reportiori.ge - როგორი იყო 2015 და რას უნდა ველოდოთ 2016 წელს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:32
პრეს-დაიჯესტი
როგორი იყო 2015 და რას უნდა ველოდოთ 2016 წელს?
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 16:36



ისინი „საქართველო და მსოფლიოს" მკითხველებს ხშირად უზიარებდნენ თავიანთ კომპეტენტურ აზრს ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე. გაზეთის დღევანდელ ნომერში დასრულების პირზე მიმდგარ 2015 წელს შეგვიფასებენ და ორიოდ სიტყვას ჩვენს გაზეთზეც იტყვიან გამოჩენილი ადამიანები.


„ვისაც ყურნი აქვს სასმენად, ისმინოს" - (მარკ. 4,9).



ანზორ მაისურაძე, უშიშროების გენერალ-მაიორი:


- ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც მკვეთრად შეცვალა მოვლენების განვითარება მსოფლიოში, ხაზგასმით ვამბობ, რუსეთის მიერ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული საავიაციო და სარაკეტო დარტყმებია.


ამ მოვლენას განსაკუთრებით იმიტომ გამოვყოფ, რომ მან საერთოდ შეცვალა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების დამოკიდებულება და, რაც მთავარია, პრაქტიკული ქმედება ტერორიზმის ამ ბუდის წინააღმდეგ, რომელიც ცივილიზაციას განადგურებით ემუქრება. ის, რაც ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელი იყო, კერძოდ, რუსეთისა და აშშ-ის პოზიციების დაახლოება „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში, დღეს რეალობად იქცა. თქვენი მკითხველები უთუოდ მიაქცევდნენ ყურადღებას, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ეს-ესაა მიიღო რუსეთისა და შეერთებული შტატების მიერ ერთობლივად შემუშავებული რეზოლუცია „ისლამური სახელმწიფოსთვის" ფინანსური დახმარების წინააღმდეგ - ეს ერთი. და მეორე - 18 დეკემბერს - რეზოლუცია სირიის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის თაობაზე.


აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი: როცა „ისლამურ სახელმწიფოს" ბომბავ, გინდა-არ გინდა, მუსლიმურ სამყაროს შენ წინააღმდეგ განაწყობ, რაც პირდაპირ ან ფარულად ვლინდება. რვა წლის განმავლობაში ვმუშაობდი იმ რეალობაში და ვიცი მათი სოლიდარული დამოკიდებულება ერთმანეთის თუ, საერთოდ, მაჰმადიანური ქვეყნების მიმართ. ისინი „თავიანთი მუსლიმიძმების" წინააღმდეგ ძალადობრივი ზემოქმედების - დაბომბვის, დახოცვის - წინააღმდეგნი არიან, მიუხედავად იმისა, მხარსუჭერენ თუ მიუღებლად მიიჩნევენ ისლამურ რადიკალიზმსა და ტერორიზმს.


თავისთავად ის, რომ რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს" ბომბავს, დადებითი მოვლენა და ყოველმხრივ გამართლებული ქმედებაა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მოვეშვათ, მოვდუნდეთ. ამას ახლახან განხორციელებული ტერორისტული აქტები მოწმობს (რუსული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქება, ტერაქტები პარიზში, აღკვეთილი ტერაქტები ევროპაში, აშშ-ში ტერორისტი ცოლ-ქმრის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა და ა.შ.).


ეს ნიშნავს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ფრონტი აუცილებლად უნდა გაიშალოს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ბრძოლა ხანმოკლე არ იქნება. ხომ ფაქტია, რომ, ინტენსიური დაბომბვების მიუხედავად, „ისლამურ სახელმწიფოში" ტერორისტების რაოდენობა არ მცირდება: მათი რიგები ივსება როგორც მაჰმადიანური ქვეყნებიდან, მათ შორის, ყოფილისაბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, ასევე საფრანგეთიდან, ბელგიიდან, შოტლანდიიდან და ნიდერლანდის სამეფოდან. თუმცა ისიც უეჭველია, რომ ეს ძალისმიერი დაპირისპირება, ბოლოს და ბოლოს, მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით შეიცვლება. იმედი ვიქონიოთ, რომ იგი წარმატებული იქნება.


სხვათა შორის, ამაზე ვლადიმირ პუტინმაც ილაპარაკა 17 დეკემბრის დიდ პრესკონფერენციაზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა...


ერთსაც ვიტყვი: 20 დეკემბერს რუსეთის ტელეარხ РТР-ზე დემონსტრირებულ დოკუმენტურ ფილმ-დიალოგში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ითანამშრომლოს ევროპულ სტრუქტურებთან. ბევრის მანიშნებელი ფაქტია!


ახლა - „საქართველო და მსოფლიოს" შესახებ. მე ვამბობ, და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, არამედ ბევრი ადამიანის, ვისთანაც ვურთიერთობ, რომ „საქართველო და მსოფლიო" ერთ-ერთი თვალსაჩინო გაზეთია შინაარსობრივად, პრობლემების მრავალმხრივი გაშუქებისა და მაქსიმალურად ობიექტური პოზიციით.


გისურვებთ, გაისადაც ამ გზით გევლოთ, წარმატებით და შეუცდომლად!





გიორგი შენგელაია, კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი:


- ხალხის ცხოვრების დაცემა, ეს ეკონომიკური პრობლემები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო გადანაწილებამ გამოიწვია. ჩვენ აღმოვჩნდით დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც გიორგი XII მეფობის ხანაში ვიყავით, როცა საქართველოს მეფე შუა ბაზარში ჩადიოდა და სომხებისგან ფულს სესხულობდა.


ჩვენი უბედურება არის ის, რომ დღეს სახელმწიფო ფასობს იმით, აქვს თუ არა გაზი და ნავთობი. ჩვენ არც ერთი არ გვაქვს, რადგან სოფლის მეურნეობის ქვეყანა ვართ. გვქონდა დიდი ბაზარი - რუსეთი და დავკარგეთ.


იმედი მაქვს, რომ, ბოლოს და ბოლოს, დამთავრდება დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის, კონფლიქტები სირიაში და სხვაგან, და ჩვენ მაინც რუსეთზე გავალთ, რადგან იმ ჩაკეტილ სისტემაში, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქვეყნების არსებობის პირობებში, ჩვენზე მორგებული ფუნქცია გვქონდა დაკისრებული და ამით ვარსებობდით. არა მგონია, რომ მაინცდამაინც დღევანდელ პირობებში მოხდება ასე, მაგრამ გაივლის დრო, შეიცვლებიან ხელმძღვანელები, შეიცვლება სიტუაციაც და ყველაფერი მოგვარდება. ჩემი და შენი თაობა ამას შეიძლება ვერ მოესწროს, მაგრამ ასე მოხდება უეჭველად.


საყოველთაოდ ცნობილია, რომ კაცობრიობა გადარჩა და განვითარდა იმიტომ, რომ ოჯახში იყო კანონი, პატივისცემა, სიყვარული.


ასეა ახლა?!


ჩვენს ნაკლოვანებებს მივხედოთ და ქრისტეს მცნებანი გავიხსენოთ, სახარებაში ჩავიხედოთ ხშირად: „გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი შენი". და არა - სააკაშვილი და მისი ხალხი და ეს, უცხოეთიდან გადმოღებული კოაბიტაცია. ეგ ხალხი - ნაციონალები - არ ვარგა. აი, ხომ ნახეთ, გუშინ თუ გუშინწინ უკრაინაში როგორც იქცეოდა ეგ კაცი - სააკაშვილი?!


ნაცებმა არჩევნებში შეიძლება ხმების რაღაც ნაწილი მიიღონ, რადგან ჰყავთ თავიანთი კაცები, რომლებიც იმ დროს ფულს აკეთებდნენ და ახლა ვერ აკეთებენ, მაგრამ მაგათი დრო წასულია.


საზოგადოდ, ეს წელიწადი მძიმე იყო. მომავალიც იოლი არ ჩანს. ევროკავშირში ჩვენი შესვლა ხანგრძლივი პროცესია, უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელსაც გვიყენებენ, რაც ორ-სამ დღეში, რა თქმა უნდა, ვერ შესრულდება. ჯერ კიდევ კონფუცი ამბობდა, ყველაზე ცუდი სახელმწიფო არის ღარიბი სახელმწიფოო...


ჩვენთან ყველანი ადგილებისთვის იბრძვიან, ეს ხომ ჩანს. ამ მთავრობის მიკვირს: რამდენჯერ ვთქვი და დავწერე გაზეთში - გააუქმეთ ეს პრემიები, კაცო, აჩვენეთ, რომ მართლა ხალხის მთავრობა ხართ, მაგრამ ერთი გრაფიდან მეორეში გადააქვთ და ყველაფერი უცვლელად რჩება.


ღარიბაშვილმა უნდა დაარტყას მუშტი და თქვას: არავითარი პრემიები და არავითარი დანამატები!




ნაპოლეონ ქარქაშაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი:


- უწინარეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ თქვენმა გაზეთმა სერიოზული სეგმენტი დაიკავა ქართულ მედიასივრცეში, გახდა პოპულარული. რაც მთავარია, თქვენ იწვევთ ისეთ მოღვაწეებს გაზეთთან სათანამშრომლოდ, რომლებსაც აქვთ დიდი ავტორიტეტი ჩვენს საზოგადოებაში. იმ წრეში, რომელშიც მე ვტრიალებ, ამ გამოცემას კითხულობს ყველა.


მომწონს ზომიერი კრიტიკა, ხოლო როცა საჭიროა, არც მძაფრ კრიტიკას ერიდებით, მიუხედავად ადრესატის თანამდებობისა.


ეს, რაც შეეხება გაზეთს.


ახლა - იმ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.


გულწრფელად გეტყვით, რომ არა მხოლოდ მე, არამედ, როგორც ვიცი, საზოგადოებაც უკეთესს ელოდა. მხოლოდ ის, რომ არავისი და არაფრის შიში აღარ გვაქვს და ქუჩაში არავინ გვაპატიმრებს, მაინცდამაინც დიდი მონაპოვარი არ არის. ყოფილმა ხელისუფლებამ დაარღვია ის, რასაც ჩვეულებრივი, სამოქალაქო ურთიერთობა ითვალისწინებს და ახალმა აღადგინა ის, რაც უნდა ყოფილიყო ყოველთვის. ე.ი. ეს დიდი წინსვლა და განვითარება კი არ არის, არამედ წონასწორობისა და სიმშვიდის დაბრუნებაა.


მოგეხსენებათ, ეკონომიკა განსაზღვრავს ქვეყნის მდგომარეობას სახელმწიფოს საზღვრებს შიგნითაც და საერთაშორისო ასპარეზზეც. თუ ხელისუფლებას თავისი ხალხი დაკმაყოფილებული ჰყავს ძირითადი საკვები პროდუქტებით, ახორციელებს უსაფრთხო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას, მაშინ ამ ქვეყანას და ამ ხალხს თავში იოლად ვერავინ წამოარტყამს.


ფინიასავით სხვებს იმიტომ ვართ მიჩერებული, დახმარება რომარ შეგვიწყვიტონ, ჩვენი თუ არ გავაკეთეთ, პირში ჩალაგამოვლებულები დავრჩებით. ჩვენმა ხელისუფლებამ იმდენი კი იცის, რომ უშნოდ არ აუხირდეს დიდ იმპერიებს, ცარიელზე დარჩენის შიშით.


ჩვენი რომ გაგვეკეთებინა, ამისათვის უნდა გვქონოდა კონცეფცია - ვინ ვართ, სად არის ჩვენი ადგილი დღევანდელ მსოფლიოში, ანუ გვეპოვა ჩვენი ნიშა - პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც.


იმაზე მეტი არ უნდა ვთქვათ, რისი თქმის უფლებაც გვაქვს. თუ ზედმეტს ვიტყვით, უწინარესად, ჩვენვე დავზარალდებით, ქვეყნის იმიჯს ვგულისხმობ. დიდი პოლიტიკა კატათაგვობანას თამაში არ არის, შეიძლება ისე დაგარტყან თათი, რომ შენგან არაფერი დარჩეს.


არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ორი ურთიერთდაპირისპირებული იმპერიის შუაში ვართ, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი ათასჯერ აღემატება შენსას, ამიტომ, ძალიანაც რომ მოინდომო, ამ სივრციდან ვერ გახვალ.


ნიუტონის მიზიდულობის კანონი ეკონომიკურ ურთიერთობებშიც მოქმედებს. შენი მეზობლის - რუსეთის ეკონომიკის მიზიდულობის გავლენიდან გასვლა გამორიცხულია. ეს არ ნიშნავს, დავუჩოქოთ რუსეთს, არამე დუნდა ვაჩვენოთ ჩვენი წონა და მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. საქართველო სჭირდება რუსეთსაც და აშშ-საც მდა ამიტომ უნდა შეგვეძლოს მათთან „ვაჭრობა" ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.


ერთი უცხოელი მეცნიერი მეწვია ახლახან და, როცა ვსაუბრობდით, მითხრა: რა დაბალი განათლება უნდა გქონდეთ, რომ თქვენი გეოგრაფიული მდგომარეობა არ გამოიყენოთო. თქვენ შეგიძლიათ საერთოდ არ იმუშაოთ ფიზიკურად და იცხოვროთ ღმერთებივითო. მართალი იყო ის კაცი...


მოდი, დავაფასოთ ადამიანები იმით, ვის რისი გაკეთება შეუძლია. ამას ჩვენს ხელისუფალთ ვეუბნები, რომელთაც სრულად იგნორირებული ჰყავთ დიდი გამოცდილების მქონე, დიდი პროფესიონალების უფროსი თაობა. მათგან არც ერთი თანამდებობას არ ითხოვს, მხოლოდ დაიყენეთ გვერდით, რჩევა ჰკითხეთ, თქვენთვისა და ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო. ან, რასაც ისინი წერენ, ის მაინც წაიკითხეთ, ბატონებო!..


მინდა, რომ 2016 წელი უკეთესი იყოს!




ზარბეგ ბერიაშვილი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, მსოფლიოს, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ოლიმპიადის პრიზიორი:


- 2015 წელი საქართველოს სპორტსმენების გამარჯვების წელიწადი იყო. უწინარეს ყოვლისა, ეს ქართველ მოჭიდავეებზე ითქმის. თვალს ვერ დავხუჭავთ ჩავარდნებზეც, რომელთა გამოსწორებაზე სპორტის მესვეურებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ 2016-ში. ამის პოტენციალი საქართველოში არსებობს. ნაკლოვანებებზე საუბარი წინასაახალწლო დღეებში არ მსურს. მთავარია, იმათ არ დაივიწყონ, ვისაც ქართული სპორტის ესა თუ ის დარგი აბარია.


მიმდინარე წლის ბოლო დღეები განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის: 18 დეკემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის საფუძველზე ევროპაში ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა პრაქტიკულ რელსებზე დადგა. ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი და პრაქტიკული საქმეა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მოღვაწეობის შედეგია.


ვისურვებდი, ასეთივე შედეგები მოეპოვებინოს ქვეყანაში უფრო მეტი დემოკრატიის დასამყარებლად, ადამიანის უფლებების უფრო მეტად დასაცავად, ჩვენი ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად.


ამასთანავე, დარწმუნებული ვარ, რომ უვიზო მიმოსვლაზე არც რუსეთთან უნდა ვთქვათ უარი. ამაზე ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ მიგვანიშნა ამ დღეებში გამართულ პრესკონფერენციაზე. ეს, ჩემი აზრით, აუცილებელია ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებისთვის, პერსპექტივაში კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მიხარია, რომ ამ კონცეფციის მხარდასაჭერად გაზეთმა „საქართველო და მსოფლიომ", რომელთანაც წლების განმავლობაში თანამშრომლობა ჩემთვის დიდი პატივია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.


კვლავაც წარმატებებს გისურვებთ, ჩემო მეგობრებო!




თემო გოცაძე, საქართველოს სახალხო მხატვარი:


- თუ პირად ჭრილში განვიხილავ 2015 წელს, შემიძლია ვთქვა, რომ, რასაც ველოდი, შესრულდა: ვემზადებოდი პერსონალური გამოფენისთვის, რომელიც დაიგეგმა, მოვასწარი ნამუშევრების შექმნა, დაიბეჭდა კატალოგი.


ეს - პირად ჭრილში, ჩემი შემოქმედების კუთხით.


ახლა - საზოგადო მნიშვნელობის საქმეზეც ვიტყვი. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, აკადემიასთან აღმდგარიყო აბიტურიენტების მოსამზადებელი ფორმატი, რომელშიც ჩართული ვიყავი დარომელიც ყოფილმა რექტორმა ბუღაძემ გააუქმა.


ამ ფორმატის აღდგენას ჯერჯერობით პირი არ უჩანს.


ქვეყნის მასშტაბით თუ შემეკითხებით, გიპასუხებთ, რომ ძალიან გულნაკლული ვარ: ფაქტობრივად, არ მოხდა დამნაშავე რეჟიმის მსახურების ნორმალური კონტინგენტით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, მთელ ქვეყანაში არის საბოტაჟი, თითქმის ყველა სამინისტროსა და უწყებაში ასეა. საშუალო ფენაში და უფრო ქვევით მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ძველ რეჟიმს და ახლაც მას ერთგულებენ.


პიროვნულად არავის ვეხები... მე სხვა რამ მაწუხებს - ქვეყნისთვის სამსახურს გარეთ არიან დარჩენილი იდეებით გატენილი, საოცრად ენერგიული ადამიანები, რომლებმაც იციან საქმე და ქვეყანას წაადგებოდნენ, ვინმეს მათ გამოყენებაზე რომ ეფიქრა.


ამ ყბადაღებულმა კოაბიტაციამ და რაღაც ცირკულარების ერთგულებამ მოიტანა ის შედეგი, რომ მთელი რიგი პრობლემებისა ვერა და ვერ დავძლიეთ. თქვენმა გაზეთმა ამ საქმეში თავისი ფხიანი სიტყვა უნდა თქვას, რადგან ყოველთვის ობიექტურობას ერთგულებდა, რაც ასე სჭირდებოდა და სჭირდება ჩვენს საზოგადოებრიობას. გაზეთი გამოირჩევა იმით, რომ აქვს თავისი პოზიცია, რომელიც გარკვეულწილად აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს, რაც ძალიან კარგია.




გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის საპატიო მოქალაქე:


- ამ წელიწადს ჩვენს სფეროში გადაიდგა მთავარი ნაბიჯი - სახელმწიფომ აუცილებლობად ჩათვალა თბილისის გენერალური გეგმის შედგენა. გარკვეული ღონისძიებები უკვე განხორციელდა და პირველ ანგარიშს დეკემბრის ბოლოს მოვისმენთ.


ეს მიმაჩნია უმნიშვნელოვანესად, რადგან არაერთი წელიწადია, ყველა ჩემს გამოსვლასა თუ პუბლიკაციაში მოვითხოვდი დედაქალაქისთვის გენგეგმის შედგენას, რადგან გენგეგმა არისქალაქის კონსტიტუცია და ქვეყნის თუ ქალაქის ხელმძღვანელობა ვალდებულია, დაიცვას იგი.


პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ახლა მთავარია, ეს გეგმა იყოს მაღალი დონის, ისეთი, როგორიც ეკადრება საქართველოს დედაქალაქს და ესადაგება ჩვენ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პერსპექტივას. მოგეხსენებათ, რომ ასეთი გეგმა დღეს განსახორციელებელი კი არ არის, არამედ პესპექტივისთვისაა გათვლილი და სამომავლო პროგნოზებზეა დაფუძნებული.


ეს ერთი.


მეორე. დიდ ნაკლად მიმაჩნია, რომ ის უმსგავსობა, როგორიც რიყეზე დაყრილი „გულივერის ბოტები" და „ოლვეის ულტრა" ხიდია, ხელუხლებელია. ვერა და ვერ გადაიტანეს შესაფერის ადგილზე.


- ველოსიპედი?


- არა! (ხმას უწევს) ველოსიპედისთვის ხელის ხლება არ შეიძლება! პირიქით, მე ვითხოვ, რომ ველოსიპედი, როგორც ძეგლი იმ სისულელის, იმ სიგიჟის, რომელმაც უკან დახია ჩვენი ეროვნული ღირებულებანი, უნდა დარჩეს.


ამაზე თქვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუშიც მაქვს ნათქვამი. რადგან სიტყვამ მოიტანა, ბარემ ვიტყვი, რომ „საქართველო და მსოფლიო" კარგი გაზეთია. ამას ხაზგასმით ვამბობ, რადგან, ასე რომ არ იყოს, არც ეს ინტერვიუ შედგებოდა და ვერც ის საქმიანი, შემოქმედებითი ურთიერთობა დამყარდებოდა ჩვენ შორის, რომლის შედეგიცაა თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული ჩვენი ერთობლივი არაერთი მასალა.


მიმაჩნია, რომ ის ხედვა, განწყობა, ის დამოკიდებულება, რომელიც რედაქციას აქვს მიმდინარე პროცესების მიმართ, უნდა შეინარჩუნოთ 2016 წელსაც, რომლის დადგომასაც, შობა-ახალ წელს გულწრფელად გილოცავთ!




ესაუბრა არმაზ სანებლიძე

 

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016