reportiori.ge - ვლადიმერ გუცაევი 63 წლისაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:59
სპორტი
ვლადიმერ გუცაევი 63 წლისაა
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 18:50


1971 წლის სეზონის განმავლობაში თბილისის „დინამო" თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესის წინაშე აღმოჩნდა. გუნდიდან წავიდა სლავა მეტრეველი, მსოფლიო მნიშვნელობის მარჯვენა გარემარბი და მისი შეცვლა არ იყო სახუმარო საქმე. გაცილების ცერემონიაზე სლავამ მაისური გადასცა სრულიად ახალგაზრდა ყმაწვილს და თავის მემკვიდრედაც დაასახელა - ვლადიმერ გუცაევი. მას შემდეგ მრავალი წლის მანძილზე მან ღირსეულად დაიცვა ქართული ფეხბურთის ფლაგმანის ღირსება.


დიუსელდორფის საოცარი ფინალის ერთ-ერთ გმირს, უყვარს იმავე წლის სექტემბერში „სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე გამართული ოთხთა ტურნირის გახსენება, სადაც დინამოელთა გარდა, „რეალი", „ბაიერნი" და ჰოლანდიური „ალკმარი" მონაწილეობდნენ:


-„გადაჭედილი „სანტიაგო ბერნაბეულს" ტრიბუნების თვალწინ, თამაში თავიდანვე წაგვივიდა. ვალში არც მეტოქე დაგვრჩა და ლამაზი ორთაბრძოლა გამოვიდა. ანგარიშში ჩვენ დავწინაურდით. მატჩის იმ მონაკვეთში „რეალი" გვიტევდა. ბურთი ჩვენი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს, მარჯვენა ფლანგზე მივიღე. დრიბლინგით თითქმის მთელი მოედანი გადავსერე, გზად 5-6 მადრიდელი უკან ჩამოვიტოვე და „რეალის" მეკარე მიგელ ანხელთან პირისპირ აღმოვჩნდი. გოლკიპერის მოტყუებაც შევძელი, მაგრამ მან ფეხზე ხელი გამომდო და მსაჯმაც პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. თერთმეტმეტრიანის გოლად რეალიზება რამაზ შენგელიას არ გასჭირვებია და წინ გავედით. მეორე ტაიმის დასაწყისში არბიტრმა კიდევ ერთი პენალტი დანიშნა, ამჯერად მეტად საეჭვო და ჩვენ კარში. მადრიდელთა გერმანელმა ლეგიონერმა ული შტილიკემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ  მალე კვლავ დავწინაურდით. მეორე გოლიც ჩემს სოლო რეიდს მოჰყვა. მარჯვენა ფრთაზე „რეალის" მცველები დავჩაგრე, მეტოქის საჯარიმოში შევიჭერი და კარში დავარტყი. მიგელ ანხელმა ბურთი კი მოიგერია, მაგრამ რიკოშეტს პირველმა რამაზმა მიუსწრო - 2:1. ამის შემდეგ მოწინააღმდეგის, მსაჯისა და მაყურებლის მხრიდან ნამდვილ წნეხში აღმოვჩნდით. დათო ყიფიანს ანხელი პერსონალურად მეურვეობდა და მთელი მატჩის განმავლობაში უხეშობდა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი აშკარად ბინძურად „ითამაშა" და  ფეხი მოტეხა. „რეალმა" ოფსაიდიდან გაგვიტანა, შემდეგ ნუკრი კაკილაშვილიც დაამტვრიეს. ერთი სიტყვით, მასპინძლებმა ყველა არასპორტული საშუალებით მოახერხეს ჩვენი დამარცხება (4:2). საფინალო სასტვენის შემდეგ მაყურებელმა გასახდელისკენ ტაშით გაგვაცილა.


საღამოს სასტუმროში მადრიდელი ჟურნალისტები მოვიდნენ და ჩემთან და მითხრეს- თქვენნაირი შთამბეჭდავი თამაში „სანტიაგო ბერნაბეუზე" მხოლოდ ალფრედო დი სტეფანოს აქვს ნაჩვენებიო.


მესამე ადგილისთვის მატჩში „ბაიერნთან" მოგვიწია შებმა. ამ შეხვედრაში თავლნათლივ გამოჩნდა „დინამოს" ტექნიკური უპირატესობა. პირველი ბურთი პენალტით შევაგდეთ. თამაზ კოსტავამ აუტიდან მომაწოდა, ბურთი ქუსლით მცველებს თავზე გადავუგდე და საჯარიმოში შევიჭერი. გერმანელებმა მომცელეს და შენგელიას კვლავ არ გასჭირვებია პენალტის გატანა. მალე პაულ ბრაიტნერმა გაათანაბრა, თუმცა, საყაიმო ანგარიში ტაბლოს დიდხანს არ შერჩენია. კვლავ ჩემი გადაცემით რამაზმა მეორედ აიღო იუნგჰანსის კარი. აქ მიუნხენელებმა აშკარად დაინახეს, რომ შანსი არ ჰქონდათ და მსაჯთან პრეტენზიის გამოთქმა დაიწყეს. ერთ-ერთ ეპიზოდში გია თავაძისა და ბაიერნელის შეჯახების შემდეგ არბიტრმა ჯარიმა ჩვენ სასარგებლოდ დანიშნა, რამაც მიუნხენელთა აღშფოთება (ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლო) გამოიწვია და გუნდის კაპიტანმა ბრაიტნერმა თანაგუნდელები მინდვრიდან გაიყვანა. მადრიდელმა გულშემატკივარმა „ბაიერნი" თეთრი ცხირსახოცების ფრიალით გააცილა, რაც კაპიტულაციის ნიშანია. დაახლოებით 20 წუთი მინდვრიდან ფეხი არ მოგვიცვლია, შემდეგ კი გასახდელში გავედით და უკვე შხაპი გვქონდა გადავლებული, როდესაც ნოდარ ახალკაცთან „ბაიერნის" ოფიციალური წარმომადგენელი მივიდა და თამაშის განახლება სთხოვა, ცხადია, ჩვენი დამრიგებელი ამას არ დასთანხმდა.


შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. რამაზ შენგელიას ტურნირის საუკეთესო მეგოლის ჯილდო გადასცეს და ჩემ გვარსაც მოვკარი ყური. თარჯიმანმა მითხრა, ლოჟასთან უნდა მიხვიდე და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს გადმოგცემენო.


ცოტა ხანში სასტუმროში დავბრუნდით და „რეალის" პრეზიდენტი, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად გვეწვია. დელეგაციამ ახალკაცსა და გუნდის უფროს კახი ასათიანთან საუბარი ითხოვეს. მალე მეც მიხმეს. მთავარმა მწვრთნელმა მადრიდელთა პრეზიდენტს ჩემი თავი წარუდგინა და მითხრა, "რეალს" შენი ყიდვა სურს, გამზადებული კონტრაქტიც მოგვიტანეს, რომელშიც სატრანსფერო თანხის ოდენობა ჩვენი მოთხოვნით ჩაიწერებაო. იმხანად, უცხოეთში კარიერის გაგრძელება წარმოუდგენელი რამ გახლდათ და მეც „რეალის" პრეზიდენტს თავაზიანი უარი ვუთხარი - „დინამოში" კმაყოფილი ვარ და სხვაგან წასვლას არ ვაპირებ-მეთქი. ამის შემდეგ მადრიდელთა ხელმძღვანელობამ ახალკაცს მიმართა, გუცაევი ორწლიანი იჯარით ჩვენთან გამოუშვით, ხელფასზე პირადად მასთან მოვილაპარაკებთ, სანაცვლოდ კი „დინამოში" ხუანიტოსა და სანტილიანას გამოვუშვებთო. ცხადია, ეს შეთავაზებაც უარყოფილ იქნა".


21 დეკემბერს ვლადიმერ გუცაევს 63 წელი შეუსრულდა. ფეხბურთელობის შემდეგ იყო წარმატებული მწვრთნელი და რაოდენ სამწუხაროა, რომ მისი გამოცდილებისა და დონის სპეციალისტს სათანადოდ არ იყენებენ. „რეპორტიორი" ულოცავს გამოჩენილ ფეხბურთელს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და სპორტის საყვარელ სახეობაში დასაქმებას ქართველი ფეხბურთის საკეთილდღეოდ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016