ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მურუსიძეს გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებში ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, თუმცა, არ მოინდომა. ამის შესახებ ხაჭაპურიძე „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს სამუდამო მოსამართლედ არჩევას საზოგადოება არ შეეგუება.
„როდესაც მურუსიძის მოსმენა ხდებოდა, იუსტიციის საბჭოს არცერთ წევრს კითხვაც კი არ დაუსვამს მურუსიძისთვის, თუ რატომ ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეში არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ავიღოთ მაშინდელი სისხლის სამართლის პროცესი, რომელიც უამრავ მექანიზმს შეიცავდა. მას შეეძლო კერძო დადგენილების გამოტანა და საქმის უკან დაბრუნება, თანაც არაერთხელ. მურუსიძის მოსამართლედ არჩევა აბსოლუტურად მიუღებელი საკითხია ჩვენთვის და ამაზე საკმაოდ მწვავე რეაქცია გვექნება.
სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოლაშვილის საქმე თავიდან გამოსაძიებელია. ასევე გირგვლიანის საქმეზე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ გავიდა სამი წელიწადი. რა გახდა ამ საქმეების გამოძიება?! ეს საქმეები რომ გამოეძიებიათ, დღეს მურუსიძეები უკვე გასამართლებულები იქნებოდნენ. საერთოდ, რა გახდა ეს მურუსიძის პრობლემა?!" - განაცხადა ხაჭაპურიძემ.