ ფიქრობთ, ეს კანონი ხომ არ გაზრდის არარეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვს?

 

- დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რადგან  სტატისტიკა არ წარმოებს.  გაზრდის თუ არა, ეს რომ დავთვალოთ, უნდა ვიცოდეთ, დღეს რა მდგომარეობაა.  პარლამენტი იცავს არასრულწლოვანთა უფლებებს და  მშობლებს არ აძლევს იმის უფლებას, რომ შვილების ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილება. სხვა ფაქტობრივი ურთიერთობები უკვე პარლამენტის რეგულირების სფერო არ არის. ის ვერ შეიჭრება ვინმეს პირადი ცხოვრების საკითხებში. ხელისუფლების  ჩარევის  ლეგიტიმური ზღვარი აქ მთავრდება.


- არასრულწლოვანთა უკანონო ქორწინების შემთხვევაში გატარდება თუ არა რაიმე სანქციები?

 

- სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ  იძულებითი ქორწინება დაფიქსირდა ან ადგილი აქვს სქესობრივ  კავშირს 16  წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან.


- რაიმე გეგმა, ინიციატივა თუ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ  სოფლებში მშობლებსა და ბავშვებს მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ რამდენად საზიანოა ადრეული ქორწინება ბავშვებისთვის?


- სკოლებში უნდა ისწავლებოდეს სამოქალაქო განათლების საგანი. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება იმ ფარგლებში, რაც მას შეუძლია. დანარჩენი არის საგანმანათლებლო დაწესებულების თემა. ბავშვებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ნაადრევი, თუნდაც ფაქტობრივი ქორწინება და არა რეგისტრირებული იურიდიული ქორწინება, როგორ შეიძლება ამან ხელი შეუშალოს ადამიანის თავისუფალ განვითარებას, როგორ შეიძლება მისი ინდივიდუალური განვითარება შეიზღუდოს და ა.შ. ეს ინფორმაცია უკვე საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა მიაწოდონ არასრულწლოვნებს.


- რატომ გახდა აუცილებელი ამ კანონის შემოღება, რა მდგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში, რა სტატისტიკას ფლობთ  და რატომ უჩნდებათ არასრულწლოვნებს ოჯახის შექმნის სურვილი?

 

- იძულებითი ქორწინების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ფატალურად დასრულდა. 15 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო იმის გამო, რომ მამა იძულებით ათხოვებდა. ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა გოგონები არიან იძულებით გათხოვების მსხვერპლნი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამის შეზღუდვა იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი.


- რა როლი აქვს სახელმწიფოს იმ დროს, როცა აკრძალვის მიუხედავად არასრულწლოვნები ამ რაოდენობით ქმნიან ოჯახებს... არის თუ არა რეგიონებში კულტურული და გასართობი ცენტრების გახსნის საჭიროება?.. რეალურად ბავშვებს სკოლის მერე წასასვლელი არ აქვთ... ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ ამდენი არასრულწლოვანი ოჯახს ქმნის?!

 

- ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. საჭიროა ხელისუფლების კომპლექსური მუშაობა. პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც მის კომპეტენციაში შედის, ხოლო დანარჩენი პრობლემების მოგვარებაში უნდა ჩაერთოს აღმასრულებელი ხელისუფლება, განათლების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობები. მათ უნდა შექმნან შესაძლებლობები იმისთვის, რომ არასრულწლოვანებს ჰქონდეთ ჯანსაღი და თავისუფალი განვითარების გარემო თბილისსა თუ რეგიონებში. რაიონებში ნამდვილად მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტულ საკითხებზე, ჩართავენ ახალგაზრდებს. უნდა მოხდეს მათი ჯანსაღი განვითარებისთვის ხელშეწყობა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016