reportiori.ge - 10 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნდებათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:17
სამართალი
10 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნდებათ
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 14:13



საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 10 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახემწიფო ბალანსზე რიცხული 13 ა/მანქანა დაუბრუნდებათ.


ჩატარებული გამოძიების შედეგად გახსნილია 2012 წლამდე მომხდარი მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 6 ფაქტი და მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი.


„კერძოდ, ჩვენს მიერ მხილებულ იქნა შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ჯონი ოთარაშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც ხსენებული უწყება სისტემატურად ახდენდა მოქალაქეთათვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას.

 

2008 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, შსს გენერალურ ინსპექციას დაკავებული ჰყავდა ბრალდებულები: ზურაბ დოლაკიძე, გიორგი საყვარელიძე, ალექსანდრე ქარდავა და გოშქარ ჩაილიევი. შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ჯონი ოთარაშვილმა თავისთან დაიბარა ბრალდებულის ოჯახის წევრები: ნინო ლილუაშვილი, ნუნუ ორდენიძე, ზურაბ ქარდავა, შაფაკ პოპოვი და ,,საქმის მოგვარების" სანაცვლოდ, პოლიციისათვის ძვირადღირებული ა/მანქანების შეძენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა.

 

ამასთან, მოქალაქეთა მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ა/მანქანების ჩუქების ფაქტის შენიღბვის მიზნით, გენერალური ინსპექციის მიერ მოფიქრებულ იქნა დანაშაულებრივი სქემა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ოჯახის წევრები დაიბარეს „ტოიოტა ცენტრში", სადაც ჯონი ოთარაშვილის ნდობით აღჭურვილი პირის - ვინმე ალექსანდრე ობოლაძის სახელით მოქალაქეებს შეასყიდინეს 315 000 ლარის ღირებულების 9 ერთეული „ტოიოტა ჰაილუქსი" და 30 000 დოლარის ღირებულების „ტოიოტა კამრი", რომლებიც შემდგომში ალექსანდრე ობოლაძემ თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან და მათ დაეკისრათ პირობითი მსჯავრი და ჯარიმა.

 

აღსანიშნავია, რომ ჯონი ოთარაშვილმა სრულად აღიარა მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევის ყველა ფაქტი და განაცხადა, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრებისგან ძვირადღირებული ა/მანქანების მოთხოვნა და მათი სახელმწიფოზე იძულებით ჩუქება იყო შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის პირდაპირი დავალება, რაც მათ წარმატებით შეასრულეს.

 

ასევე, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ყოფილი უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე, რომელმაც 2010 წლის ნოემბერში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ბრალდებულ გიორგი შავდიას ოჯახის წევრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, იძულებით შეასყიდინა 9900 დოლარად ღირებული „ტოიოტა კოროლას" მარკის ავტომანქანა, რომელიც დაზარალებულმა მოქალაქემ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჩუქა, რის შემდეგაც გიორგი შავდიამ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

 

დანაშაულში მხილებულ მესამე საჯარო მოხელეს კი წარმოადგენს შსს კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ქოქიაშვილი, რომლის უკანონო დავალების და მოთხოვნის შედეგად, 2010 წლის ნოემბერში, მოქალაქე დავით პაპოშვილმა, მისი ახლობლებისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 50 000 დოლარად შეიძინა 2 ერთეული „ტოიოტა კამრი" და აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რითაც კახეთის სამხარეო პოლიცია სარგებლობდა.

 

გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ მხილებული სამივე საჯარო მოხელის მიმართ, გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

 

ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ექვსივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 10 დაზარალებულის დარღვეული უფლება, რომელთაც პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩამორთმეული და დათმობილი  13 ა/მანქანა (9 ერთეული „ტოიოტა ჰაილუქსი", 3 ერთეული „ტოიოტა კამრი" და 1 „ტოიოტა კოროლა")", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016